მირზა სუბელიანს ორმაგი მკვლელობის საქმეზე დაკითხავენ?! - რა იცის ყოფილმა მაღალჩინოსანმა კოჯორში ახლაგაზრდა წყვილის მკვლელობაზე?

14:16 04-05-2019
6817

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ამჟამად ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით სასჯელს იხდის, შესაძლოა კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეზე დაიკითხოს.

მსჯავრდებული ნიაზ ჩხვიმიანი, რომელსაც 2006 წელს გარდაბნის რაიონულმა სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა ამბობს, რომ თავის დროზე ის უკანონოდ გაასამართლეს და რეალური დამნაშავეების, ისევე როგორც მტკიცებულებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ფლობს მირზა სუბელიანი, რომელიც იმ პერიოდში გამომძიებლად მუშაობდა.

საქმე ეხება 2004 წლის 15 ნოემბერს კოჯრის ტყეში 19 წლის თემურ ბეჟუაშვილის და მისი მეგობრის, რუსუდან ფირცხალავას მკვლელობას. თავდამსხმელებმა ისინი ყაჩაღობის მიზნით დახოცეს და ცხედრები ხევში გადაყარეს. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს მიცვალებულები გაძარცული დახვდათ, მათ შორის წაღებული იყო მობილური ტელეფონი, თემურ ბეჟუაშვილის ჯინსის შარვალი და ქურთუკი.

მალავე მკვლელობის ბრალდებით დააკავეს 23 წლის ნუგზარ ჩხვიმიანი, რომელიც დღესაც ირწმუნება, რომ მკვლელობის მომენტში კოჯრის ბატალიონში, ე.წ. კარანტინს გადიოდა.

ჩხვიმიანის დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე ირწმუნებოდა, რომ პროკურატურამ მოწმეები დააშინა და წამების გზით მის წინააღმდეგ მიაცემინა ჩვენება, არამხოლოდ მკვლელობის საქმეზე, არამედ მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე, კოჯორში მოქალაქე კ.ბობოხიძის აგარაკის ქურდობაზეც, რა დროსაც ადგილზე მისულ დაცვის პოლიციას სახლში მყოფმა ქურდებმა ცეცხლი გაუსნეს, დაჭრეს და ადგილიდან მიიმალნენ.

სუბელიანის დაკითხვის შუამდგომლობა ჩხვიმიანის ადვოკატმა 2006 წელს გარდაბნის რაიონულ სასამართლოში და 2007 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოშიც დააყენა, თუმცა არცერთ ინსტანციაში ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.  უვადო პატიმარი საქმის ხელახლა გამოძიებას და მირზა სუბელიანის დაკითხვას ითხოვს.

არც რაიონულმა სასამართლომ და არც სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა მოწმის სახით გამომძიებელ მირზა სუბელიანის დაკითხვის თაობაზე, რომელმაც ბევრი რამ იცის იმ ყაჩაღური დაჯგუფების შესახებ, რომელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის დროს ამოღებული ავტომატის მასრები იდენტურია კ.ბობოხიძის ბინის ქურდობისა და კოჯორში ჩადენილი მკვლელობის დროს ამოღებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მასრებისა. მისი დაკითხვით ვიმედოვნებდით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმომავლობის დადგენას. ამასთან, საქმიდან ჩანს, რომ ყაჩაღური დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი დ.ქოჩქიანი გამომძიებელ სუბელიანის თანაკურსელი იყო და ეს უკანასკნელი ხელს აფარებდა კრიმინალს, -  წერია ჩხვიმიანის საკასაციო საჩივარში.