მინისტრის გათავისუფლების ბრძანება შეცდომით?! - როგორ მოხვდა მედიაში სამუშაო დოკუმენტი

16:03 04-19-2019
2633

რატომ დაიწერა შეცდომით და რა გზით მოხვდა მედიაში გიორგი ქობულიას გათავისუფლების ბრძანება - ამ საკითხზე განმარტება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გააკეთა.

მისი თქმით, თავდაპირველად არსებობდა სამუშაო ვერსია, რომელშიც მინისტრის გათავისუფლების ბრძანება მთავრობის სტრუქტურისა და უფლებამოსილების წესის მიხედვით იყო შედგენილი და მითითებული იყო შესაბამისი მუხლი კანონიდან.

შემდგომ ეს ხარვეზი გასწორდა და ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ბრძანება, სადაც მინისტრის გათავისუფლების ბრძანების საფუძვლად შესაბამისი მუხლი აქართველოს კონსტიტუციიდან არის დატანილი.

„რაც შეეხება საკითხს, როგორ მოხვდა ერთ-ერთი მედიასაშუალების ხელში დოკუმენტის სამუშაო ვერსია, ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ“,- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია გუშინ გადადგა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კახა კახიშვილმა განაცხადა, მის ადგილზე ნათია თურნავას დანიშვნა, მათთან და უმრავლესობასათან კონსულტაციის  შედეგად გადაწყდა. 

ავტორი: ბექა პატურაშვილი