დიღმის მასივში მცხოვრები: „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები აფეთქების ადგილზე ოპერატიულად მოვიდნენ

18:08 04-07-2019
26

დიღმის მასივში, იმ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე  მცხოვრების  განცხადებით,  სადაც აფეთქება მოხდა,  კომპანია ყაზტრანსგაზის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ.

ერთ-ერთი ქალბატონის თქმით, აფეთქების ადგილზე ყაზტრანსგაზის თანამშრომლები  სასწრაფოზე და სამაშველო სამსახურზე ადრე მივიდნენ. ამასთან,  მოსახლეობის ინფორმაციით, ბინა, სადაც აფეთქება მოხდა, გაქირავებული იყო, თუმცა შემთხვევის დროს იქ არავინ იმყოფებოდა.

„წინა კორპუსში ვცხოვრობთ.  საზარელი ხმა გაისმა, დაიმსხვრა შუშები. ჩვენი ბინა არ დაზიანებულა, მეზობლების  შუშები დაიმსხვრა. გამოვედი შემთხვევის ადგილზე და ყაზტრანსგაზის თანამშრომლები უკვე ადგილზე იყვნენ. შემდეგ მოვიდა სასწრაფო და სახანძრო.

 როგორც ამბობს მოსახლეობა, მესამე სართულზე გუშინ გაუქირავებია მაცხოვრებელს ბინა და იქ უკვე შესახლებულები იყვნენ ადამიანები. მეოთხე სართულიდან გამოსულა ადამიანი, მოუკიდებია სიგარეტისთვის და აფეთქდა. თვითონ გადმოვარდა და დაეცა მანქანას. ალბათ, ამის შედეგად გადარჩა“,-განაცხადა დიღმის მასივში მცხოვრებმა.

ის მომხდარს მოქალაქეების გაუფრთხილებლობას უკავშირებს, რადგან ამბობს, რომ კომპანიის ცხელ ხაზზე ზარი კორპუსში გაზის სუნის შესახებ 11:50 საათზე შევიდა, ხოლო აფეთქება 12:15 საათზე მოხდა. მოქალაქის განმარტებით, აფეთქების დროს ყაზტრანსგაზის სამსახური უკვე ადგილზე იყო.

 „ალბათ, უფრო მოსახლეობის გაუფრთხილებლობაა, რადგან 11:50-ზე დარეკილი ჰქონდათ და აფეთქება  12:15 , 20 წუთი იყო რომ მოხდა, ყაზტრანსგაზის სამსახური უკვე ადგილზე იდგა.

აფეთქებიდან სადღაც 2 წუთში მე უკვე შემთხვევის ადგილზე ვიყავი, წინა კორპუსში ვცხოვრობ.  114-ის მანქანა იდგა, ჯერ არც სასწრაფო იყო მოსული და არც სახანძრო.ყაზტრანსგაზის თანამშრომელსაც დამწვრობა აქვს მიღებული. დროც ხომ უნდა ადგილზე მოსვლას“,-აღნიშნა აფეთქების ადგილთან ახლოს მცხოვრებმა მოქალაქემ.

დიღმის მასივში საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულზე აფეთქება რამდენიმე საათის წინ მოხდა, რამაც კედლის ჩამონგრევა გამოიწვია. შედეგად, ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 8 ადამიანი დაშავდა.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა კომპანია "ყაზტრანსგაზმა“.

"ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტების განმარტებით, დიღმის მასივში, მე-4 კვარტალის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის დაგროვების და მომხდარი აალების მიზეზი, სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა.

 შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.