18:50 | 2020-05-15 ავტორი: Prime Time

„მცენარეც მიგახვედრებს რა დროს, რა სჭირდება“- ახალგაზრდა ფერმერი ქალის ისტორია

„მცენარეც მიგახვედრებს რა დროს, რა სჭირდება“- ახალგაზრდა ფერმერი ქალის ისტორია

აფხაზეთში, სოფელ ოტობაიაში მცხოვრებ თამარ ძანძავას მარწყვის გაშენების იდეა ჯერ კიდევ 2 წლის წინ გაუჩნდა.

 

იგი პროფესიით უცხო ენების სპეციალისტია. საქმიანობა სოფელში100 ნერგით დაიწყო, ახლა კი სასათბურე მეურნეობაში 1300-მდე ძირი მარწყვი გააშენა.

 

„მცენარეების მოვლა სულ მიყვარდა. ერთხელაც არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერით გაკეთებულ სათბურში ვიყავით მე და დედა. შევიძინეთ პროდუქტი, რომელიც იმდენად მომეწონა, რომ ადგილზევე გადავწყვიტე 100 ნერგის შეძენა, რაზეც უარი არ მიმიღია.

 

შემდეგ თვითონვე გავამრავლე, გავზარდე რაოდენობა. ბევრს ვკითხულობდი, ვეკითხებოდი ასოციაცია „კარტლისის“ აგრონომებსაც

 

მცენარეც მიგახვედრებს რა დროს, რა სჭირდება – მთავარია მუდმივი დაკვირვება“, – ამბობს თამარი.

 

ახალგაზრდა ფერმერს ოკუპირებულ გალის რაიონში „სან ანდრეასის“ ჯიშის მარწყვი 200 კვ. მეტრზე აქვს გაშენებული.

 

ამბობს, რომ მისი ბიზნესის განვითარებასა და სათბურის გაფართოებაში წვლილი „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლამ“ შეიტანა, რომელიც Yes Georgia-ს და „კრისტალის“ ერთობლივი პროექტია.

 

„წელს 1300-მდე გავზარდე რაოდენობა და კიდევ მინდა გავაფართოვო.

 

ქოთნებით ვაკეთებ ასევე მეორე სართულსაც, ასე მეტი ეტევა და სივრცეც ნაკლები სჭირდება.

 

შვილივით ვეფერები ჩემს მცენარეებს, ვესიყვარულები და ეს ყველაფერი მაბედნიერებს და ასევე დიდ სტიმულს მაძლევს”, – ამბობს ის.

 

ჩემს მაგალითზე ბევრი ფერმერი ქალი დაინტერესდა, როგორც აქ სოფელში,ასევე რეგიონებში.

 

მათთანაც მუდმივ კომუნიკაციაში ვარ და ვუზიარებთ ერთმანეთს იდეებს.

 

საზღვრისპირა სოფლებშიც მოსახლეობას მოჰყავს კენკროვანი კულტურა და მიხარია, რომ ხალხი მიწას უბრუნდება.

 

თამარ ზანძავა კენკრას ძირითადად მარტო უვლის, მოსავალს კი ადგილობრივ მაღაზიებში აბარებს. მას ასევე ბევრი მომხმარებელი ჰყავს სამეზობლოში და მიმდებარე სოფლებშიც. ისინი ადგილზე იძენენ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას. ამ დროისთვის საზღვრისპირა სოფლებსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 1 კგ მარწყვი 10 დან-12 ლარამდე ღირს.

 

კორონავირუსის პანდემიის და საგანგებო რეჟიმის გამო, ახალგაზრდა ფერმერმა ბოლო პერიოდში ნაკლები მარწყვი გაყიდა.

 

„ახლა აქ მყავს საკმარისი მომხმარებელი, სათბურიც არაა იმდენად დიდი, რომ მარწყვის სადმე წაღება დავგეგმო. გაჩერებას არ ვაპირებ, ალბათ მომავალში მეტი შანსი მექნება დიდ ბაზარზე გასვლის. იმედია კორონავირუსიც ჩაწყნარდება და ყველა მეწარმეს ექნება საკუთარი ნაწარმის რეალიზაციის საშუალება”, – თქვა მან.

 

მომავალში, როგორც თამარ ძანძავა ამბობს, სათბურის გაფართოებას და საკუთარი პროდუქციის უფრო დიდ ბაზარზე გატანას გეგმავს.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X