ნოდიკო ტატიშვილი ახალ ბენდთან ერთად პირველ კონცერტს მართავს

14:41 02-11-2019
374

ავტორი: თამარ გონგაძე

ამიერიდან მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი და ბენდი - „Band The Five“ ერთი მთლიანობაა.  კოლაბორაციამ გაამართლა და მუსიკოსებმა ერთმანეთს კარგად გაუგეს. ბენდი ხუთი წევრისგან შედგება.

„ბენდის შექმნის ინსპირაცია ჩემმა ყველაზე პოპულარულმა სიმღერებმა და ინტერნეტ მომხმარებლების მიერ ვიდეორგოლების ნახვებმა მომცა“ - ამბობს მომღერალი.

ახლა ნოდიკო რეპერტუარის განახლებაზე მუშაობს. მსმენელი 1 მარტს კლუბ-რესტორან „ოტიუმში“ ტატიშვილის ძველ ჰიტებს, ასევე ქართულ და უცხოურ ქავერებს ლაივ პროგრამით მოისმენს.

ნოდიკო ტატიშვილი: ეს იქნება ჩემ ახალ ბენდთან ერთად პირველი ცოცხალი კონცერტი. მინდა გაზაფხულის პირველი დღე ჩემს მსმენელს გავულამაზო და ერთი ბედნიერი დღე ვაჩუქო. გპირდებით, რომ იქნება რიტმული, პოზიტიური და ხალისიანი საღამო.

კონცერტზე სტუმრის სტატუსით ნოდიკომ ორი მეგობარი მომღერალი მიიწვია. სალომე ბაკურაძესთან დუეტი „ერთხელ წვიმიან ქალაქში“ თითქმის ერთი წელია რადიოსადგურებში ძალზედ მოთხოვნადია, ვიდეორგოლს კი ინტერნეტსივრცეში, როგორც ნოდიკო ამბობს, ათ მილიონამდე ნახვა აქვს. მეორე სტუმარი დათუნა მგელაძე იქნება. 1 მარტს მსმენელი „ოტიუმში“ მათი დუეტის „არ გაბედო“ ახალ ვერსიას მოისმენს. 

კონცერტი 22:00 საათზეა ჩანიშნული და ბილეთების დაჯავშნა უკვე დაწყებულია. 

ნოდიკო მეორე კონცერტს ახალ ბენდთან ერთად მაისში გეგმავს. Prime Time-თან საუბრისას მომღერალმა საზაფხულო გეგმებიც გაამხილა.

„ზაფხულში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ვგეგმავ ტურნეს. ჩემი კონცერტები ძირითადად ზღვისპირა ქალაქებში იქნება.“