შსს-მ „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილე 5 პირი დააკავა

17:35 02-11-2019
32
თეგები: შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის“ და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით, 5 პირი დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ-საცხოვრებელ ბინაში მოქალაქე მ.კ.-სა და ბიზნესმენ ჯ.მ.-ს შორის არსებული უთანხმოების გადაწყვეტის მიზნით, „ქურდული შეკრება“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ კრიმინალური სამყაროს წევრები: შ.ქ., მ.კ., ი.მ., ლ.ს. და ი.რ.

ამავე შეკრებაში, ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით ჩაერთო 2016 წლიდან ინტერპოლის მიერ ძებნილი, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი სულხან ჯაფარიძე (წარსულში სულხან თვალჭრელიძე), რომელმაც თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით მხარეებს შორის უთანხმოება ქურდული წესებით გადაწყვიტა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დასახელებული ქურდული შეკრება ფარულად აუდიო და ვიდეოზე ჩაიწერეს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პოლიციამ 5-ვე პირი მიმდინარე წლის 11 თებერვალს თბილისში დააკავა. ინტერპოლით ძებნილ ქართველ ე.წ. "კანონიერ ქურდ" სულხან ჯაფარიძეს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.

პოლიციამ თბილისში, დაკავებულების საცხოვრებელი ბინების და ავტომანქანების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა ტიპის, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის“ და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე სეკუნდა მუხლით და 223-ე ტერცია მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.