00:39 | 2021-02-26 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ნატო და გაერო სომხეთში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებებს ავრცელებენ

ნატო და გაერო სომხეთში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებებს ავრცელებენ

NATO ყურადღებით აკვირდება სომხეთში მიმდინარე მოვლენებს. მნიშვნელოვანია, რომ ესკალაცია თავიდან იქნეს აცილებული, – ამის შესახებ ალიანსის პრესმდივანმა ოანა ლუნგესკუმ “ტვიტერზე” დაწერა.

 

“მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იქნას აცილებული განცხადებები და ქმედებები, რომლებმაც, შესაძლოა, შემდგომი ესკალაცია გამოიწვიოს. ნებისმიერი პოლიტიკური უთანხმოება მშვიდობიანად და დემოკრატიულად, სომხეთის კონსტიტუციის შესაბამისად უნდა გადაწყდეს”, – წერს ოანა კუნგესკუ.

ვისაც რევანშისტული აზრები აქვს, ის პირველი მიიღებს მუშტს – ალიევი სომხეთში მიმდინარე მოვლენებზე
26/02/2021ვისაც რევანშისტული აზრები აქვს, ის პირველი მიიღებს მუშტს – ალიევი სომხეთში მიმდინარე მოვლენებზე
PTN.GE

სომხეთს პოლიტიკური წინააღმდეგობების მოსაგვარებლად თავშეკავებისა და დიალოგისკენ გაეროც მოუწოდებს. ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალური მდივნის წარმომადგენელმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა. გაერო სომხეთში შექმნილი ვითარებით შეშფოთებულია და კონფლიქტის მხარეებს სიმშვიდისა და დიალოგისკენ მოუწოდებს.

 

”ჩვენ მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ, ასევე მოვუწოდებთ ინკლუზიური დიალოგისკენ დაძაბულობის დეესკალაციისა და პოლიტიკური უთანხმოებების გადასაჭრელად. ეს კი, დემოკრატიული პროცესისა და კონსტიტუციის სრული პატივისცემით უნდა მიიღწეს.” – განაცხადა დუჟარიკმა.

 

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი, რომელმაც მანამდე მისი გადადგომა მოითხოვა.

 

ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნა მისი გადადგომის შესახებ სამხედრო გადატრიალების მცდელობაა.

 

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავრობას არ შეუძლია, მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილებები ხალხისთვის კრიზისულ ვითარებაში.

 

მოგვიანებით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებთან მივიდა და მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.

 

მსვლელობის პარალელურად, ოპოზიციურმა ძალამ “მოძრაობა სამშობლოს გადასარჩენად“ მოქალაქეებს მოუწოდა, 15:00 საათისთვის თავისუფლების მოედანზე შეიკრიბონ და სომხეთის შეიარაღებულ ძალებს მხარდაჭერა გამოუცხადონ.

 

ერევანში ამ დროისთვის შედარებით მშვიდი ვითარებაა. ნიკოლ ფაშინიანის მოწყობილი აქცია დასრულდა და პრემიერმა თავის მომხრეებს სახლებში წასვლისკენ, ხოლო ოპოზიციას მოლაპარაკებისკენ მოუწოდა.

ავტორი: თამარ ბუჩუკური


X