15:19 | 2020-05-13 ავტორი: Prime Time

„მრავალშვილიანი დედა საკონტროლო გასროლით მოკლეს და მთელი ოჯახი ამოუწყვიტეს“ – საჩივარი პროკურატურაში

„მრავალშვილიანი დედა საკონტროლო გასროლით მოკლეს და მთელი ოჯახი ამოუწყვიტეს“ – საჩივარი პროკურატურაში

თორაძეების ოჯახში 10 დედმამიშვილი: 5 ძმა და 5 და დედ-მამასთან ერთად ცხოვრობდა. თამარი 13 წლის იყო, როცა მის ოჯახს საზარელი ტრაგედია დაატყდა.

 

90-იან წლებში თამარს ძმები და დედ-მამა თვალწინ დაუნდობლად ამოუხოცეს.

 

ის დღეს გენერალურ პროკურორს საჩივრით მიმართავს და ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.

 

თამარი, რომელიც ახლა აშშ-ს მოქალაქეა, მისი ოჯახის წევრების მკვლელობაში სხვებთან ერთად გიორგი რურუას ადანაშაულებს.

 

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და „ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

 

ცნობისთვის → გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

 

აი რას წერს თამარ თორაძე გენერაურ პროკურატურაში გამოგზვნილ საჩივარში:

 

„საქართველოს რესპუბლიკის

 

მთავარ პროკურორ ბატონ

 

ირაკლი შოთაძეს

 

აშშ-ს მოქალაქე თამარ თორაძის

 

1917-769-0719 ტელეფონი

 

 

           ს ა ჩ ი ვ ა რ ი

 

ბატონო ირაკლი, საქართველოს კრიმინალურ ისტორიაში მრავალი სამარცხვინო ფურცელი არსებობს. ვთვლი, რომ ჩემს ოჯახზე განხორციელებული ძალადობა ყველა პარამეტრს აჭარბებს და სახელიც არ ჰქვია.

 

ჩემი ოჯახის წინააღმდეგ, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი „მთავარი გმირები“ დღემდე არ დასჯილან.

 

უფრო მეტიც, უკანონოდ ნაშოვნი მილიონების წყალობით ცა ქუდად არ მიაჩნიათ და დედამიწა ქალამნად.

 

სამწუხაროდ, ოთხმოცდაათიანი წლების სამართალდამცავებმა რიგი მიზეზების გამო ვერ ან არ გამოიძიეს ის საშინელი ტრაგედია, რომელიც ჩემს თერთმეტ სულიან ოჯახს ქარიშხალივით დაატყდა თავს…

 

დღემდე იმედი მაქვს, რომ დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან. ღმერთის სამართლით ნაწილი უკვე დაისაჯა.

 

მიუხედავად იმისა, რომ მედიამ არაერთხელ გააშუქა ჩემი ოჯახის ტრაგედია, პროკურატურიდან არავინ შემხმიანებია.

 

არადა სს საპროცესო კოდექსში სს დევნის ერთ-ერთი საფუძველი მედიაში გავრცელებული დანაშაულის ნიშნების შემცველი ცნობაა…

 

მოგეხსენებათ, ოთხმოცდაათიან წლებში არაერთი კრიმინალური დაჯგუფება შეიქმნა. მათ შორის სისასტიკით ვერელი „ბოროტები“ გამოირჩეოდნენ.

 

სწორედ მათთან მოუწიათ ჩემს ძმებს დაპირისპირებამ, რასაც „საქმის გარჩევა“ და მათი მხრიდან „ავტორიტეტის“ პაატა ჩლაიძის ჩარევა მოყვა. (აუდიო ჩანაწერს წარმოგიდგენთ), თუმცა ვერც მათი მხრიდან „ქურდის“ ჩარევამ განმუხტა სიტუაცია.

 

„ბოროტებმა“ ომი დაიწყეს, მოკლეს ჩემი ძმის მეგობარი გელა ყურაშვილი(ნამცეცა), ხოლო ჩემი ძმები ზაზა და ლაშა თორაძეები დაჭრეს.

 

1992 წლის 3 მარტს, როცა ქვეყანას სამხედრო საბჭო შემადგენლობით – თენგიზ სიგუა, თენგიზ კიტოვანი და ჯაბა იოსელიანი მართავდნენ, ხოლო კომენდანტი გელა ლანჩავა გახლდათ, დედამ – იზო ქურხულმა და მამამ – ზაურ თორაძემ დაჭრილი 20 წლის ლაშა თორაძე პოლიკლინიკაში ჭრილობის დასამუშავებლად წაიყვანეს.

 

ჩვენი თერთმეტ სულიანი ოჯახი აღნიშნულ პერიოდში „სემიონოვკაზე“ რჩეულიშვილის ქუჩაზე მეექვსე კორპუსში, მეორე სადარბაზოში ვცხოვრობდით.

