საკვები, რომელიც ნაადრევ სიკვდილს იწვევს

17:21 02-12-2019
262

მეცნიერებმა საფრანგეთში ახალი კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს,  რომ გადამუშავებული საკვების, ნახევარფაბრიკატების მოხმარება, შესაძლოა ნაადრევ სიკვდილს იწვევდეს.

კვლევის შედეგები ჟურნალ Jama Internal Medicine-ში გამოქვეყნდა.

საფრანგეთში ჩატარებული კვლევის ფარგლებში, მეცნიერები 44 000 ადამიანის კვების რაციონს დააკვირდნენ. მონიტორინგი 2009 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში გრძელდებოდა.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ის ადამიანები, რომლებიც მეტ გადამუშავებულ საკვებს მიირთმევდნენ, ნაადრევი სიკვდილის 14%-ით მაღალი რისკის ქვეშ იყვნენ.

საუბარია ისეთ საკვებზე, როგორებიცაა: ძეხვეულობა, სოსისები, „ფრი“, ბურგერები, სწრაფი კვების პროდუქტები, ნახევარფაბვრიკატები (მაგალითად პიცა), რომელსაც მხოლოდ გაცხელება სჭირდება.

კვლევაში მონაწილეთა უმრავლესობა 45 წელს გადაცილებული ქალი იყო. ისინი ყოველ 6 თვეში ერთხელ ავსებდნენ კითხვარს იმის თაობაზე, თუ რა საკვებს მიირთმევდნენ.

7 წლიანი დაკვირვების განმავლობაში, კვლევაში მონაწილე 602 ადამიანი გარდაიცვალა- მათგან 219 კიბოთი, 34 კი გულ-სისხლძარღვთა დაავადებით.

მკვლევარები ფიქრობენ, რომ გადამუშავებული საკვების მიღება, 45 წელს გადაცილებულთა სიკვდილიანობის მაღალ რისკთან არის კავშირში. მეცნიერები განმარტავენ, რომ ამ თეორიის დასამტკიცებლად დამატებითი კვლევის ჩატარებაა საჭირო.

კანადის გულისა და ინსულტის ფონდის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ რაც მეტ გადამუშავებულ საკვებს მიირთმევთ, მით უფრო არაჯანსაღია თქვენი კვების რაციონი. კანადელი მეცნიერები განმარტავენ, რომ გადამუშავებული საკვებისა და ნახევარფაბრიკატების მირთმევას, კერძების სახლში მომზადება სჯობს.

ქემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი ნიტა ფორუჰი განმარტავს, რომ მსგავსი ტიპის საკვების მოხმარება დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი:

„გადამუშავებული საკვების ჭარბი მოხამრება სოციალურ უთანასწორობაზე მიუთითებს. ასეთ საკვებს უფრო მეტად დაბალი შემოსავლის მქონე ან მარტოხელა პირები მიირთმევენ. ასეთი პროდუქცია მიმზიდველია თავისი დაბალი ფასით, თანაც ანაყრებს, რადგან მასში დიი შემცველობითაა შაქარი, მარილი და ნაჯერი ცხიმი. ეს ნივთიერებები კი მავნეა ადამიანის ორგანიზმისთვის“.

ქემბრიჯის პროფესორი გამოსავალს სოციალური ფენების გათანასწორებასა და მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში ხედავს. 

 

ავტორი: მარიამ გიგანი