23:01 | 2021-09-16 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ნაყინი არ გამისინჯავს და გთხოვ, მიყიდე… – უმძიმესი ცხოვრების მქონე 7 წლის ობოლ გოგონას დახმარება სჭირდება

ნაყინი არ გამისინჯავს და გთხოვ, მიყიდე… – უმძიმესი ცხოვრების მქონე 7 წლის ობოლ გოგონას დახმარება სჭირდება

ჯერ 7 წლის არის, თუმცა დაუნდობელმა ცხოვრებამ ყველაფერი წაართვა. დედაც სამი თვის წინ გამოეცალა ხელიდან. ამ სევდიანი ისტორიის მთავარი გმირი ახლა მოხუც ბებიასთან ერთად ორთაჭალაში, ნათესავის პატარა ოთახში ცხოვრობს.

 

მალე სასწავლო წელი დაიწყება. პატარა გოგონა სკოლაში წელს პირველად უნდა მივიდეს. ბებიას გაუმხილა, რომ სკოლაში მისვლა არ უნდა. მიზეზიც განუმარტა: არც ტანსაცმელი მაქვს, არც ჩანთა და სხვა ნივთებიო…

 

ბავშვის ბებიამ ინტერვიუს მოცემაზე იუხერხულა. „პრაიმტაიმი“ საქველმოქმედო ჯგუფის ერთ-ერთ დამფუძნებელს, სალომე სამუშიას ესაუბრა.

 

„ამ უმძიმეს ისტორიას სამი გმირი ჰყავს: 27 წლის ნანუკა, რომელიც სამწუხაროდ სამი თვის წინ გარდაიცვალა, მისი 7 წლის შვილი და ბებია, რომელიც დღეს უკვე ბავშვის ერთადერთი იმედია.

 

ნანუკა გავიცანი 8 თვის წინ და 5 თვე ვეცადეთ მისი სიცოცხლის გადარჩენას, თუმცა მისმა გულმა ვერ გაუძლო და დაგვტოვა. მას ჰქონდა უმძიმესი დაავადება – ანემია. სამწუხაროდ, შემდეგ განუვითარდა ანორექსია. საბოლოოდ მისმა გულმა ვეღარ გაუძლო და გაჩერდა. როცა ნანუკა გავიცანი, დაავადების უკვე შორს წასული ფორმა ჰქონდა. კეთილი ადამიანების დახმარებით ბევრი ვეცადეთ, რომ გადაგვერჩინა, მაგრამ უკვე ძალიან დაგვიანებული იყო…

 

ნანუკა 3 თვის წინ გარდაიცვალა. მისი ერთადერთი პატარა გოგონა დედის გარეშე დარჩა. ნანუკა ეკას მარტო ზრდიდა და მას მამა არც არასდროს ჰყოლია…

 

ბავშვი ახლა მოხუცი ბებიის ამარაა დარჩენილი. ძალიან თბილი გოგონაა. ჩვენი ყოველი მისვლა ისე ახარებს, ვერ აღგიწერთ. ისეთი განცდა ეუფლება, თითქოს დედამისი მიდიოდეს მასთან…

 

ეკა წელს პირველად მიდის სკოლაში, არაფერი არ აქვს. სასკოლო ნივთები კი არა, საკვებზე აქვთ პრობლემა. ერთ-ერთი სტუმრობის დროს გამიმხილა, ნაყინი არ გამისინჯავს და გთხოვ, ნაყინი მიყიდეო…

 

ორთაჭალაში ერთ ოთახში ცხოვრობენ ნათესავის სახლში, რომელსაც არც სველი წერტილი აქვს და არც სამზარეულო, არც არავინ იცის, როდის მოუწევთ საცხოვრებლის დატოვება, რადგან ტერიტორიულად ისეთ ზონაში მდებარეობს, შეიძლება მშენებლობები დაიწყოს და გაასახლონ…“ – ამბობს სალომე სამუშია.

 

„პრაიმტაიმის“ მკითხველს არაერთი ადამიანის ცხოვრება შეუცვლია უკეთესობისკენ. იმედი გვაქვს, რომ პატარა ეკას ცხოვრებას ყველა ერთად შევცვლით.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X

error: Content is protected !!