00:32 | 2020-04-17 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ნაგვის ბუნკერებში ჯართს ვეძებ – სამი შვილის მარტოხელა მამის ამაღელვებელი ამბავი

ნაგვის ბუნკერებში ჯართს ვეძებ – სამი შვილის მარტოხელა მამის ამაღელვებელი ამბავი

მარტოხელა, მრავალშვილიანი მშობელი – ასოციაციურად დედა იფიქრეთ? ასეა, თითქოს ჩვენს საზოგადოებაში მარტოხელა მშობლის მიღმა აუცილებლად დედა უნდა მოიაზრებოდეს, ასეთია სტიგმა.

 

„პრაიმტაიმი“ მარტოხელა მამას გაგაცნობთ, რომლის მთავარი გასაჭირი უსახლკარობა, ხოლო მთავარი საზრუნავი მისი სამი შვილია. ოცნებობს ჰქონდეს საკუთარი სახლი, კარგ მოქალაქეებად აღზარდოს ბავშვები და ამისთვის უბრალოდ ჰქონდეს საჭმელი.

 

არ მინდა ჩემი შვილებიც ისეთ გაჭირვებაში გაიზარდონ და ისეთი მომავალი ჰქონდეთ, რაც მე გამოვიარეო, ამბობს  სამი შვილი მარტოხელა მამა, 35 წლის გოგა იაძე.

 

ჯანმრთელობის პრობლემების გამო ფიზიკურად შრომა არ შეუძლია. იმისთვის, რომ შვილებს სახლში პური მაინც მიუტანოს, ყოველ დღე ქუჩაში ჯართის შესაგროვებლად გადის. ხშირად ნაგვის ბუნკერებშიც უწევს საყოფაცხოვრებო ნაგვის ქექვა იმის იმედით, რომ ძველ და გამოუსადეგარ  ნივთებს გადააწყდება.

 

ხან უმართლებს, ხანაც – არა. დღეს, რამდენიმე კილოგრამი ფერადი ლითონი შეაგროვა. ბედნიერია, რადგან მის შვილებს პური და შემწვარი კარტოფილი ექნებათ. ხვალ ისევ გავა ჯართის მოსაგროვებლად,  ისევ იმ იმედით, რომ რაღაცას იპოვის და სახლში ხელცარიელი არ დაბრუნდება.

 

12 წლის გიორგის, 10 წლის საბასა და 8 წლის ანდრიას დღეს მამა ზრდით.  გოგა მეუღლეს 5 წლის წინ დაშორდა და შვილების მასთან დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო. პირად ცხოვრებაზე საუბრისგან თავს იკავებს.

 

მარტოხელა სამი შვილის მამობა, რომ იოლი არ არის კარგად იცის. გაცნობიერებული აქვს  პასუხისმგებლობა და ცდილობს შეცდომა არ დაუშვას.

 

„წარმოშობით კასპიდან ვარ, მაგრამ თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ჩემს ოჯახს ბაგებში კერძო სახლი ჰქონდა. 15 წლის ვიყავი, როცა მისი გაყიდვის გადაწყვეტილება მივიღეთ, კორპუსში ვაპირებდით შეძენას. ფული ხელში გვეჭირა, როცა ნათესავმა ქალბატონმა ფული გვესესხა, მაგრამ აღარ დაუბრუნებია.

 

უკვე 15 წელია გვპირდება აუცილებლად გიყიდით საცხოვრებელსო, მაგრამ ამ დრომდე არაფერი შეცვლილა. გარკვეული პერიოდი ქირის ფულს გვიხდიდა. მერე ეგეც შეგვიწყვიტა და დავრჩით ღია ცის ქვეშ. ამ ხნის განმავლობაში არაერთი საცხოვრებელი გამოვიცვალეთ.

 

ზოგჯერ იმის გამო, რომ ქირის ფულს ვერ ვიხდიდით სახლიდანაც გამოვუყრივართ. უკვე ხუთი წელია, რაც მუხიანის „დაჩებზე“ ვართ ქირით, რომ არა სოციალური დახმარება ალბათ, ქირის გადახდასაც ვერ შევძლებდით. ის ქალბატონი კი, რომელმაც ჩვენი სახლის ფული წაიღო, საფრანგეთში შვილთან იმყოფება.

 

13 წლის წინ დავოჯახდი. ხუთი წლის წინ, ჩვენი ოჯახი დაინგრა. ბავშვების ჩემთან დატოვების ინიციატორი მე ვიყავი, მეუღლეც დამთანხმდა. ის შეძლებისდაგვარად აკითხავს შვილებს, თუმცა დღეს ყველას უჭირს. ბავშვებს დედასთან ხშირად აქვთ ტელეფონით კომუნიკაცია.

 

ძალიან რთულია მარტოხელა მამის სტატუსის ტარება. ვაცნობიერებ და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ვცდილობ შეცდომა არ დავუშვა და ჩემი შვილები სწორად გავზარდო. მინდა ნამდვილ ქართველებად გაიზარდონ. სულ ფიქრებში ვარ, როცა ყველას სძინავს, იმაზე ვფიქრობ მეორე დღეს ჯართის შეგროვებას შევძლებ თუ არა.

 

მე და ჩემს შვილებს მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ყველაფერს ვცდილობ, რომ მაქსიმუმი გავაკეთო მათთვის, მაგრამ ჩემს ძალებს ბევრი რამ აღემატება. საშინელებაა, როცა შვილი გეუბნება, მამა შოკოლადი მინდაო და არ იცი რა უპასუხო.

 

საშუალო განათლება მაქვს მიღებული, კოლეჯიც დავამთავრე საფინანსო მიმართულებით. მერე ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა ტუბერკულოზი აღმომაჩნდა და საკმაოდ დიდხანს ვიმკურნალე. იმდენად დამიუძლურდა ორგანიზმი, რომ ფიზიკურად მუშაობა აღარ შემიძლია.

 

სხვა გამოსავალი, რომ აღარ მქონდა,  ქუჩაში ჯართის შეგროვება დავიწყე. ზოგჯერ ბუნკერებთანაც მიწევს გავლა, რომ ჯართი ან ფერადი ლითონი ვიპოვო. არის დღეები, როცა ვერაფერს ვპოულობ და სახლში ხელცარიელი ვბრუნდები.

 

ჩვენი ყოველთვიური შემოსავალი სოციალური და მრავალშვილიანობის დახმარებაა. ეს ფული ქირაში გვყოფნის, თუმცა საკვებში – არა. რამდენიმე დღის წინ, უფასო სასადილოთი სარგებლობაზე განცხადება დავწერე და იმედი მაქვს, რომ დამიკმაყოფილებენ მოთხოვნას.

 

ერთადერთი ოცნება მაქვს, მინდა მქონდეს საკუთარი პატარა  სახლი, სადაც ქირის გადახდა აღარ მომიწევს. ის ფული, რაც ქირასა და კომუნალურ გადასახადებში მიდის ჩემს შვილებს მოვახმარებდი…“ – ამბობს გოგა იაძე.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X