შსს ტრეფიკინგის ვერსიას ადასტურებს - უკრაინელი ქალი 10 ბავშთან ერთად აფხაზეთში გადასვლას აპირებდა

15:48 04-20-2019
1671

უკრაინელი ქალი, რომელიც ზუგდიდში ქირით ცხოვრობდა ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას გეგმავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ტრეფიკინგის ვერსიას ადასტურებს.

უწყებამ „პრაიმტაიმს შემდეგი ინფორმაცია მიაწოდა :

„შინაგან საქმეთა სამინისტროში შევიდა ინფორმაცია, რომ 2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც თან ახლდა 10 მცირეწლოვანი ბავშვი. სამინისტროს ხელთარსებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი ამ ქალბატონის შვილია. აღნიშნული ქალბატონი აპირებდა საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.

10 მცირეწლოვანი ბავშვიდან 4 დაბადებულია 2017 წელს. ვინაიდან აღნიშნულმა ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი), რის ფარგლებშიც ტარდება აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ხომ არ აქვს ადგილი ადამიანებით ვაჭრობის ფაქტს. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან. 

ტრეფიკინგის ვერსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი გასულ ღამეს ინტოქსიკაციით ბავშვებთან ერთად ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოხვდა. პეტერბურგის ქუჩაზე სასწრაფო მეზობლებმა გამოიძახეს. ადგილზე ყვებიან, რომ სასწრაფოში დარეკვა ხმაურის და ბავშვების ტირილის გაგების გამო გადაწყვიტეს. 

ავტორი : თეა შონია