ეკოლოგების საგანგაშო ინფორმაცია - შავი და თეთრი არაგვის ნაცვლად ორი თეთრი არაგვი იქნება

15:51 04-19-2019
3060

დაცული ლანდშაფტების ტერიტორიაზე ენერგო ობიექტების მშენებლობა შავი არაგვის წყლის გაფილტვრას გამოიწვევს და შედეგად შავი და თეთრი არაგვის ნაცვლად  ორი თეთრი არაგვი იქნება. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ბიომრავალფეროვნების კოორდინატორმა, ირაკლი მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დაცულ ლანდშაფტში ასეთი პროექტების განხორციელება მთლიანად ეწინააღმდეგება დაცული ლანდშაფტის იდეას.

„ეს კანონპროექტი თავის თავსაც კი ეწინააღმდეგება, ვინაიდან კანონპროექტის მიზნებში სწორედ ეს არის აღნიშნული, რომ კანონპროექტი მოწოდებულია იმისთვის, რომ დაიცვას ბუნებრივი ლანდშაფტი, ადამიანის მიერ შექმნილი კოშკები, თუ სხვა ნაგებობები. შეუძლებელია, ეს არსებობდეს ერთად  – დაცული ლანდშაფტი და მასშტაბური ენერგეტიკული პროექტები, თუნდაც არამასშტაბური, მაგრამ ისე, როგორც შენდება“,- აცხადებს ირაკლი მაჭარაშვილი. 

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ - მწვანე ალტერნატივამ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და EMC-მ   კანონპროექტის შესახებ პარლამენტს განცხადებით უკვე მიმართა, თუმცა, მისი განხილვა 4-ჯერ გადაიდო. 

ცნობისთვის,  პარლამენტი  მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, რომლის მიხედვითაც, დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგო ობიექტების მშენებლობა დასაშვები ხდება.  პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ახალი დაცული ტერიტორიების – არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტების შექმნა.

ავტორი: თეონა ყაჭიური