fbpx
22:33 | 2020-06-16 ავტორი: მარი ჯაფარიძე

„ნადზორი“ ქალი, „დუბინკით“ დადიოდა და ციხეში ჩალპობით გვემუქრებოდა – ტრეფიკინგის მსხვერპლი ქართველი ქალის ინტერვიუ

„ნადზორი“ ქალი, „დუბინკით“ დადიოდა და ციხეში ჩალპობით გვემუქრებოდა – ტრეფიკინგის მსხვერპლი ქართველი ქალის ინტერვიუ

 

რუსუდან კაჭკაჭიშვილი უკვე წლებია, ემიგრაციაშია. ძალზე რთული გზა გაიარა, ვიდრე მისი ცხოვრება ასე თუ ისე დალაგდებოდა. შრომითი ტრეფიკინგის მსხვეპლიც იყო და მონურ ცხოვრებას თავი გაქცევით დააღწია.

 

მან „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში თქვა, რომ დამსაქმებელმა მოატყუა და ყვავილების ფაბრიკის ნაცვლად „კონცლაგერში“ ამოყო თავი, დადიოდა ხავსის შესაგროვებლად და ამავე დროს, ჭაობში ჩავარდნისა და ჩახრჩობის საშიშროებაც არსებობდა,

 

– ტყუპი ბიჭები მყავს. წლების წინ, როცა ბავშვები ჯერ კიდევ პატარები იყვნენ, გადავწყვიტე ემიგრაციაში წასვლა. მაშინ დაიწყო სამუშაო ვიზები ლიტვაში. მითხრეს, რომ 6-თვიანი ვიზა და ხელფასი 1.200 ევრო მექნებოდა. გამიხარდა, ვიფიქრე, – 6 თვით წავალ, ცოტა ფულს მოვაგროვებ და ჩამოვალ-მეთქი.

 

როგორც შემპირდნენ, ყვავილების ფაბრიკაში უნდა მემუშავა. მე ყვავილების მაღაზია მქონდა და ვიფიქრე, კვალიფიკაციასაც ავიმაღლებდი. დავსახე გეგმები: ჰოლანდიასთან ახლოსაა ლიტვა და კონტრაქტს გავაფორმებ, თან ვნახავ, როგორ მუშაობენ, რა ტექნოლოგიებით და რომ ჩამოვალ, ყვავილების მაგარ სალონს გავაკეთებ-მეთქი. ადგილზე ჩასვლისთანავე აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ბლეფი იყო.

 

აქედან 18 ადამიანი წავედით. ჩვენთან ერთად მოდიოდა გოგო, რომელიც იმის ახლო ნათესავი იყო, ვინც ლიტვაში გაგვიშვა. რას წარმოვიდგენდი, რომ თავისიანს ასეთ პირობებში გაუშვებდა? შესაძლოა, არც იყო ნათესავი და ჩვენი ნდობის მოსაპოვებლად მოგვაჩვენა ასე.

 

ადგილზე რომ ჩავედით, თვითმფრინავთან დაგვხვდნენ, ჩაგვსხეს ავტობუსში და 2 საათის მერე მივედით რომელიღაც სოფელში, სადაც დაგვხვდა ძველი, საბჭოთა პერიოდის, ერთსართულიანი ფაბრიკა თუ ქარხანა, რომელიც ამათ ჰქონდათ გადაკეთებული.

 

იმავე ეზოში იდგა მეორე შენობა, რომელიც მუშების საცხოვრებელი იყო. იქ მიგვიყვანეს, გვითხრეს, რომ კონტრაქტში შეცდომა იყო და 1.200 ევროს მაგივრად ავიღებდით 1.200 ლიტს, რაც დაახლოებით 200 ევრო იყო. თითო ოთახში 8 ადამიანს გვეძინა და ამაში 120 ევროს გვიქვითავდნენ. ხელფასიდან გვრჩებოდა 80 ევრო, რითაც თავი უნდა გაგვეტანა.