 

უკან, რომ ბრუნდებოდნენ ვერის სასაფლაოსთან შეიარაღებული, ფორმიანი და უფორმო ბანდფორმირებები დახვდნენ. თვითმხილველების თქმით, იქვე იდგა „ბეტეერიც“.

 

დედ-მამა და ჩემი ძმა უმოწყალოდ ჩახოცეს მამაჩემის კუთვნილ ავტომანქანაში. მე, ჩემს სამ ძმასთან და სამ მცირეწლოვან დასთან ერთად სახლში ვიყავი და ტყვიების ხმა დაახლოებით თხუთმეტი წუთის მანძილზე, ყველას გვესმოდა.

 

მთელი კორპუსის მეზობლები ფანჯრიდან და აივნიდან იყურებოდნენ, მეზობლების გადმოცემით „პიკეტი“ ერთი საათით ადრე დაუწყიათ. მრავალშვილიან დედას ასე მიულოცეს დედის დღე და საკონტროლო გასროლით თვალებიც დათხარეს.

 

შემდეგ მიცვალებულებს იარაღი ჩაუდეს, დედაჩემს კი „ლიმონკები“. სასაფლაოსთან ამოსასვლელი გზა გადაკეტეს და „ბეტეერით“ ჩვენ კორპუსს მოადგნენ. ჩვენთან შემოცვივდნენ მეზობლები და „გვირჩიეს“ მისაღები ოთახი მოგვეწესრიგებინა ოჯახის წევრები უნდა შემოვასვენოთო.

 

 

სიტუაცია ყოველ წამს იცვლებოდა, მეზობელმა, თამარამ, რომელიც მეორე სართულზე ცხოვრობდა ჩემს ძმებს – 22 წლის კახას და 17 წლის იმედოს შესთავაზა დაგმალავთო, რადგან როგორც მისგან გავიგეთ მათ მოსაკლავად მოვიდნენ.

 

კახამ და იმედომ, დამალვაზე უარი თქვეს, რადგან სახლში მე 13 წლის, პაატა 15 წლის, და ჩემი სამი 10, 8 და 6 წლის მცირეწლოვანი დები ვრჩებოდით და ვერ მიგვატოვეს ცოფიანი კრიმინალების პირისპირ.

 

ბეტეერიდან ყვიროდნენ, კორპუსი დაცალეთ უნდა ავაფეთქოთო. კახამ, ბავშვები ჯერ აბაზანაში შეგვიყვანა. შოკირებული მეზობლები სართულებზე დარბოდნენ.

 

ჩვენ, მეხუთე სართულზე ვცხოვრობდით და რატომღაც ხალხში შერევა დავაპირეთ. სახლიდან გამოვედით ისე, რომ კარები არ ჩაგვიკეტია. კიბეებზე, რომ ჩავდიოდით მეზობელმა მოგვაძახა – სად მიდიხართ, სასწრაფოდ ზემოთ ადით მოგკლავენო და ჩვენც მეშვიდე სართულზე ავედით მეზობელთან თამარ მიდოდაშვილთან.

 

მას სახლში ორი მცირეწლოვანი ბავშვი ყავდა. ეზოში ბევრი ხალხი მოგროვდა, მიმდინარე „სიტუაციის“ შესახებ ინფორმაციას გვაწოდებდა მეორე სართულის მეზობელი თამარა.

 

მან გვითხრა, რომ ყველა ბინას ჩხრეკდნენ და ჩვენ გვეძებდნენ. კორპუსთან დაახლოებით 50-მდე ავტომატიანი პირი იდგა და კორპუსიდან, არც გარეთ უშვებდნენ არავის და არც შიგნით…

 

მეშვიდე სართულზე, რომელ მეზობელთანაც ვიყავით იმის კარის მეზობელიც ისე გავიდა სხვა მეზობელთან კარი არ ჩაუკეტავს, თუმცა რომელი მეზობელიც სახლში არ იყო იმის კარებს ამტვრევდნენ.

 

ზუსტად არ ვიცი, “ჩაგვიშვეს“ თუ მოგვაგნეს, მაგრამ მეზობლის აივნიდან ჯერ ფანჯარაზე მოაკაუნეს ვიცით მანდ, რომ ხართ კარი გააღეთ, თორემ ყუმბარებს შემოვყრით და ყველა დაიხოცებითო.

 

ორ წუთში, კარებზე ატეხეს ბრახუნი იგივე ტექსტით. დამალვას აზრი აღარ ჰქონდა, კარები თამრიკომ გააღო და უთხრა აქ ბავშვები არიანო.

 

გიორგი რურუას (ჟორიკას) ხმა ეხლაც ყურებში მესმის „თორაძეები აქ არიან ხო?“ თამრიკომ უპასუხა – გაწიეთ ეგ იარაღები, ბავშვებს შეეშინდებათო. ჟორიკა რურუა, სამ თანმხლებ პირთან ერთად „ბავშვების დახედვის“ მიზეზით შემოვიდა.

