ლაგოდეხის ნაკრძალში ჯიხვების გადაადგილებას GPS საყელურით დააკვირდებიან

19:35 03-14-2019
197

პირველად კავკასიაში, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ჯიხვის ტელეომეტრიული კვლევა დაიწყო. სახეობათა კონსერვაციის ცენტრმა  NACRES- მა  ლაგოდეხის ნაკრძალის  ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის 13 მარტს, პირველი აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი GPS საყელურით მონიშნა. შესაბამისად, მიღებულია პირველი კოორდინატები ჯიხვის გადაადგილების შესახებ. 

როგორც პრაიმტაიმს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სულამანიძემ განუცხადა, GPS საყელურს 2 წლის სამუშაო რესურსი გააჩნია, რომელიც ინფორმაციას სატელიტური თანამგზავრების მეშვეობით გადმოსცემს. 

 „ჯიხვის ტელეომეტრიული კვლევა დაგვეხმარება შევისწავლოთ, დავაკვირდეთ და მოვაგროვოთ ჯიხვის პოპულაციისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ტელემეტრიული მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლებელია პოპულაციის რიცხოვნობის, დინამიკის დადგენა, პოპულაციაზე მოქმედი საფრთხეების შეფასება. ტელემეტრია, ასევე დაგვეხმარება შევაფასოთ ტურიზმისა და ძოვების ზეგავლენა ჯიხვის პოპულაციაზე. მოპოვებული მონაცემების ანალიზის შედეგად, გაუმჯობესდება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ეფექტური მართვა. პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვნად დაგვეხმარება სხვა საკვანძო სახეობების კონსერვაციულ საქმიანობაში, - განაცხადა გიორგი სულამანიძემ.

 ჯიხვის ტელეომეტრიული მონიტორინგი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე რამდენიმე წლიანი მოლაპარაკების და მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ კავკასიაში პირველად დაიწყო.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია CNF - Caucasus Nature Fund და ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნო სამხრეთ კავკასიაში (TJS) WWF Georgia.  პროექტს,  სახეობათა კონსერვაციის ცენტრი NACRES/ნაკრესი და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ახორციელებს. 

 პროექტის ფარგლებში  GPS საყელურით 6 ჯიხვის აღჭურვაა დაგეგმილი. 

 

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი