სოფიო ქაცარავა: „რუმინეთი არის საქართველოს მხარდამჭერი როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით ასევე, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში“

20:43 02-12-2019
13

საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაცია რუმინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.   დელეგაციის შემადგენლობაში არიან რუმინეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ისკო დასენი და მეგობრობის ჯგუფის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართა რუმინეთის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებთან.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის საქართველო-რუმინეთს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა,  შავი ზღვის ფორმატში ურთიერთობების მნიშვნელობა და რუმინეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტები და დღის წესრიგი.

 „რუმინეთი არის საქართველოს მხარდამჭერი როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კავშირები საპარლამენტო დონეზეც ვაქციოთ უფრო მყარი და სიღრმისეული, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ რუმინეთი წარმოადგენს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას“ - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან, რუმინეთის ვიცე პრემიერთან, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და წევრებთან ასევე,  ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარესთან და საქართველო -რუმინეთის მეგობრობის ჯგუფთან.