 

რომ წამოვსულიყავი, ვალად აღებულ 2.500 დოლარს როგორ გადავიხდიდი? წარმოიდგინეთ, უკან ნაშრომ-ნაწამები, თან “უკაპიკოდ” ბრუნდები. მე ის ვერ გავთვალე, რომ თუ ამხელა ხელფასი იყო, რასაც გვპირდებოდნენ, თვითონ ლიტველები რატომ არ მიდიოდნენ სამუშაოდ? თანაც, ჩვენი ვიზით მხოლოდ იმ ადგილას გვქონდა მუშაობის უფლება და ასე უცბად ვერ დავტოვებდი იქაურობას.

 

დრო მჭირდებოდა, რამე რომ მომეფიქრებინა. ჩვენი უფროსი იყო ძალიან მაღალი, მსუქანი ქალი. სამხედრო ფორმით, მაღალყელიანი ჩექმით და “დუბინკით” დადიოდა. ყოფილი პოლიციელი იყო და ყველაფერს აზანზარებდა.

 

ნაცნობები ჰყავდა მაღალ ეშელონებში, მინისტრებთან მეგობრობდა და დიდი გავლენაც ჰქონდა, ფაქტობრივად, ყველაფერი შეეძლო. ყველგან მოგძებნიდა.

 

თავიდან ნაძვის ტოტებისგან მოწნულ გვირგვინებს გვაკეთებინებდნენ. საკმაოდ მძიმე საქმე იყო. ჩაგვაცვეს რეზინის ჩექმები, მოგვცეს სპეცტანსაცმელი და სიცივესა და ყინვაში ხელით ვაწყობდით.

 

დილის 6 საათიდან ღამის 11 საათამდე, 14-15 საათი ვმუშაობდით. ერთი თვე ასე გვამუშავეს, შემდეგ წაგვიყვანეს ტყეში და გვითხრეს, რომ ხავსი უნდა მოგვეგროვებინა.

 

ისე ახლოს ვიყავით სხვა ქვეყნის საზღვართან, რომ მესაზღვრეები ძაღლებით რომ დადიოდნენ, ვხედავდით. ხავსი ისე ჩუმად უნდა მოგვეგროვებინა, რომ არავის დავენახეთ და თუ განგაში ატყდებოდა და სირენების ხმას გავიგონებდით, ბუჩქებში უნდა ჩავმალულიყავით.

 

ისეთი კოღოები დაფრინავდნენ, თუ დაგაჯდებოდა, ვეღარ აიწიწკნიდი და თუ გიკბენდა, ვეღარც აცრა გიშველიდა და ვეღარც ექიმი.

 

თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტი ჩაწყდა, დაშვებულებს შორის არასრულწლოვანია
2020-06-16თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტი ჩაწყდა, დაშვებულებს შორის არასრულწლოვანია

 

თანაც, ჭაობიანი ადგილი იყო და 2-3 ადამიანი ერთად დავდიოდით, რომ შემთხვევით თუ ვინმე ჭაობში ჩავარდებოდა, ამოგვეყვანა. ხელფასიდან დარჩენილ 80 ევროს მთელი თვე როგორ ვიზოგავდით, ამის გახსენებაც არ მინდა.

 

კვირაში ერთხელ მივდიოდით მაღაზიაში, რომელიც ჩვენი სამყოფელიდან 4 კილომეტრზე იყო და ფეხით გვიწევდა წასვლა. შევიდოდით მაღაზიაში და ეგრევე გავრბოდით იმ კალათისკენ, სადაც ვადაგასული, ფასდაკლებული საქონელი იყო ჩაწყობილი.

 

რამდენჯერ გვიყიდია ძაღლებისთვის განკუთვნილი ძვლები და სუპი მოგვიხარშავს, წვნიანი რომ გვეჭამა. ძირითადად, ბრინჯსა და მაკარონზე ვიყავით. ახლა მეცინება იმაზე, საქართველოდან რომ წავედი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები და გამოსასვლელი კაბებიც კი წავიღე, რის გამოც ყველა დამცინოდა.

