"გუშინ 10-მდე პაციენტი მივიღეთ, დღეს ოთხი" - რატომ მოიმატა წითელას ვირუსმა ზრდასრულებში და ბავშვებში?

13:27 01-12-2019
2472

H1N1 ვირუსის პარალელურად საქართველოში მწვავე ინფექციური დაავადების - წითელას შემთხვევებმაც იმატა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში აღნიშნული დიაგნოზით ათობით პაციენტი მოათავსეს, წითელათი დაავადებულთა დიდი უმრავლესობა კი მკურნალობას სახლის პირობებში გადის. როგორც პრაიმტაიმს სამედიცინო დაწესებულებაში განუმარტეს, მხოლოდ გუშინ სტაციონარში 10-მდე პაციენტი განთავსდა, დღეს 13:00 საათის მდგომარეობით კი ინფექციურმა საავადმყოფომ წითელას ვირუსით უკვე 4 პაციენტი მიიღო. პაციენტებს შორის არიან, როგორც ბავშვები, ისე ზრდასრულები, რომლებსაც აღნიშნული ვირუსის საწინააღმდეგო აცრები გაკეთებული არ აქვთ და შესაბამისად წითელას მიმართ იმუნიტეტი არ გააჩნიათ. 

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წითელას ვირუსით ყველაზე პატარა პაციენტი 1 წლის და 7 თვის ბავშვია. ამავე დიაგნოზით მკურნალობას გადის 22 წლის მამაკაცი და ასევე ორი ქალბატონი, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან. 

ვინაიდან წითელა მაღალი გადამდებლობით ხასიათდება, ვირუსი იოლად ვრცელდება ჰაერით (ხველება, ცემინება). 

კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 20-25 წლის ასაკის მოქალაქეთა 12% და 40 წლამდე მოქალაქეთა 10% არაიმუნური პირია - ანუ წითელასადმი იმუნიტეტი არ გააჩნია.

ეპიდემიოლოგების აზრით, საქართველოში წითელას პერიოდული ეპიდაფეთქებები ერთი მხრივ, 1990-იან წლებში იმუნიზაციის პროგრამის დიდ ჩავარდნას უკავშირდება, მეორე მხრივ კი ქვეყანაში არაიმუნური ფენის გაზრდა, უმცროსი ასაკის ბავშვების, გეგმიური ვაქცინაციით არასათანადო მოცვამ გამოიწვია.

საქართველოში წითელას საწინააღმდეგო აცრები 1968 წლიდან დაიწყო, როცა საბჭოთა კავშირში წითელას ეპიდემია ბავშვთა სიკვდილიანობის გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი დაავადება იყო, მაშინ მხოლოდ ერთი აცრა კეთდებოდა. წითელა-წითურას ეპიდემიამ მეორედ საქართველოში 2004-2005 წლებში იფეთქა: 14500-მდე პირი დაავადდა და 9 ადამიანი დაიღუპა. ამ საგანგაშო ვითარებას წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინით (MMR) გეგმიური იმუნიზაციის დანერგვა მოჰყვა.

სპეციალისტები მოქალაქეებს შესაბამისი აცრების გაკეთებისკენ მოუწოდებენ. ბავშვების გარდა, სახელმწიფო 41 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირის ვაქცინაციას აფინანსებს.