სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების კანონპროექტს პარლამენტი დღეს ხელმეორედ უყრის კენჭს

09:08 04-08-2019
104

სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების კანონპროექტს, რომელსაც 5 აპრილის სხდომაზე დამტკიცებისთვის ხმები არ ეყო და კენჭისყრის შედეგად ჩავარდა, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით განმეორებით უყრიან კენჭს.

საპარლამენტო უმცირესობა ზოგადი განათლების კანონპროექტის ტექნიკური პრობლემის გამო ჩავარდნას უპასუხისმგებლოს უწოდებს.

„ფაქტობრივად სამი თვის წინ გამოაცხადეს მთავრობის წევრებმა, რომ სკოლის მოსწავლეებს გამოცდა არ ექნებოდათ დამამთავრებელ კლასში. კანონი აქამდე არ იყო გატანილი. წინა კვირას დაჩქარებული წესით მოითხოვეს განხილვა. უმრავლესობის წევრები პასუხისმგებლობით უბრალოდ არ მოეკიდნენ ამ საკითხს. აკუსტიკის გამო ამ კანონპროექტის ჩავარდნა არის უპასუხისმგებლობა. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა წარმოადგენდა არგუმენტირებულ გეგმას სკოლის რეფორმასთან დაკავშირებით, კანონპროექტს დავეთანხმებოდით“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

კანონპროექტით, იგეგმება სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება. გარდა ამისა, სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს. კერძოდ, საუბარია იმ პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში არ მონაწილეობდნენ.