12:13 | 2020-05-09 ავტორი: თამარ გონგაძე

“მთელი ცხოვრება ვინანებ, რომ მხდალი აღმოვჩნდი” – ნატო დუმბაძე

“მთელი ცხოვრება ვინანებ, რომ მხდალი აღმოვჩნდი” – ნატო დუმბაძე

მუსიკალური პროდიუსერი ნატო დუმბაძე პანდემიურ კარანტინს ვერ ეგუება. როგორც ამბობს, სტუმრების მიღებისგან თავს ვერ იკავებს, რადგან მისთვის ურთიერთობები უმნიშვნელოვანესია.

 

ნატო დუმბაძე: – წერილობითი მიკითხვ-მოკითხვა ჩემი არ არის. მე თუ ადამიანის ხმა არ გავიგონე, თვალებში არ ჩავხედე, ისე ვერ ვურთიერთობ. ახლაც მოდიან ჩემთან, ვისაც სურვილი აქვს.

 

მშრალი წერილობითი მოკითხვა ცხოვრება არ არის.

 

ისედაც ხომ ნაწილობრივ გაციებულები ვართ ერთმანეთის მიმართ და ალბათ, ეს პერიოდიც, გარკვეულწილად, თავის დაღს დაგვასვამს.

 

პანაშვიდზე რომ გეშინია მისვლა, ეკლესიაში მისვლის რომ შეგეშინდება, წარმოიდგინეთ. ეს საშინელი შეგრძნება, ალბათ, მთელი ცხოვრება გამყვება. ვმარხულობდი და ეკლესიაში ვერ წავედი და ვერ ვეზიარე.

 

კარგად მიცნობ, რომ მხდალი არ ვარ. მაგრად დგომა მიყვარს. ახლა კი ვნანობ და მთელი ცხოვრება ვინანებ, რომ მხდალი აღმოვჩნდი და აღდგომის ლიტანიობის ღამეს ტაძარში არ მივედი. არ მივედი ვირუსის გამო, რომელიც ყოველ წელს გვაქვს და ასე დაგვაშინა.

 

გაგანია ეპიდემიის დროს ვიყავი პანაშვიდზე. აუ, რა მაგარი ვარ-მეთქი – ამიტომ არ ვამბობ. ფაქტი აღვნიშნე.

 

რეზო ესაძე ვერ გავაცილეთ. შოკისმომგვრელი კადრები ვნახე.. ძალიან დამწყდა გული.

 

ეს კარანტინი სიცივეს და ჩაკეტილობას გამოიწვევს. თუმცა მე ვერავინ ჩამკეტავს, ეს ზუსტად ვიცი.

 

– და დადებითი კუთხით რომ შევხედოთ?

 

– ოჯახები შეიკრა. ადამიანები მეტ დროს ატარებენ შვილებთან, ოჯახის წევრებთან. ძველი დრო დაბრუნდა, ყველა რაღაცას აცხობს, თითქოს ყოველი დღე ზეიმია.

 

ბევრს ამის საშუალებაც არ აქვს. თუ მალე არ გადაივლის პანდემიური კარანტინი, ალბათ, ყველა ერთნაირად გაჭირვებული ვიქნებით ცოტა ხანში (იცინის). ულევი შემოსავალი მოსახლეობის 10 პროცენტს ექნება.

 

ჩემმა უფროსმა შვილმა იმდენი რამის მომზადება იცის, ბავშვობიდან სულ რაღაცას აკეთებდა. ახლა პიცებს აცხობს.

 

მე მგონი, ერს უხელფასო შვებულება წაადგა.

 

მინდა ყველაფერი ძველ რტიმში დაბრუნდეს. თუმცაღა გვეუბნებიან, რომ ახალი მსოფლიო და ახალი წესები ყალიბდებაო, მაგრამ მე არ მომწონს და არ მომეწონება ეს წესები.

 

ჩემთვის ურთიერთობებია უმთავრესი. იმას სხვა ხიბლი აქვს, სტუმარი რომ მოვა და ყავას მოუდუღებ, თუ ხაჭაპურს გამოაცხობ, ან კარტოფილს შეწვავ. ყველაზე თბილი და კარგია ურთიერთობა.

 

ბევრჯერ მითქვამს, რომ მომავალი თაობა ასეთ ურთიერთობებს მოკლებული იქნება.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები