15:53 | 2021-08-25 ავტორი: Prime Time

ნათია თურნავა – ჰაწვალის ახალ, ულტრათანამედროვე საბაგიროს მშენებლობაში 34 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

ნათია თურნავა – ჰაწვალის ახალ, ულტრათანამედროვე საბაგიროს მშენებლობაში 34 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

მიუხედავად იმისა, რომ  დღესდღეობით მთელი ჩვენი რესურსები არსებითად გადართულია პანდემიასთან ბრძოლისკენ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება პირველ რიგში, ბატონმა პრემიერმა, ჩვენმა გუნდმა, რომ ძალიან სწრაფი ტემპით აშენდეს  ჰაწვალის ახალი, ულტრათანამედროვე  საბაგირო – ეს არის დაახლოებით 34 მილიონი ლარის ინვესტიცია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ქართული ოცნების“ მესტიის მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენაზე განაცხადა.

 

მინისტრის თქმით, სვანეთს უდიდესი შენატანი აქვს ქვეყნის ეკონომიკაში.

 

„ბატონმა პრემიერმა ისაუბრა იმ სირთულეებზე, რაც სირთულეებიც დაატყდა მთლიანად გლობალურ ეკონომიკას და მათ შორის საქართველოს. მიუხედავად იმისა, რომ ვებრძვით ამ უხილავ მტერს პანდემიას და ჯერ არ ჩანს ბოლო, ჩვენ ვახერხებთ, რომ დაბალანსებული პოლიტიკით არა თუ არ დავხუროთ და შევზღუდოთ ეკონომიკა, არამედ ამ პირობებში მივაღწიოთ რეგიონში და მსოფლიოში უპრეცედენტო ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. რას ნიშნავს ეს თქვენთვის – თქვენთვის ეს ნიშნავს, რომ თუნდაც პანდემიის პირობებში, როდესაც გლობალურად ტურიზმი არის შესუსტებული, ტარდება ზაფხულის სეზონი. რა თქმა უნდა, ეს არ არის 2019 წელი, როდესაც თქვენ უმასპინძლეთ სულ მცირე 150 ათას უცხოელ ვიზიტორს და სვანეთი იყო ერთ-ერთი ნომერი პირველი რეგიონი მასპინძლობის თვალსაზრისით, რომ აღარაფერი ვთქვათ ათასობით ქართველ სტუმარზე, ტურისტზე, ვინც დღესაც ჩამოდის სვანეთში“, – აღნიშნა ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას.

 

მინისტრის განცხადებით, მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევით სვანეთის ტურისტული ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება.

 

„თქვენ იცით, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ სვანეთი ჩამოყალიბდეს 12-თვიან კურორტად . სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს აშენდა თეთნულდის საბაგიროები, მესტია-ჰაწვალის საბაგირო, მცირე საბაგიროების ინფრასტრუქტურა სოფლებში – ბეჩოში, მაზერში, ეწერში და სხვაგან. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არის არის საკმარისი განსაკუთრებით ახლა, როდესაც მძიმე დარტყმა მიადგა ზოგადად გლობალურ ტურიზმს. სწორედ ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მთელი რესურსები არსებითად გადართულია პანდემიასთან ბრძოლისკენ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება პირველ რიგში, ბატონმა პრემიერმა, ჩვენმა გუნდმა, რომ ძალიან სწრაფი ტემპით ულტრათანამედროვე ჰაწვალის ახალი საბაგირო მოესწროს. ეს არის დაახლოებით 34 მილიონი ლარის ინვესტიცია, რომელიც ვიცით, რომ ერთ ათად დაგვიბრუნდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

მინისტრის თქმით,  ეს არ არის ყველაფერი, რაც დაგეგმილია. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, უახლოეს პერიოდში ასევე დაიწყება კონკრეტულად სვანეთისთვის განკუთვნილი ძალიან საინტერესო პროექტები.

 

„მოგეხსენებათ, პრემიერის დავალებით, შევიმუშავეთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების 10-წლიანი გეგმა, მათ შორის ტურიზმის განვითარების და უახლოეს პერიოდში  სვანეთისთვის გვაქვს განკუთვნილი ძალიან საინტერესო პროექტები. მაგალითად, ჰაწვალის ახალი საბაგიროს დასრულების შემდეგ იმისთვის, რომ  ჰაწვალის ტურისტული კომპლექსი შეიკრას,  აუცილებელია განხორციელდეს დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროექტი – რეინჰოლდ მესნერის მუზეუმის მოწყობა, რომელიც შეკრავს ამ ობიექტს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთ დღეში განსახორციელებელი პროექტი, მაგრამ აუცილებლად განხორციელდება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

რაც შეეხება თეთნულდის კომპლექსს,  ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მომავალში აუცილებლად განიხილება მულახი-თეთნულდის საბაგირო მშენებლობა.

 

„ძალიან მალე დავასრულებთ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას და ამაზეც მივიღეთ დავალება, თუმცა ამავდროულად მომავალში აუცილებლად ვიფიქრებთ მულახი-თეთნულდის საბაგიროს განხორციელებაზე. ეს არ არის მცირე პროექტი, საკმაოდ მასშტაბურია, მაგრამ ამასაც განვახორციელებთ, ვსწავლობთ ამის პერსპექტივებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

(NS)

ავტორი: Prime Time

X