პროკურატურა დავით კირკიტაძეზე განცხადებას ავრცელებს

15:25 02-12-2019
24

მთავარი პროკურატურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით კირკიტაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ კირკიტაძის პატიმრობაში დატოვების მიზეზი, მისი მიმალვის საფრთხე იყო.

"მოსამართლემ მიიჩნია, რომ  დავით კირკიტაძისთვის ნაკლებად მკაცრი აღკვეთი ღონისძიების შეფარდება მისი მიმალვის საფრთხეს ვერ უზრუნველყოფდა.

გურჯაანის რაიონულმა  სასამართლომ დავით კირკიტაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადასინჯა და  მიიჩნია, რომ  ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდება  ბრალდებულის სათანადო ქცევას და მიმალვის საფრთხეს ვერ უზრუნველყოფდა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ დაკავებულის პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობა დააყენა. პროკურორის განმარტებით, კირკიტაძის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს,  იგი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და  შესაძლოა ბრალდებულმა თავისუფლებაში ყოფნისას პირადი ურთიერთობიდან გამომდინარე მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს.

დაცვის მხარე  ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას მოითხოვდა.

დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წარდგენილი,  რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.  დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.