"შვებულება აიღო და მერე სამსახურიდან წავიდა" - აუდიტის სამსახური ვანო ზარდიაშვილის ცოლს ძმაზე

17:28 02-12-2019
491

დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა გრიგოლ აბრალავა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ნორვეგიაში ტექნიკის ქურდობისთვის დააკავეს, აუდიტის სამსახურში შემავალი ერთ-ერთი სსიპ - ის, კერძოდ კი ,''საჯარო აუდიტის ინსტიტუტის'' ყოფილი თანამშრომელია.

როგორც ''პრაიმტაიმს'' აუდიტის სამსახურში განუცხადეს, აბრალავამ ''საჯარო აუდიტის ინსტიტუტის'' სპეციალისტის თანამდებობა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში დატოვა.

უწყების ცნობით, დეპუტატის ცოლის ძმამ იანვრის თვის ბოლოს შვებულება აიღო რის შემდგომაც საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა აუდიტის სამსახური.

ფიგურირებს თუ არა ნორვეგიაში ტექნიკის ქურდობის საქმეში დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა, ჯერჯერობით ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში არ საუბრობენ. უწყების კომენტარს ''პრაიმტაიმი'' მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ ვანო ზარდიაშვილი 2013-2016 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე იყო.

ამასთან, ზარდიაშვილის მეუღლე თინათინ აბრალავა ყოფილი პარლამენტარისა და „აღორძინების კავშირში“ ასლან აბაშიძის პოლიტიკური გუნდის წევრის ანზორ აბრალავას შვილია. იგი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2010 წლის 1 ივნისიდან მუშაობს სხვადასხვა თანამდებობებზე. 

ავტორი: სალომე ნეფარიძე