23:01 | 2020-05-27 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ადამიანი, რომელმაც მსოფლიო დაასნებოვნა

ადამიანი, რომელმაც მსოფლიო დაასნებოვნა

მერი მალონი საკუთარი სიჯიუტის მსხვერპლი გახდა და ცხოვრება იზოლაციაში დაასრულა. ის გახდა პირველი „ნულოვანი პაციენტი“ მედიცინის ისტორიაში.

 

„ნულოვანი პაციენტი“ ის ადამიანია, ვისგანაც საშინელი ეპიდემია იწყება. მერი მალონი არის ალბათ ყველაზე ცნობილი „ნულოვანი პაციენტი“ ისტორიაში. პირველ რიგში იმიტომ, რომ  თავად კატეგორიულად უარყოფდა ამ საბედისწერო როლს.

 

ეს ამბავი დაიწყო ჩვეულებრივი ადამიანის – მერი მალონისგან, 1869 წლის 23 სექტემბერს, ირლანდიაში. ახლა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია, მის დედას ორსულობის დროს მუცლის ტიფი შეეყარა, მაგრამ ამის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, თავად მერი აბსოლუტურად ჯანმრთელი ბავშვი იყო. 15 წლისა ახლობლებთან ერთად ამერიკაში გადავიდა და იქ ძალიან გაუმართლა: მან შეძლო მდიდარ ოჯახში მზარეულად მოწყობა.

 

 

მისი ცხოვრების შემდეგი 30 წლის განმავლობაში, მერი სამზარეულოში ატარებდა უმეტეს დროს. მზარეულის ნამდვილი ნიჭი გამოავლინა, რის გამოც უმუშევრად არასოდეს რჩებოდა.  შემდეგ რაღაც უცნაური მოვლენები დაიწყო.

 

1900 წლიდან 1907 წლამდე მერიმ ხუთი ოჯახი გამოიცვალა. ყველა დამსაქმებელი კმაყოფილი იყო და აღფრთოვანებას გამოთქვამდა მისი კერძებით. პრობლემა ის იყო, რომ ყველა ოჯახი, რომელიც მერი მუშაობდა, ავად ხდებოდა. მერი გადავიდა ქალაქ მამარონეკში  და იქ დაიწყო ტიფის ეპიდემია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არ ყოფილა ამ მხარეში. მერი გადავიდა მანჰეტენზე და მალე იმ ოჯახში, სადაც იგი მუშაობდა, ყველა წევრს ციებ-ცხელება დაეწყო, მრეცხავი კი გარდაიცვალა.

 

შემდეგი სამუშაო ადგილი ადგილობრივი ადვოკატი სახლი იყო: მისი ოჯახის რვა წევრიდან შვიდს ციებ-ცხელება დაეწყო, ხოლო მერი, რომელსაც დაავადება არ ეკარებოდა, უვლიოდა მათ, მაგრამ ეს მხოლოდ ამძაფრებდა ვითარებას – მალე ტიფი ადვოკატის სახლს გასცდა. 1906 წელს, მერი მალონმა ნიუ-იორკის მდიდარი ბანკირის, ჩარლზ ჰენრი უორენის ოჯახში დაიწყო მუშაობა. იმავე წელს უორენმა იქირავა სახლი ლონგ აილენდზე და მერი მათთან ერთად იქ გადავიდა. 27 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე, ამ ოჯახის 11 წევრიდან ექვსი ადამიანი ტიფით დაავადდა. მერიმ სამსახური დატოვა, მაგრამ ტიფი ფეხდაფეხ დასდევდა.

 

1906 წლის 4 აგვისტოს მან დაიწყო მუშაობა ახალ ოჯახში და სამი კვირის შემდეგ, ოჯახის ნაწილი ტიფით დაავადდა, მერიმ კი იქაურობა დატოვა. საბედნიეროდ, ყველა გამოკეთდა, მაგრამ წლის ბოლოს, ოჯახმა მიმართა ტიფის მკვლევარ ჯორჯ სოპერს, რომელმაც მერი ცხელ კვალზე გამოიჭირა. ახალ სახლში, სადაც მერი მზარეულად აიყვანეს, ორი მსახური  საავადმყოფოში გადაიყვანეს, ბატონის ქალიშვილი კი გარდაიცვალა.

 

სოპერმა ივარაუდა, რომ მერი მალონს გადატანილი ჰქონდა  ტიფი და ექიმთან წასვლაც კი შესთავაზა, მაგრამ მან კატეგორიული უარი თქვა: პირველ რიგში, ქალი თავს ჯანმრთელად გრძნობდა; მეორეც, მან განაცხადა, რომ შეამოწმა ცნობილმა ფარმაცევტმა და ვერაფერი აღმოაჩინა. გარდა ამისა, მერის არ ქონდა მიზეზი, სოპერს დათანხმებოდა.

