ნაგავსაყრელად ქცეული „სოლოლაკის სპორტის სასახლე“ - რა მოთხოვნებს უყენებს ლევან იოსელიანი მერიას

15:20 04-19-2019
599

„სოლოლაკის სპორტის სასახლე“ 43-ე საჯარო სკოლას ემიჯნება და როგორც ადგილობრივები აცხადებენ ეზოში სკოლის მოსწავლეები ვერ გადიან, რადგან ნაგებობა სიცოცხლისთვის სახიფათოა.

დღეს, მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან იოსელიანმა, შტაბის ხელმძღვანელთან ალექსანდრე ელისაშვილთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სოლოლაკში, ლ. ასათიანის #50-ში მდებარე, ყოფილი სპორტდარბაზის შენობა მოინახულა, რომელიც მერიის ბალანსზეა და ინგრევა. იოსელიანი მოითხოვს, რომ ქალაქის მერიამ უზრუნველყოს შენობის როგორც უსაფრთხოება, ისე რეაბილიტაცია და სოლოლაკელებს დაუბრუნდეს ე.წ. სოლოლაკის სპორტის სასახლე, სადაც ახალგაზრდები ცხოვრების ჯანსაღი წესით დაკავდებიან. 

„ეს სპორტული სკოლა ფაქტობრივად სოლოლაკის სპორტის სასახლე იყო და უკვე 25 წელია უპატრონოდაა მიგდებული. რაც მთავარია, შენობა კერძო საკუთრება არ არის, მერიის ბალანსზეა, ნელ-ნელა ინგრევა და საფრთხეს წარმოადგენს ადგილობრივებისთვისაც. ბიუჯეტიდან არცთუ ისე დიდი თანხის გამოყოფაა საჭირო, რომ სოლოლაკელებს ერთადერთი სპორტსკოლა რეაბილიტირებული დაუბრუნდეთ და ახალგაზრდებმა ვარჯიში გააგრძელონ - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ადგილობრივი, ზაურ ალუღიშვლი გვიყვება, რომ 1968 წელს აშენებულ შენობაში,სადაც ფეხბურთის, კალათბურთის, კარატეს, ჭიდაობის და სპორტის კიდევ სხვა სახეობებში ვარჯიშობდნენ სოლოლაკელი ახალგაზრდები, 25 წელია ნაგავსაყრელად იქცა და ბავშვები 43-ე სკოლიდან შიშით ამ ეზოში ვერ გამოდიან, იმიტომ, რომ შეიძლება ნაგებობა თავზე ჩამოენგრეთ. გაძარცვულია აქაურობა და ბავშვები, იმის ნაცვლად, რომ აქ ვარჯიშობდნენ და ფიზიკურად ჯანმრთელები იყვნენ, ქუჩებში დაეხეტებიან და საშინელი მდგომარეობაა. 

ლევან იოსელიანის შტაბის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ელისაშვილი პირობას დებს, რომ ბრძოლას „სოლოლაკის სპორტის სასახლის“ დასაბრუნებლად სოლოლაკელებისთვის, არჩევნების დასრულების შემდეგაც არ შეწყვეტს.

სოლოლაკში და მთაწმინდაზე თითქის არ არის სკვერები, პარკები და მით უფრო სპორტდარბაზები. ამ დროს და ამ ფონზე, შუაგულ სოლოლაკში მერიის ბალანსზე არის უზარმაზარი, გაპარტახებული და მიგდებული შენობა. მთაწმინდის გამგეობა სიგიჟეებსა და კრეტინიზმში ხარჯავს ფულს. მრავალშვილიანი დედების ავტორბოლა და უამრავი ამგვარი სისულელე კი არ უნდა აკეთონ ჩვენი ფულებით, სინამდვილეში ბიუჯეტის თანხა ისეთ რამეში უნდა დახარჯონ, რაც მართლა სჭირდება და გამოადგება სოლოლაკელებს. არ გავჩერდებით იქამდე, სანამ ეს სკოლა არ აღდგება და ბიუჯეტიდან არ დაფინანსდება. ჩვენ მივწერეთ გამგეობას,ასევე თბილისის მერს და იმედია,დროულად მიაქცევენ ყურადღებას. ჩვენ ამ საქმეს არჩევნების ნებისმიერი შედეგით დასრულების შემთხვევაში ბოლომდე მივიყვანთ, - აცხადებს ალექსანდრე ელისაშვილი.