აჭარის ტელევიზიის უფროსი გადააყენეს

15:04 04-19-2019
64

საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ აჭარის ტელევიზიის დირექტორს, ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა. მისი გადაყენება ხმათა უმრავლესობით - 4 მომხრე და ერთი წინააღმდეგი - გადაწყდა.

საკითხი დღის წესრიგში მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა - გიგა ჩხარტიშვილმა და ირაკლი დარცმელიძემ 10 აპრილს დააყენა. 

თანამშრომლები, დირექტორის გადაყენების მიზეზებად სატელევიზიო რეიტინგის კლებას, პრიორიტეტების შეუსრულებლობას, საბჭოსთან კომუნიკაციის არქონას ასახელებენ. ამის შესახებ გუშინ, 103 თანამშრომლის ხელმოწერილი განცხადება გაავრცელეს.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. პროტესტის ნიშნად სამუშაოს შესრულებაზე უარი საინფორმაციო სამსახურის 13-მა ოპერატორმა განაცხადა.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში 310 თანამშრომელია.

გავრცელებული ინფორმაციით, ტელევიზიის დირექტორად თორნიკე მჟავანაძეს უპირებენ არჩევას.

კაპანაძე ტელევიზიის დირექტორად 2016 წელს სამი წლით დაინიშნა. მას ვადის ამოწურვამდე ექვსი თვე ჰქონდა დარჩენილი.