ევროკომისარი უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების პირობას ასახელებს

13:17 04-09-2019
3572

საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მისმოსვლის შენარჩაუნების პირობად ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი ორგანიზებულ დანაშაულთან ეფექტურ ბრძოლას ასახელებს.

მიგრაციის და მოქალაქეობის მინიჭების საკითხებში ევროკომისარი, „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება დღის წესრიგში არ დადგება, ვიდრე ამის საჭიროება არ არის, თუმცა  კრიმინალის ზრდის პრობლემატურობაზე ცალსახად მიანიშნებს. დიმიტრის ავრამოპულოსი ხაზს უსვამს, რომ უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის პრივილეგიაა, რომელიც ხალხმა და ხელისუფლებამ ერთად უნდა დაიცვას.

„საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით, მაგრამ ამავდროულად ეკისრებათ პასუხისმგებლობა, რომ დაიცვან მინიჭებული პრივილეგიები. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს ხელისუფლებასთან. პრიორიტეტი ორგანიზებულ დანაშაულთან, დანაშაულებრივ ქსელებთან ბრძოლას ენიჭება. სამწუხაროდ ამ საკითხმა საზღვარგარეთ მყოფი ქართველების დისკრედიტაცია გამოიწვია, მაგრამ ამ მხრივ საქართველოს ხელისუფლებასთან მუშაობას განვაგრძობთ. ჩვენ მოხარულები ვართ ვნახოთ ევროპაში ჩამოსული ქართველები. ყველას გვჯერა ამ დიდი ევროპული პერსპექტივის“, - აცხადებს ევროკომისარი.

ამასთან, ზოგად ჭრილში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭების შემდეგ გამოცდილებას დიმიტრის ავრამოპულოსი დადებითად აფასებს.