ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებმა რექტორის კაბინეტთან შიმშილობა დაიწყეს

22:49 02-15-2019
211

ილიას უნივერსიტეტის "ბიზნეს სკოლის" სტუდენტები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. 

რამდენიმე აქტივისტმა რექტორის, გიგა ზედანიას გადადგომის და აკადემიური საბჭოს დათხოვის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. მათი განცხადებით კომპრომისზე წასვლას არ განიხილავენ და შიმშილობა მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება. 

სტუდენტების პროტესტი ორი კვირაა გრძელდება. მიზეზი აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვით ბიზნეს სკოლა უქმდება და მისმა სტუდენტებმა სწავლა ახლად შექმნილ "თანამედროვე ტექნოლოგიების, განათლებისა და მენეჯმენტის" ფაკულტეტზე უნდა განაგრძონ. 

"ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. არ არსებობს ამ ფაკულტეტის განვითარების სტრატეგია. გარდა ამისა საუბარია ჩვენი არჩევანის უფლების დარღვევაზე. ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა არის ბრენდი. ჩვენ აქ სწავლა გადავწყვიტეთ და გვინდა ჩვენს გეგმას მივყვეთ. დათმობას და გაუგებარი გზით წასვლას არ ვაპირებთ" - აცხადებს ერთ-ერთი სტუდენტი მარიამ ჯიმშელეიშვილი. 

ამასთან სტუდენტები "ბიზნეს სკოლის" ყოფილი დეკანის, გიორგი ქადაგიძის და ხარისხის განვითარების სამსახურის უფროსის გიორგი პაპავას თანამდებობებზე აღდგენას მოითხოვენ. 

ავტორი: ბექა პატურაშვილი