 

7 თვე ვიყავი იქ. გვითხრეს, რომ 6 თვის მერე გაგვიკეთებდნენ 1-წლიან ბარათს, ევროპაში ცხოვრების უფლებით.

 

საშინელ დეპრესიაში ვიყავი. იქ გაცნობილმა გოგონამ გამომიყვანა ამ მდგომარეობიდან. ზოგმა ვერ გაუძლო ამ ყველაფერს და ფსიქიკური პრობლემები დაეწყო.

 

გზებზე ასფალტს რომ აგებდნენ და გვერდით მინდორი იყო ფოცხით დასამუშავებელი, იმაზეც კი გვამუშავებდნენ. შინ დაბრუნებულები ტალახიანი თითებით მაკარონსა და ბრინჯს ვჭამდით და ობობებსა და თაგვებში გვეძინა. ფაქტობრივად საკონცენტრაციო ბანაკში ვიყავით: არ გვქონდა იმ სოფელში მცხოვრებ ხალხთან ურთიერთობის უფლება.

 

ვერავის დაელაპარაკებოდი, ყველგან დაცვა დაგვყვებოდა. ერთმანეთს ვერ ვეკონტაქტებოდით, რადგან სადამსმენო სისტემა ჰქონდათ და ჩვენ შორის მყოფები ერთმანეთს ასმენდნენ. 18 ქართველი ვიყავით, ჩვენთან ერთად იყვნენ უკრაინელებიც.

 

სულ 28 ადამიანი ვცხოვრობდით და ვმუშაობდით, მათგან ნახევარზე მეტი დამსმენი იყო და ვერც გაარკვევდი, ვინ ვინ იყო. ქართველებიდანაც 10 დამსმენი იყო და რაღაცნაირად გამოვთვალეთ. დარჩენილმა 8 ადამიანმა დავიწყეთ ფიქრი, როგორ გავქცეულიყავით იქიდან.

 

მთელი 2 თვე ვადგენდით გაქცევის გეგმას. ამ ხნის განმავლობაში ზუსტად დავადგინეთ, რომ ლამპიონები ქუჩაში 3-ის ნახევრიდან 4-მდე ქრებოდა. ასევე დავადგინეთ, როდის იძინებდნენ ძაღლები.

 

დავუკავშირდი კლაიპედაში ჩემი მეგობარი გოგოს ბიძაშვილს და იმან გამოგვიგზავნა ტაქსი, რადგან ჩვენ ამას ვერ მოვახერხებდით. დანიშნულ დროს მოვიდა ტაქსი ჩამქრალი ფარებით, ლოგინებში ჩავაწვინეთ ფიტულები და 4 ადამიანი გავიპარეთ. ძაღლებმა ატეხეს ყეფა, ძლივს გამოვასწარით.

 

ტაქსი იქიდანაც ჩამქრალი ფარებით გამოვიდა და ავარიაც მოგვივიდა – ხეს დავეჯახეთ, მაგრამ გადავრჩით და გზა განვაგრძეთ. ჯერ კლაიპედაში ჩავედით, იქიდან – ევროპაში. მართალია, ჩვენი “ნადზორი” ქალი, რომელიც “დუბინკით” დადიოდა, დაგვემუქრა, – გაქცევას თუ გაბედავთ, მაინც დაგიჭერთ და ლიტვის ციხეში ჩაგალპობთო, მაგრამ მაინც გავრისკეთ და გაამართლა. ვენეციაში ახლობელი გველოდა და იქ დავრჩით. 5 თვის მერე კი ვენაში ჩავედი და დღემდე იქ ვცხოვრობ.

