გიორგი ქობულიამ ცოტა ხნის წინ მთავრობის კანცელარიის შენობა დატოვა

15:56 04-19-2019
107

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ეკონომიკის გადამდეგარმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ ცოტა ხნის წინ მთავრობის კანცელარია დატოვა. ის სავარაუდოდ, მამუკა ბახტაძეს ცოტა ხნით შეხვდა.

მანამდე კი პრემიერმინისტრმა განაცხადა ჟურნალისტებთან, რომ ის ქობულიას მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შეხვდებოდა.

მთავრობის მეთაურმა გიორგი ქობულიას გათავისუფლების შესახებ პირველი სატელევიზიო კომენტარი მინისტრთა კაბინეტის დაწყებამდე გააკეთა და მედიას ახალი მინისტრი ნათია თურნავა წარუდგინა. ყველასთვის მოულოდნელად, ამ დროს პრემიერის გვერდით ეკონომიკის მხოლოდ ახალი მინისტრი იდგა. უკვე ძველი მინისტრი კი მთავრობის კანცელარიაში პრემიერის გვერდით დღეს აღარ გამოჩენილა. ეს ფაქტი მოულოდნელი აღმოჩნდა სამთავრობო ცვლილებების პრეზენტაციის არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე.

კითხვაზე: სად არის ყოფილი მინისტრი და ხომ არ ნიშნავს მისი არყოფნა ქობულიასა და ბახტაძეს შორის დაპირისპირებას? 

ამ კითხვაზე საპასუხოდ პრემიერმა თქვა, რომ მათ შორის დაპირისპირებას ადგილი არ აქვს.

პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ მე გოგასთან გუშინაც მქონდა შეხვედრა და დღესაც, მთავრობის სხდომის შემდეგ კიდევ ერთი შეხვედრა მექნება. გარწმუნებთ, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არის. ბუნებრივია, გოგა ქობულიამ გითხრათ ის, რაც უნდა ეთქვა, გადაწყვეტილება უნდა მიმეღო მე და მე ეს გადაწყვეტილება მივიღე მასთან საუბრის შედეგად. ისევე, როგორც გადაწყვეტილება მივიღე ნათია თურნავასთან საუბრის შედეგად. გარწმუნებთ, რომ არაფერი გასაკვირი აქ არ არის. აქვე მინდა განვმარტო, რომ თვითონ გოგა ქობულიას განვლილი გზა, მისი კარიერული გზა არის ნათელი პასუხი იმისა, თუ რა კომპეტენციის მატარებელია ეს ადამიანი. მინდა შეგახსენოთ, ის გახლდათ „მაკინზის“ უფროსი პარტნიორი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მას ჰქონდა მნიშვნელოვანი ცოდნა, რომ მან ეს მნიშვნელოვანი ცოდნა გამოიყენა იმ განვითარების გეგმების მოსამზადებლად, სხვადასხვა ეკონომიკური სექტორის მიმართულებით, რომელიც ერთად თავს იყრის ეკონომიკის სამინისტროში. უფრო მეტიც, ის როგორც დღეს, ასევე მომავალშიც ძალიან გამოადგება ქვეყანას“, - განაცხადა ბახტაძემ.