"უკიდურესად უნდა შეავიწროონ" - რას ფიქრობს არასამთავრობო სექტორი გვარამიას განცხადებაზე

17:23 10-05-2018
984

"სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება და საარჩევნო კოდექსის მუხლები არ ირღვევა" - ასე აფასებს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) თავმჯდომარე მიხეილ ბენიძე ტელეკომპანია "რუსთავი 2"- ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პოსტს სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

"შეიძლება ვინმეს გემოვნებაში არ ჯდება ეს განცხადება, მაგრამ სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება. კერძო ტელეკომპანიის დირექტორია და პოლიტიკურ პროცესში, პოლიტიკური აგიტაციის პროცესში შეზღუდვა მათ არ აქვთ. მთავარია სატელევიზიო ეთერში იყოს ტელეკომპანიის მიერ თანასწორი მიდგომა ყველა კანდიდატისა და საარჩევნო სუბიექტისადმი. მას რომ დაეწერა, დროს არ დავუთმობ სალომე ზურაბიშვილს, ეს იქნებოდა საარჩევნო კოდექსის ცალსახა დარღვევა. ამ შემთხვევაში, საარჩევნო კოდექსის რომელიმე მუხლი აგიტაციასთან დაკავშირებით, არ ირღვევა" - განუცხადა ბენიძემ "პრაიმტაიმს".

მიხეილ ბენიძე განმარტავს, რომ კერძო ტელეკომპანიების მფლობელებს ან დირექტორებს, მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთების უფლება აქვთ:

"მაგალითად იმედის ხელმძღვანელს, რომ დაეწერა მსგავსი რაღაც ნაციონალურ მოძრაობაზე ან ნებისმიერ სხვაზე, ამის უფლება ექნება, თუმცა სხვა შემთხვევაა საზოგადოებრივი მაუწყებელი, მას იმთავითვე ევალება იყოს დაბალანსებული" - ამბობს ბენიძე. 

ნიკა გვარამიამ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებსა და დამფინანსებლებს ვრცელი პოსტი მიუძღვნა. მისი თქმით, ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს, ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, ყველა პოლიტიკოსი, რომელიც დაყვება და მხარს უჭერს, უკიდურესად უნდა შეავიწროონ.

"ქვეყნის მოღალატე და მისი მოკავშირეები საჩვენებლად უნდა დაისაჯონ! მე, პირადად, ვაპირებ ამას მივუძღვნა საკუთარი თავი უახლოვესი რამდენიმე წელი. ჯერ არჩევნების წაგებაში ძალიან დავეხმარები მოღალატე სალომეს (აუცილებლად წააგებს) და მერე მივუბრუნდები მის დამხმარეებს" - დაწერა გვარამიამ და მომდევნო პოსტი კონკრეტულად ჩაჩავას კლინიკის მეან-გინეკოლოგებს მიუძღვნა. "რუსთავი 2" - ის გენერალურმა დირექტორმა ექიმები იმის გამო გააკრიტიკა, რომ ზურაბიშვილის შემომწირველებს შორის დღევანდელი მონაცემებით ჩაჩავას კლინიკის მეან-გინეკოლოგებიც აღმოჩნდნენ.

წერილს თავად საპრეზიდენტო კანდიდატიც გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, გვარამია, თავისი პოსტით, ყველა ზომას და ზღვარს გადასცდა. დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, მან ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის წარმომადგენლებსაც მიაწოდა.

ავტორი: ნინო რაზმაძე