 

თბილისი 20 ივნისს არ ჩაიკეტება
2020-06-16თბილისი 20 ივნისს არ ჩაიკეტება

 

თავდაპირველად მძიმე სამუშაო მქონდა, ბევრს ვმუშაობდი, საქართველოში მყოფი შვილებისთვის განათლება რომ მიმეცა. ყოველთვე რომ ფულის გაგზავნა გიწევს ოჯახში, იმიტომ, რომ იარსებონ, ეს ძალიან დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული.

 

ერთი პერიოდი იმდენ საქმეს ვაკეთებდი, ახლა თავადაც მიკვირს, როგორ ვახერხებდი. ერთ ოჯახში ვიყავი დამლაგებელი, მზარეული, ძიძა, მძღოლი, ბოლოს სტუმრები რომ მოვიდოდნენ და იქეიფებდნენ, მთვრალ სტუმრებსაც ვარიგებდი სახლებში.

 

რესტორანშიც ვმუშაობდი, მაგრამ ძალიან რთული იყო. ახლა ოლიგარქის ოჯახში მზარეული ვარ. ეს ოჯახი ჯანმრთელ კვებას მისდევს და მეც მათ ყაიდაზე გადავედი. მაიონეზს, ტომატს, დაკონსერვებულს არაფერს იყენებენ, საკმაოდ ბევრი მომსახურე პერსონალი ჰყავთ.

 

12 საათზე მივდივარ და 5-6 საათზე უკვე შინ ვარ. შაბათ-კვირას ვისვენებ. ასეთი წყნარი, სტაბილური და გემრიელი სამსახური დიდი ხანია, არ მქონია და ამ ყველაფრით ვტკბები.

 

დავიწყე სამკაულების გაკეთება. თავიდან ჩემთვის ვაკეთებდი და ვატარებდი. აზარტში შევედი და ნივთებიც დამიგროვდა. ვენაში ქართული დღეები ჩატარდა და მონაწილეობა შემომთავაზეს. რომ ვნახე, ნივთები გაიყიდა და მოსწონდათ, მერე უფრო სერიოზულად მივუდექი ამ საქმეს. სადაც ვმუშაობ, ის საქმე ჩემი მოწოდება არ არის, ის თავის რჩენის საშუალებაა, სამკაულების კეთება კი სიამოვნებას მანიჭებს.

 

ჩემი შვილები მუსიკოსები არიან და საქართველოში მათთვის პერსპექტივა არ არსებობდა. ახლა ლაიფციგში ცხოვრობენ, ორივე სხვენში ცხოვრობს, მაგრამ ცალ-ცალკე, რადგან დაბადებიდან გამუდმებით ჩხუბობენ, თუმცა, ლაშა და გიორგი ერთმანეთის გარეშეც ვერ ძლებენ.

 

 

მე კი მუდამ მენატრებიან. 3 თვეში ერთხელ ვნახულობ და ერთად ჩამოსვლა აკრძალული აქვთ, რადგან მათ ჩხუბს ვერ ვიტან. სხვათა შორის, კარგი მუსიკოსები არიან. ჰყავთ ჯგუფი, თვითონ ინსტრუმენტალისტები არიან, არ მღერიან, მაგრამ მუსიკას წერენ, ევროპაში მოგზაურობენ კონცერტებით და წარმატებულებიც არიან.

 

მათ კონცერტებს აქაური ტელევიზიები აშუქებენ, გაზეთებში ინტერვიუები იბეჭდება. ეს კი ნიშნავს, რომ პოპულარულები არიან.

 

ორიოდე კვირის წინ, ჩემს უამრავ სერტიფიკატს კიდევ ერთი შევმატე და მანიკიურის გაკეტება ვისწავლე. ევროპაში ისე ვარსად დაიწყებ მუშაობს ვერც სალონში, სტილისტად, ვერც მანიკიურს გააკეთებ და ვერც მკერავად, თუ შესაბამისი სერტიფიკატი არ გაქვს. ასე რომ, ცხოვრება გრძელდება და წინ კიდევ წარმატებები მელის.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენტარი - +

X