17:05 | 2020-03-17 ავტორი: თამთა თორდია

პაციენტებისთვის დამატებით 600-მდე საწოლია მზად – ჯანდაცვის მინისტრი მოსალოდნელ რისკებზე

პაციენტებისთვის დამატებით 600-მდე საწოლია მზად – ჯანდაცვის მინისტრი მოსალოდნელ რისკებზე

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მთავრობა ახალ ეტაპზე გადადის.

 

მისი თქმით, ინფიცირებულთა პირველი ტალღა სისტემას უკვე მიღებული ჰყავს.

 

„როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ჩვენ გადავდივართ ახალ რეჟიმზე, ეს არის კვლავ პრევენციული რეჟიმი, ოღონდ უფრო მეტად გამკაცრებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო მეტად მოგვიწევს ჩვენი მოქალაქეების გაკონტროლება იმისათვის, რომ მათ მოახდინონ სოციალური დისტანცირება. ეს პირველი ტალღა სისტემას უკვე მიღებული ჰყავს, ახლა უკვე ველოდებით შედარებით მეტ გავრცელებას მოსახლეობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ბოლო კვირის მანძილზე აღვწერეთ ყველა დამატებითი საავადამყოფო, რომლის ჩართვასაც ვაპირებთ ამ პროგრამაში და ეს არის კიდევ დამატებით 600-მდე საწოლი, რომელიც დაახლოებით 24-დან 48 საათის განმავლობაში იქნება მზად პაციენტებისთვის“- განაცხადა მინისტრმა.

 

17 მარტს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ შემდეგ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხვალიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსები აიკრძალება.

 

ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა.

 

ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა კორონავირუსით პირველი ინფიცირებული, რომელიც სრულად განიკურნა. ის ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X