ჩემს დაკავებას პანკისის ხეობაში არეულობა მოჰყვებოდა - მალხაზ მაჩალიკაშვილი

10:47 04-23-2019
90

მალხაზ მაჩალიკაშვილი ადასტურებს, რომ ის სამართალდამცველებმა დააკავეს. მისი ინფორმაციით, 21 აპრილს ის ხეობაში დაპირისპირების განსამუხტად მიდიოდა, თუმცა პოლიციამ დააკავა  და რამდენიმე საათი მანქანაში ჰყავდათ.

„გომბორის გზაზე დამაკავეს. ჩემი  მანქანა  გააჩერეს და მიბრძანეს გადმოვსულიყავი. ჩამსვეს მანქანაში, თუმცა არ განუმარტავთ, რატომ მაკავებდნენ. მითხრეს, რომ გურჯაანში უნდა გადავეყვანე. გურჯაანის შესასვლელთან მათ რამდენჯერმე დაურეკეს და თელავში წამიყვანეს. რამდენიმე საათი მანქანაში ვიყავი და შემდეგ გამომიშვეს. ჟურნალისტებს ვეუბნებოდი, რომ დაკავებული არ ვიყავი, რადგან ვიცოდი ჩემს დაკავებას პანკისის ხეობაში არეულობა მოჰყვებოდა“, - განუცხადა „პრაიმტაიმს“ მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

21 აპრილს პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის დაწყებამ ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია, რასაც სამართალდამცველებთან ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.