თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი ძგიდის ოპერაციის დროს გარდაიცვალა

18:51 04-05-2019
18846

რამდენიმე დღის წინ, 40 წლის მამაკაცი, რომელმაც „ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკაში“ ჩატარებული ძგიდის ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, ირაკლი კობიაშვილი ალერგიის შედეგად ანაფილაქსიურ შოკში ჩავარდა, რადგან საანესთეზიო მასალის გამოყენებამდე, შესაბამისი სინჯი გაკეთებული არ ჰქონდა.

ირაკლი კობიაშვილი 11 დღე ტვინის შეშუპებით რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა. რეანიმატოლოგების მცდელობის მიუხედავად, მედიკოსებმა ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.

„პრაიმტაიმმა“ ინფორმაციის გადამოწმება გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან სცადა. მართალია, მათ ოფიციალური კომენტარის გაკეთება არ ისურვეს, თუმცა გვითხრეს, რომ ირაკლი კობიაშვილი ოპერაციის წინა მოსამზადებელ პერიოდში კლინიკაში მარტო არ დადიოდა და დაზუსტებით იციან, რომ მისთვის საანესთეზიო მასალაზე წინასწარი სინჯი ალერგიულობის განსაზღვრისათვის არც არავის გაუკეთებია და მედიკოსებს არც შესაძლო გართულებების თაობაზე მიუწოდებიათ ინფორმაცია.

გარდაცვილის ოჯახი სისტემური ცვლილებებისათვის ბრძოლას აპირებს, რათა მომაკვდინებელი სტანდარტი შეიცვალოს და სხვა პაციენტების უსაფრთხოება დაიცვან.

„პრაიმტაიმი“ კლინიკის დამფუძნებელს დაუკავშირდა. როგორც ქირურგმა, მიხეილ ხუჯაძემ განმარტა, ის კომენტარს არ აკეთებს, რადგან ქირურგია და „მსგავსი ტრაგედიები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ხდება“.  

„ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ქირურგი ვარ და სინჯებს მე არ ვაკეთებ. თუ გნებავთ, გარდაცვლილის ოჯახის წევრების კომენტარს დაუჯერეთ, თუ არ გნებავთ - გაეცანით გაიდლაინებს, მერე ნახავთ რა არის სწორი და რა - არასწორი. რა თქმა უნდა, ცალსახად დიდი ტრაგედია დატრიალდა, მაგრამ ეს ამერიკაშიც ხდება და საქართველოშიც“.

„პრაიმტაიმი გარდაცვლილი ირაკლი კობიაშვილის ექიმ-ანესთეზიოლოგსაც დაუკავშირდა. როგორც დავით კაპანაძემ განმარტა, გაიდლაინის მიხედვით, თუ ანამნეზის შეკრებისას, პაციენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ალერგია არ აღენიშნება, მაშინ სინჯის გაკეთება სავალდებულო არ არის, რადგან შესაძლოა, გამოიწვიოს ანაფილაქსიური შოკი. 

მხოლოდ გარდაცვლილ პაციენტს კი არა, თითოეულ პაციენტს დეტალური ინფორმაცია ეძლევა ოპერაციის მიმდინაროებისას შესაძლო გართულებების შესახებ ქირურგის, ანესთეზიოლოგის, თერაპევტის მიერ“ – განუცხადა „პრიმტაიმს“ ექიმმა-ანესთეზიოლოგმა.

იურიდიული კომპანიის „GS & Barristers”-ის დირექტორის, გიორგი სიბაშვილის განმარტებით, გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა პირველ რიგში, რეგულირების სააგენტოს უნდა მიმართონ, რათა საექიმო შეცდომის დადგენა აღნიშნული უწყების პრეროგატივაა.

„არსებული გაიდლაინების მიხედვით, პაციენტს, რომელსაც უკეთდება ანესთეზია და არსებობს ინტოქსიკაციის, ან ალერგიის გამოწვევის ალბათობა, აუცილებელია გაკეთდეს წინასწარი კვლევა, ანუ სინჯი. ასევე, კლინიკაში უნდა არსებობდეს, პაციენტის ინფორმირებულობის ხელმოწერილი დოკუმენტი“ სხვა შემთხვევები საექიმო შეცდომად განიხილება“ – „პრაიმტაიმს“ ადვოკატმა, გიორგი სიბაშვილმა განუცხადა.