fbpx
17:02 | 2020-05-06 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება” Facebook-მა გააერთიანა – ცუკერბერგს ორივე მადლობას უხდის

“ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება” Facebook-მა გააერთიანა – ცუკერბერგს ორივე მადლობას უხდის

„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ სოციალურმა ქსელმა „Facebook“-მა გააერთიანა.

 

ამის მიზეზი, ასობით დაბლოკილი ანგარიში გახდა, რომელიც სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ აპრილის თვეში გამოავლინა.

 

ახლა ორივე პარტია, როგორც მმართველი გუნდი, ისევე ოპოზიცია მარკ ცუკერბერგს მადლობას უხდის.

 

„ქართული ოცნების“ მადლობა

 

„ქართულ ოცნებაში“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ, ბრიფინგი გამართა მამუკა მდინარაძემ.

 

მისი თქმით, ამ ყველაფრის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას.

 

„ყველამ ვიცით, რომ სოციალური ქსელების გავლენა ძალიან დიდია მოსახლეობის განწყობებზე და ქმნის პოლიტიკურ დღის წესრიგს. საქართველოში 2018 წლიდან დაიწყო სოც ქსელების გამოყენება დეზინფორმაციისთვის. თავად „ფეისბუკკმა“ ოფიციალურად დაადასტურა საიდან იღებს ეს ყველაფერი სათავეს. მან გამოაქვეყნა განცხადება, სადაც საუბარია სახვადასხვა გვერდების ანგარიშების ჩახსნაზე.
საქართველოს კონტექსტში ნახსენებია ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია „ნაციონალური მოძრობა“. „ნაციონალური მოძრაობის“ ყალბი ანგარიშების სამიზნეს წარმოადგენდნენ ეკლესია, მმართველი პარტია და კორონავირუსის პანდემიიის პირობებში მთავრობის ძალისხმევა.

 

ეს ხდება მაშინ, როდესაც მთავრობა ყველაფერს აკეთებს ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ კამპანიაში იხარჯებოდა დიდი რაოდენობით თანხა, დაახლოებით 100 ათას ლარამდე.

 

ბუნებრივია, მადლობას იმსახურებს „ფეისბუკის“ ადმინისტრაცია ამ ძალსიხმევისთვის. მინდა მივმართო მათ, ასეთივე ყურაღებით დააკვირდნენ სოციალური ქსელის მუშაობას განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში“,- აღნიშნა მდინარაძემ.

 

მდინარაძემ ასევე უარყო „ქართული ოცნების“ რაიმე სახის კავშირი კოკა ყანდიაშვილთან.
“რაც შეეხება კოკა ყანდიაშვილს, ერთხელ და სამუდამოდ რომ დამთავრდეს სპეკულაციები, ამ ადამიანს 2014 წლიდან „ქართულ ოცნებასთან“ აღარ აქვს კავშირი. ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და უფრო აქტიურად ებრძვის „ნაციონალურ მოძრაობას“, ყანდიაშვილი წლებია ოპერირებს მედიაბაზარზე, მაგრამ ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს. ასეთი მტკიცებულება ვერ იქნება ბუნებაში“ – განაცხადა მდინარაძემ.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ მადლობა

 

მართალია მმართველი გუნდის მსგავსად, ოპოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი არ გაუმართია, მაგრამ ისინიც იმავე აზრზზე არიან, რა აზრზზეც „ქართული ოცნება“, ამას კი მათ მიერ გავრცელებული განცხადება მოწმობს.

 

„პირველ რიგში, მივესალმებით ფეისბუკის ადმინისტრაციის მიერ ყალბი და არაიდენტიციფირებადი გვერდების, ფეიკ-ინფორმაციების გავრცელების აღკვეთის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტიის ლიდერები არიან მსგავსი გვერდების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე. ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არც მართავდა, არც მართავს და არც მომავალში აპირებს არაიდენტიფიცირებადი გვერდებით ოპერირებას.

 

ჩვენთვის მსგავსი მეთოდებით პოლიტიკის კეთება მიუღებელია. მხარს დავუჭერთ ყველა რადიკალურ ღონისძიებას, რომელიც შეზღუდავს ყალბი ინფორმაციის გავრცელებას სოციალურ ქსელში. ნებისმიერი ასეთი გვერდი, მიუხედავად იმისა, რა პოზიციას იკავებს ამ გვერდის ადმინისტრატორი, უნდა გაუქმდეს. ჩვენი უმთავრესი პრინციპია – საჯარო, გამჭვირვალე, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური აქტივობებით დავამარცხოთ „ქართული ოცნება“ სამართლიან არჩევნებში და ხელისუფლების აგრესიულ ფეიკ კამპანიას დავუპირისპიროთ ჩვენი თანმიმდევრული და მკაფიო გეგმა, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა არსებული რთული მდგომარეობიდან.

 

მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკურ ლიდერებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ერთ დროს „ნაციონალური მოძრაობას“ წარმოადგენდნენ და კარგად იციან, როგორ საქმიანობდა და საქმიანობს პარტია, თავი შეიკავონ მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე თავდასხმისგან.

 

ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად იციან, რომ საქართველოში ფეიკ ინფორმაციის და სიძულვილის გაღვივების წყაროები ლაშა ნაცვლიშვილის, კოკა ყანდიაშვილის და შალვა რამიშვილის ავტორობით, ერთი მხრივ, რუსეთის ფედერაცია და მეორე მხრივ, ქართული ოცნება არიან“.

 

„პრაიმტაიმი“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ხატია დეკანოიძეს დაუკავშირდა.

 

– კარგია რომ კოკა ყანდიაშვილთან და „სპუტნიკთან“ ასოცირებული გვერდები დაიბლოკა. პირველი იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ საბიუჯეტო ხარჯებს ხარჯავს სიბინძურის გავრცელებაზე. მეორე, მე მაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ გვერდებთან ერთად, დაიბლოკა კონკრეტული ადამიანების გვერდები. რომელსაც ხშირად არეპორტებენ სხვადასხვა ექაუნთები. თუ ვინმე ჩვენი სახელით ავრცელებდა ყალბ ინფორმაციას, პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მასთან ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს.

 

ბევრი კერძო ადამიანის გვერდი დაიბლოკა, მათ შორის ნიკა ნოზაძის, ფარნაოზ ჭკადუასი. ფარნაოზი მუდმივად ანტი ბიძინა ივანიშვილის სტატუსებს აქვეყნებდა, მას ხშირად არეპორტებდნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები.

 

ბიძინა ივანიშვილის ტიკტოკის ვიდეოს გაკრიტიკების გამო, ჩემი მისამართითაც გამოცხადდა შეტევა რამდენიმე დღის წინ. ყანდიაშვილის და სპუტნიკის ტროლებისგან „ფეისბუქის განწმენდა მნიშვნელოვანია. ამ სიძულვილის გავრცელებაში არანაირი რეკლამა არ გამოგვიყენებია. დეზინფორმაციას პროპაგანდას არ ვუკეთებთ.

 

რა მოხდა რეალურად

 

შეგახსენებთ, 30 აპრილს სოციალური ქსელ Facebook-ის ადმინისტრაციამ ათობით გვერდი და ანგარიში დაბლოკა.

 

დაბლოკილია სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან დაკავშირებული ანგარიშები და გვერდებიც.

 

დაბლოკილია და სოციალურ ქსელში აღარ იძებნება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული გვერდები და ანგარიშები.

 

Facebook-ის ცნობით, ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებულ სოციალური ქსელის ანგარიშებს, დაახლოებით, 785 000 ანგარიში მიყვებოდა, მინიმუმ, ერთ გაუქმებულ გვერდს მაინც; დაახლოებით, 6 300 ანგარიში მიყვებოდა, მინიმუმ, ერთ გაუქმებულ ჯგუფს მაინც; და, დაახლოებით, 6 400 ანგარიში მიყვებოდა, მინიმუმ, ერთ გაუქმებულ Instragm-ანგარიშს მაინც.

 

Facebook-მა ასევე ქართული ოცნების PR კონსულტანტის, კოკა ყანდიაშვილის, მიერ შექმნილი ეSპერსონა და მასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში არაავთენტური ქცევის გამო გააუქმა.

 

ამასთან, Facebook-მა გააუქმა ქართული ანგარიშების კიდევ ერთი ქსელი, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული.

 

სოციალური ქსელის გიგანტმა პლატფორმიდან ეSპერსონასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა.

 

როგორც განცხადებაში წერია, ეს ქსელი დაკავშირებული იყო 2019 წლის 20 დეკემბერს წაშლილ ქსელთან, როდესაც Facebook-მა ქართული ოცნების ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში გააუქმა.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X