19:35 | 2020-07-01 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ნახევრად დისტანციური სწავლება სკოლებში – დირექტორებმა ახალი სასწავლო წლის შესახებ მითითებები უკვე მიიღეს

ნახევრად დისტანციური სწავლება სკოლებში – დირექტორებმა ახალი სასწავლო წლის შესახებ მითითებები უკვე მიიღეს

პრაიმტაიმისთვის ცნობილი გახდა, რომ დღეს, 1 ივლისს განათლების სამინისტროში თბილისის სკოლების დირექტორებისთვის თათბირი მომავალი სასკოლო წლის შესახებ  ჩატარდა.  სექტემბრიდან სკოლის მოსწავლეებს განათლების სამინისტრო ორი ტიპის სპეციალურ სასწავლო მოდელს და შედარებით მცირე ხნიან გაკვეთილებს შესთავაზებს.

 

I-VI კლასელებს შერეული ე.წ. ჰიბრიდული მოდელის ტიპის გაკვეთილები ჩაუტარდებათ,

 

ხოლო VII კლასიდან XII-ის ჩათვლით მოსწავლეებს სპეციალურ ცხრილსა და გაკვეთილების განრიგს შესთავაზებენ,

 

ასევე, შემცირდება გაკვეთილის ხანგრძლივობა. 

 

დაბალ კლასებში გაკვეთილები შერეულად – დისტანციურად და სკოლაში პრაქტიკული მეცადინეობებით გაგრძელდება. ხოლო მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის სპეციალური ცხრილი და გრაფიკი შედგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეები მონაცვლეობით ივლიან სასწავლო დაწესებულებაში.

 

განათლების სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება ეპიდსიტუაციის პრევენციის მიზნით მიიღო – სოციალურ დისტანცირების უზრუნველყოფა სხვა მოდელის შერჩევით ვერ ხერხდება კლასების სიმწირისა და მოსწავლეთა დიდი რაოდენობის გამო.

 

შესვენებებზე სოციალური დისტანცირებისა და სხვა რეკომენდაციების დაცვის კონტროლი მანდატურების პასუხისმგებლობა იქნება. ასევე, ცნობილი გახდა, რომ სკოლებში სასადილოებს ფუნქციონირების უფლება აღარ ექნება.

ყველა ბავშვს უფასოდ ვასწავლი, დაესწარით გაკვეთილებს - „მოხალისე“ მასწავლებლის ისტორია
2020-05-28ყველა ბავშვს უფასოდ ვასწავლი, დაესწარით გაკვეთილებს - „მოხალისე“ მასწავლებლის ისტორია

„პრაიმტაიმი“ ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად 161-ე სკოლის დირექტორს, მიხეილ მინდაძეს ესაუბრა.

 

„დეტალურად ეს ინფორმაცია ხვალ მეცოდინება. თუმცა, გეტყვით, რომ ჰიბრიდული მოდელი პირობითად დაერქვა, ეს შერეული სწავლების მოდელია, რომელიც დისტანციურ და ლაივ რეჟიმში ჩატარებულ გაკვეთილებს გულისხმობს.

 

ვფიქრობ, ეს სამინისტროს მხრიდან გადაწყვეტილი არ არის, შემოთავაზების დონეზეა. ყველა სკოლას ერთნაირი მართვის მოდელი არ ექნება მასშტაბების და მოსწავლეთა რაოდენობის სხვადასხვაობის გამო.

 

ვადასტურებ, რომ ამაზე საუბარი არის, მაგრამ გადაწყვეტით ვერაფერს ვიტყვი.

 

რაც შეეხება სკოლებში სასადილოებს, ვემხრობი აზრს, რომ ფუნქციონირების უფლება არ უნდა ჰქონდეს, მცირე სივრცის გამო, სადაც სოციალურ დისტანცირებას ვერ დაიცავენ. ეს მხოლოდ შესაძლებელია პანსიონატის მსგავს სასწავლო დაწესებულებებში, სადაც სასადილოები დიდია.

 

ვფიქრობ, რომ გაკვეთილების მიმდინარეობის დრო შემცირდება.” – ამბობს მიხეილ მინდაძე.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენატარი - +

X