 

მაშინ  ირლანდიელი ემიგრანტები თავს მეორეხარისხოვან ადამიანებად გრძნობდნენ: მათ მოიხსენიებდნენ, როგორც „ჯუნგლების ბინძურ მობინადრეებს, რომლებიც ავრცელებენ ინფექციას“. ბუნებრივია, მერიმ, რომელიც ჯანმრთელი იყო, ეს შეურაცხყოფად მიიღო. იმ დღეებში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება დაავადების გადამტანი იყოს. სოპერმა დანება თავი, მაგრამ გამოკვლევა გამოაქვეყნა ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში და სწორედ აქ გამოჩნდა ტერმინი „ტიფიანი მერი“.

 

ამის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი დაინტერესდა საშიში მზარეულით: დოქტორი სარა ჯოზეფინე ბეიკერი აირჩიეს მერისთან სალაპარაკოდ, მაგრამ მერიმ უარი თქვა შეხვედრაზე. ის დარწმუნებული იყო, რომ დევნიდნენ.  ექიმი უკან პოლიციასთან ერთად დაბრუნდა და მერი დააპატიმრეს.

 

ციხეში, ჩაუტარეს ანალიზები და რაღვლის ბუშტში ტიფის მსგავსი ბაქტერიები აღმოაჩინეს. ექიმებმა შესთავაზეს ამოკვეთა, მაგრამ ქალი კატეგორიულად უარს ამბობდა – არ აღიარებდა,  დაავადების გადამტანი იყო, რაც, ზოგადად, გასაკვირი არ არის, რადგან ტიფი საკმაოდ  სერიოზული დაავადებაა,  მერი კი თავს მშვენივრად გრძნობდა.

 

თუმცა, აღიარა, რომ სინამდვილეში სათანადო ყურადღებას არ აქცევდა ჰიგიენას და ზოგჯერ ავიწყდებოდა ხელების დაბანა (რადგან არ იცოდა, რომ ეს საშიში იყო). შემდეგ, სახელმწიფო კანონმდებლობის საფუძველზე, მერი გაგზავნეს საავადმყოფოში, კუნძულზე, სადაც მისი  კარანტინი სამ წელს უნდა გაგრძელებულიყო.

 

 

ამ პერიოდში მერის სოპერსი ეწვია. მან შესთავაზა წიგნის დაწერა მის შესახებ და თანაც დაჰპირდა, რომ ყველა ჰონორარს გადასცემდა, მაგრამ მალონმა უარი თქვა. უფრო მეტიც, ის ჩაიკეტა ტუალეტში და უარი თქვა გამოსვლაზე, სანამ სოპერმა იქაურობა არ დატოვა.

 

საკარანტინო პერიოდის განმავლობაში, ექიმი მუდმივად იღებდა მისგან ანალიზს და ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა: პასუხი ხან დადებითი იყო, ხან – უარყოფითი.

 

 

საბოლოოდ, მან გადაწყვიტა გაეთავისუფლებინა ქალი, ერთი პირობით: იგი არასოდეს იმუშავებდა მზარეულად. 1910 წლის 19 თებერვალს, მერი მალონმა ფიცი დადო, გაათავისუფლეს და ის დაბრუნდა შინ.

 

ყოფილი მზარეულისთვის, რომელსაც სხვა განათლება არ ჰქონდა, მხოლოდ ერთი გზა არსებობდა – მრეცხაობა, მაგრამ გაცილებით მეტი შრომა იყო და გაცილებით ნაკლები ანაზღაურება. ამიტომ, მან შეიცვალა სახელი და კვლავ მზარეულობა დაიწყო.

 

 

ამჯერად ჯორჯ სოპერმა სწრაფად ვერ მიაგნო მის კვალს, რადგან მერი მაშინვე ტოვებდა სამსახურს,  როგორც კი დაავადების პირველი ნიშნები გამოჩნდებოდა ოჯახში, მაგრამ 1915 წელს, მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ მზარეულად ემუშავა  ქალთა საავადმყოფოში. მალე, იქ 25 ადამიანი ერთდროულად დაავადდა, ერთი ინფიცირებული კი გარდაიცვალა. მერი მაშინვე ამოიცნეს და დააპატიმრეს. იმავე კუნძულზე მერის მეორე საკარანტინო ვადა დაიწყო 1915 წლის 27 მარტს და გაგრძელდა მის გარდაცვალებამდე.

 

მერი მაშინვე ცნობილი გახდა: მას მუდმივად სტუმრობდნენ ჟურნალისტები, ის კი კვლავ უარს ამბობდა მკურნალობაზე და გასაკვირი ის იყო, რომ მას მუშაობის უფლებაც მისცეს – 1922 წელს მედდა გახდა, ხოლო 1925 წელს ლაბორატორიაში სინჯარებს რეცხავდა.

 

მერი იმავე კუნძულზე გარდაიცვალა, 1938 წელს და არა – ტიფით, არამედ პნევმონიით. გაკვეთამ აჩვენა, რომ ის ნამდვილად ტიფის გადამტანი იყო. ასე რომ, ტიფიანი მერი გახდა პირველი „ნულოვანი პაციენტი“ ისტორიაში და მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომელმაც ექიმებს დაუმტკიცა, რომ საშიში დაავადება შეიძლება გავრცელდეს ჯანმრთელი ადამიანისგან.

 

 

წყარო: https://www.goodhouse.ru

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X