აფთიაქებში 50 მილიონი ლარის გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტები გაიყიდა, ამით სუს-ი უნდა დაინტერესდეს - გიორგი მუხიგულაშვილი

11:04 01-06-2019
8802

ღორის გრიპის შემთხვევები გახშირდა, ისევე როგორც გაიზარდა ამ ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა, რა გასაკვირია, რომ მოსახლეობაში პანიკა უკვე შეიმჩნევა. თუმცა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს პროცესზე გავლენას სოციალური ქსელებში გავრცელებული საეჭვო ინფორმაციები უფრო ახდენენ, ვიდრე შესაბამისი ოფიციალური უწყებები.

უფლებადამცველის გიორგი მუხიგულაშვილის შეფასებით, პრორუსულმა ძალებმა კვლავაც ლუგარის ლაბორატორია გაიხსენეს და ღორის გრიპის გავრცელება სწორედ მას დაუკავშირეს:

„ლუგარის ლაბორატორია ნატოს სტანდარტებით არის აშენებული, საქართველო შეირჩა როგორც აღმოსავლეთ ევროპის ნაწილში ნატოს პარტნიორი ქვეყანა. შემთხვევითი არც ამ ლაბორატორიის მდებარეობაა - აეროპორტის სიახლოვეს მისი მშენებლობა მიწისქვეშა კომუნიკაციების არსებობამ განაპირობა. მოგეხსენებათ, ლაბორატორიის ადგილზე ძველად რუსული ბაზა იყო  განლაგებული. მიწისქვეშა კომუნიკაციები სწორედ მაშინ გაკეთდა, მათ შორის მიწისქვეშა გზებიც, რომელიც ბაზას პირდაპირ აეროპორტთან აკავშირებდა. ეს კი ძალიან ხელსაყრელი პირობა იყო, პირველ რიგში იმიტომაც, რომ ლაბორატორიიდან უსაფრთხოდ მოხდეს  უცნობი ბაქტერიების აეროპორტიდან გადატანა ამერიკაში, სადაც ექიმების მიერ ხდება მათი შესწავლა საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად. ასე რომ, ეს ლაბორატორია არის ამერიკელი სპეციალისტების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და აბსოლუტურად უსაფრთხოა, ის სრულად პასუხობს ნატოს სტანდარტებს და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. რუსული პროპაგანდა მას მხოლოდ იყენებს საკუთარი მიზნებისთვის. ეს თემა ცოტახნის წინ იგორ გიორგაძემ წამოსწია. 

ახლა სოცქსელებით ვრცელდება ინფორმაცია თითქოს რუსმა ექიმებმა გამოიკვლიეს და დაადგინეს რომ წყალბადის ზეჟანგი ამარცხებს ღორის გრიპს; რომ თითქოს საკმარისია ის ცხვირში ჩაიწვეთოთ და მაშინვე გამოჯანმრთელდებით, ესეც სრული დეზინფორმაციაა“ - ამბობს უფლებადამცველი.

მისივე განმარტებით: „მოსახლეობის განათლებაზე - როგორ უნდა ებრძოლონ ვირუსებს - ჯანდაცვის სამინსტრო საერთოდ არ ზრუნავს, არადა, ეს მისი პრეროგატივაა. ჯანდაცვა კი, რატომღაც, საეჭვოდ დუმს, თითქოს ის გიგანტ სააფთიაქო ქსელებს მედიკამენტების გაყიდვის საშუალებას აძლევს, თანაც საკმაოდ მაღალ ფასში. ვფიქრობ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ შემთხვევით უნდა დაინტერესდეს და გამოიკვლიოს რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ჩემი ინფორმაციით, 50 მილიონ ლარზე მეტი გაციების საწინააღმდეგო წამლები იყიდება. ეს მეგაფარმაცევტული კომპანიები, ისე ჩანს, თითქოს ხელს ითბობენ და ღორის გრიპზე ფულს აკეთებენ, ეს აუცილებლად უნდა შეისწავლონ შესაბამისმა უწყებებმა.

გიორგი მუხიგულაშვილის შეფასებით, ქვეყანა ღორის გრიპს მოუმზადებელი შეხვდა. მისივე თქმით, ამაში მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროა დამნაშავე. 

„ათასგვარი ინფორმაციები ვრცელდება მოსახლეობის შეცდომაში შესაყვანად, გიგანტი სააფთიაქო ქსელები „ავერსი“ და PSP ცდილობენ ათასგვარი რამ აყიდინონ მოსახლეობას. ამ დროს კი ჯანდაცვის მინისტრი დუმს. ის მხოლოდ ახლახანს გამოჩნდა და იმისათვის რომ პანიკა ჩაეცხრო - ხალხი დაამშვიდა ტამიფლუს მარაგი გვაქვსო, თუმცა, მანამდე ვნახეთ, რომ წამალი დეფიციტში იყო და მისი ფასი დღითი დღე იზრდება.“ - ამბობს გიორგი მუხიგულაშვილი.

სააფთიაქო ქსელებში ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტებზე ფასი სწრაფად იზრდება. ტამიფლუს ფასმა, მაგალითად, 60 ლარიდან 110 ლარს მიაღწია და დეფიციტის გამო, მის გაძვირებას არც მომავალში გამორიცხავენ. უფლებადამცველის აზრით, ეს ეგრეთ წოდებული ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტები სინამდვილეში არაფერს შველის, სწორი და ეფექტური მკურნალობისათვის საჭიროა პაციენტებს „იმუნიტეტის ამაღლებისთვის საჭირო მედიკამენტები დაენიშნოთ“.