fbpx
13:39 | 2020-08-29 ავტორი: Prime Time

„მთელი სოფელი მოძალადეა, დამნაშავეა 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობაში“ – მამა პეტრე კოლხი

„მთელი სოფელი მოძალადეა, დამნაშავეა 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობაში“ – მამა პეტრე კოლხი

მთელი სოფელი მოძალადეა, მთელი სოფელი დამნაშავეა 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის — ასე აფასებს მამა პეტრე კოლხი თერჯოლაში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას.

 

მამა პეტრეს თქმით, ადამიანებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები ქვეყანაში აღარ მოხდეს, ხოლო მღვდელმსახურებმა უფრო მეტად უნდა მიიტანონ ღვთის სიტყვა ადამიანებამდე.

 

„ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები არ დაფიქსირდეს ჩვენს ქვეყანაში. ჯერ ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერ ასაკში, როცა იღებს გადაწყვეტილებას, მოიკლას თავი არის უდიდესი ტრაგედია. მაგრამ როცა 11 წლის მოზარდი იღებს გადაწყვეტილებას, რომ თავი უნდა მოიკლას ეს კატასტროფაა, საშინელებაა. ამის გაგონებ და გაფიქრებაც კი მზარავს. რა დონეზე უნდა გაეგიჟებინათ და ეძალადათ ოჯახში, რომ ბავშვს ეს გადაწყვეტილება მიეღო.

 

რას ყვება მამა, რომელიც 11 წლის შვილის გარდაცვალების საქმეზე დააკავეს
2020-08-26რას ყვება მამა, რომელიც 11 წლის შვილის გარდაცვალების საქმეზე დააკავეს

ჩემს წილ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ. მიუხედავად ამისა, რომ ჩვენ ამდენი სასულიერო პირი ვართ და ამდენი ეკლესია იგება და იკურთხება, ეტყობა ჩვენ კიდევ ბევრი რამ გვაკლია იმისათვის, რომ ღვთის სიტყვა მივიტანოთ საზოგადოებამდე და მოხდეს მოსახლეობის განათლება. განათლებაში მხოლოდ წიგნის კითხვას არ ვგულისხმობ, განათლებაში ვგულისხმობ ქრისტეს ნათელთან ზიარებას. მარტო ის, რომ ჩვენ წირვა-ლოცვა ჩავატაროთ და არ ვიქადაგოთ, ხალხს არ მოვუწოდოთ, ეს არ არის ქრისტიანული ცხოვრება. ქრისტეს მოწაფეებად უნდა ვაქციოთ ადამიანები. დღეს ყველაზე მეტად ეს კომუნიკაცია გვაკლია. შეიძლება ჩვენ ადამიანებთან ახლოს მივდიოდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ღვთის სიტყვა სწორად მიგვაქვს.

 

ფაქტი შემზარავია, მოსახლეობა იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, ამ ძალადობას ვერავინ აღუდგა, არც ძალა ეყოთ, არც განათლება, არც შემართება. ვწუხვარ რომ ამას ვამბობ მაგრამ, უფრო სამართლიანი იქნება, ასე ვთქვათ – მთელი სოფელი მოძალადეა, მთელი სოფელი დამნაშავეა 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის“,- განაცხადა მამა პეტრე კოლხმა „პრაიმტაიმთან“ საუბარში.

 

11 წლის ბავშვი 23 აგვისტოს თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარ ხეზე თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს.

 

გამოძიების ცნობით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მამა სისტემატურად ძალადობდა, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა მის არასრულწლოვან შვილს. მათივე ინფორმაციით, მამის ქმედებების გამო არასრულწლოვანი შვილი მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობდა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X