23:47 | 2021-03-06 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ნაწამები, სიკვდილის პირას მყოფი კაცი დედას გავარვარებული ურიკით მიუყვანეს – შურისძიების შემზარავი ისტორია წალენჯიხაში

ნაწამები, სიკვდილის პირას მყოფი კაცი დედას გავარვარებული ურიკით მიუყვანეს – შურისძიების შემზარავი ისტორია წალენჯიხაში

წალენჯიხელ სერგო კვარცხელიას 63 წელი შეუსრულდებოდა, ის სასტიკად აწამეს – ყბა საკუთარი ბარით ჩამოათალეს, კიდურები დაუმტვრიეს და სიკვდილის პირას მყოფი დედას გავარვარებული ურიკით მიუყვანეს. ეს საზარელი ამბავი ორი ათეული წლის წინ მოხდა – ჟურნალისტი ბერდია კალანდია სოციალურ ქსელში ამ შემზარავ ისტორიას იხსენებს, რომელიც წლების წინ სამეგრელოში მოხდა.

 

„ყველაფერი კი ასე დაიწყო:

 

1998 წლის 3 მარტს, წალენჯიხაში ხმა გავრცელდა, საფლავი გაძარცვესო.

 

ჭირისუფლებმა ეჭვი ბარ-ნიჩბის პატრონზე – 40 წლის სერგო კვარაცხელიაზე მიიტანეს, რომელიც თავს საფლავების მოპირკეთებით ირჩენდა. გავრცელებული ინფორმაციით, განსვენებულს ჯიბეში აღარც 100 დოლარი ედო და არც – ნარკოტიკი, თუმცა „კრიმინალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, კვალი დაეფარა, ანუ მიცვალებულის გაქურდვა მას რომ არ დაბრალებოდა, იერიში მესაფლავეზე მიიტანა.

 

მიცვალებულს ოქროს ცეპი და ბეჭედი ეკეთა. აკლდა მხოლოდ ნარკოტიკი და ცალი ფეხსაცმელი. კრიმინალური ბანდა სერგო კვარცხელიას სახლში სწორედ, რომ ამ ცალ ფეხსაცმელს ეძებდა. პოლიციამ ცალი ფეხსაცმელი სერგოს სახლში იპოვა, რომელიც ბანდის წევრებმა პოლიციის მისვალმდე დადეს.

 

მიცვალებულის ახლობლებმა და ე.წ ძველმა ბიჭებმა სერგო კვარცხელიას ყბა საკუთარ ბარით ჩამოათალა, ალაგ-ალაგ სხეული დაუწვა, თვალი ამოთხარა, ყური მოაჭრა,ნემსით გულ-მკერდი დაუსერა, კიდურები დაუმტვრია და სანამ ასე დასახიჩრებულ შვილს დედას მიუყვანდნენ, სერგო კვარცხელია ბრბომ საავადმყოფოდან გაიტაცა.

 

როგორც ადგილობრივი მედპერსონალი იხსენებს, კვარცხელიას ფეხებში მოკიდეს ხელი და მეოთხე სართულიდან პირველ სართულამდე ათრიეს. ვერავინ ვერ შეძლო ხმის ამოღება. ყოველ სართულზე აჩერებდნენ და თავზე წიხლს ურტყამდნენ. მთელი ოთხი სართული სერგო კვარაცხელიას სისხლით იყო მოსვრილი. ერთ-ერთმა სახეზეც მოაშარდა.

 

ქალები, სერგოს დასერილ სხეულს, სათესლე ჯირკვლებს გახურებული შანთებით უწვავდნენ. რკინის ურიკას ცეცხლი წაუკიდეს, გაავარვარეს და ზედ დასვეს. კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა სერგო კვარცხელიას დანით 29 ჭრილობა მიაყენა და ე.წ “შპრიცი” გულის არეში ჩაარტყა, რასაც სერგო კვარცხელიას სიკვდილი გამოიწვია.

 

გაგონილმა და ნანახმა შეძრა წალენჯიხა. კვარაცხელიას შველა ვერავინ შეძლო, ვერც მაშინდელმა – მერმა და ვერც – პოლიციამ. ბოლოს, სერგო უდანაშაულო აღმოჩნდა. სამართალდამცავებმა გარდაცვლილის (ვისი საფლავიც გაიძარცვა) დედა და ძმა ციხეში გამოამწყვდია. ხელისუფლებას შეეძლო შველა, მაგრამ ვერ ან არ გააკეთა.

 

იმ პერიოდში წალენჯიხის გამგებელი დავით ქანთარია იყო, ხოლო პოლიციის უფროსი სინარ ჯოჯუა. დღემდე უცნობია ვინ გასცა ბრძანება სპეცრაზმის ჩახსნის თაობაზე და რატომ არ აღკვეთეს წალენჯიხაში კრიმინალების თარეში?!

 

მაშინდელმა პოლიციამ და ხელისუფლებამ სერგოს ოჯახს ჭორი დაუყარა, თითქოს ოჯახმა საქმის დახურვის მიზნით დიდი ფული აიღოო…” – წერს ბერდია კალანდია.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური


X