„თბილისი ქალაქი, სადაც უკვეთავს კომუნისტი, აპროექტებს მხაზველი და ასრულებს არაპროფესიონალი“ - არქიტექტორი გიორგი ზაუტაშვილი

17:37 02-06-2019
1400

დედაქალაქის მერის მიერ 29 იანვარს გაჟღერებულ ინფორმაციას არქიტექტორების ნაწილის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. საქმე ეხება გორგასლის ხეივანში დაგეგმილ პროექტს, რომლის მიხედვითაც საავტომობილო გზამ მიწისქვეშ უნდა გადაინაცვლოს, მტკვირს ნაპირზე კი 9 ჰექტარზე გაშლილი რეკრეაციული სივრცე უნდა მოეწყოს.

კახი კალაძემ, ბრიფინგზე, აღნიშნული სივრცის სამომავლო ვიზუალური ნიმუშიც წარმოადგინა და განაცხადა, რომ პროექტი 110 მილიონი ლარი დაჯდება.

არქიტექტორთა ნაწილის კრიტიკის მიზეზი სწორედ კალაძის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათი გახდა.  არქიტექტორი გიორგი ზაუტაშვილი მიიჩნევს, რომ ის რაც ფოტოზე ჩანს არის საბჭოური მენტალობის მქონე ფუნქციონერების მიერ მოწონებული პროექტი, რომელიც არა არქიტექტორის არამედ „მხაზველის“ შესრულებულია.

გიორგი ზაუტაშვილის განცხადებით, წარმოდგენილი ფოტოდან ჩანს, რომ პროექტი აბსოლუტურად გაუაზრებელია და ის ქალაქის იერსახეს დაამახინჯებს. გარდა ამისა, არქიტექტორის აზრით, ის საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ ხეებს და ფაქტობრივად უფუნქციოდ დატოვებს მდინარე მტკვარს, რომელის კონცეფტუალურად მომავალ პარკთან დაკავშირება რეკრეაციულ ზონას უფრო მეტ ფუნქციას შესძენს.

ზაუტაშვილს, პროექტის შესახებ კონკურსის არგამოცხადების შემთხვევაში, შეკითხვები აქვს დედაქალაქის მთავრობასთან. რა პრინციპით მოხდა პროექტის შერჩევა და რატომ უზღუდავს ხელისუფლება პროფესიონალ არქიტექტორებს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ჩაერთონ მსგავსი ტიპის კონკურსში.

კრიტიკას თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ბაიდარაშვილმა უპასუხა. ბაიდარაშვილიპრაიმტაიმთან“, საუბრის დროს აცხადებს, რომ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები უსაფუძვლოა, რადგან თბილისის მერის მიერ წარმოდგენილი ფოტო მხოლოდ საჩვენებელი ნიმუში იყო. ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს მიმდებარე ტერიტორიის შესწავლა და ხეივანში არსებული ყველა საკომუნიკაციო ქსელის დეტალური ანალიზი.

„ორ-სამ თვეში, როდესაც მოვრჩებით კვლევით სამუშაოებს, გამოვაცხადებთ კონკურსს როგორც კომუნიკაციების გადაწყობაზე, ისე რეკრეაციული სივრცის კეთილმოწყობაზე გვირაბებს ზემოთ. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში არ იგეგმება არცერთი, ადგილზე დღეს არსებული, ხის მოჭრა. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რეკრეაციული ზონის მოწყობის გარდა არის ისიც, რომ ავაგოთ საფეხმავლო ხიდი, რომელმაც უნდა დაუკავშიროს ხარფუხი ავლაბარს, რაც შეამცირებს გზას ავლაბრის მეტრომდე და როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ისე ტურისტებისთვის გადაადგილებას კომფორტულს გახდის,“ - აცხადებს გიორგი ბაიდარაშვილი.

ავტორი: შოთა ფალავანდიშვილი