 

კახამ ოთახიდან დაუძახა აქ ვართ უიარაღოთო, ხელცარიელებიო ჟორიკა თანმხლებ პირებთან ერთად პირდაპირ შემოვიდა ოთახში, სადაც ჩემი ჯერ კიდე ცოცხალი ოჯახის წევრები იყვნენ.

 

წინ ჩემი ძმები იდგნენ ჟორიკამ ავტომატი მიუშვირა და კახამ ლულა, ხელით აწია და კითხა – რას შვებიო, წამში მეორე მაღალმა ავტომატის ჯერი მიუშვა კახას და იმედოს. კახა წამში გადაეფარა ძმას, მაგრამ ნაძირალის ტყვიით ორივე დაეცა. ჟორიკამ იარაღი ამოიღო და ბავშვებს „მოგვატარა“. თამრიკოს მცირეწლოვანი შვილი ჯერ კიდე კიოდა. არასდროს დამავიწყდება მისი გაბოროტებული, მკვლელის თვალები. ეტყობა ჩვენი მოკვლა გადაიფიქრა და კახას საკონტროლო ტყვიები „დააჭედა“, მეორე მაღალმა კი იმედოს ესროლა საკონტროლო ტყვიები…

 

ასხლეტილი ტყვიით დაიჭრა მეზობელი თამრიკო. ჟორიკამ სამ გარეწართან ერთად დაგვტოვა, მაგრამ ცოტა ხანში მობრუნდნენ გელა ლანჩავასთან და სხვა შეიარაღებულ ფორმიან პირებთან ერთად.

 

კარების გაღებას აღარ ვაპირებდით, მაგრამ თამრიკო მეზობლებმა და ფორმიანებმა დაარწმუნეს, რომ ჩვენც არ დაგვხოცავდნენ.

 

ლანჩავა სანამ კარებს გავაღებდით, გვარწმუნებდა, რომ ჩვენს დასახმარებლად მოვიდა. კარები გავაღეთ. ლანჩავა „თავის რაზმთან“ ერთად შემოვიდა. შემოყვნენ მეზობლებიც.

 

ყველა გვერდზე მეზობელთან შეგვიყვანეს, რადგან იქ ჯერ კიდევ ჩემი ორი სისხლში მოცურავე ძმების გვამები ესვენა. უტიფარი კომენდანტი, მკვლელობის მოწმეებს გვიმტკიცებდა, რომ ჩემმა ძმებმა კახამ და იმედომ შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია ჟორიკას და მის თანმხლებ სამ პირს.

 

ჩემს თვალწინ უმოწყალოდ ჩახოცილ ძმებზე მიმტკიცებდა ახალ შეთხზულ ზღაპარს. ხოლო, ჩემს დედ-მამაზე გვითხრა – „ზვიადისტები იყვნენ და ჩვენ კანონებს არ ემორჩილებოდნენო“.

 

მეზობლები ლანჩავას ნათქვამმა აღაშფოთა, თითქმის ყველა იქ მყოფი შეეკამათა. განსაკუთრებით გამოირჩეოდა დოდო ბუწაშვილი, რომელმაც კომენდანტის „ბრალდებას“ უსინდისო ტყუილი და სისულელე უწოდა. და დასძინა, რომ სევასტოპოლის ქუჩაზე პიკეტი არასდროს ყოფილა და რაღა დღეს მოგიწიათ შემოწმებამო?

 

მეზობელთან, ბევრი ხალხი ირეოდა… ლერი სულაბერიძემ რაღაც მომენტში ჩემი უმცროსი ძმა პაატა საპირფარეშოში გაიყვანა, იარაღი დაადო და ხელი რომ არ შეეშალათ მოკვლას უპირებდა.

 

ფაქტიურად იმ დღეს ჩემი არასრულწლოვანი ძმა პაატა მეზობლებმა გადაარჩინეს სიკვდილს თორემ მისი ლიკვიდაციაც უნდოდათ.

 

ლანჩავას ახლდა ვინმე, მხედრიონელი გოგა ზამთარაძე, რომელიც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო და ამდენი უბედურებით დაზაფრულ ბავშვებს გვეუბნებოდა რა გატირებთ, ძმები აღგეზარდათო.

 

შემდეგ, კომენდანტი თავის ბანდასთან ერთად „გასაჩხრეკად“ ჩემს სახლში შეჯირითდა და რაც კი ღირებული გააჩნდა ჩემს ოჯახს, უამრავი ძვირფასი ნივთები, ფული ყველაფერი მოიპარეს.

 

ჩემთვის ყველაზე ძვირფასები ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ და არიან, ამიტომ მათი „საცოდაობისთვის“ დიდი ყურადღება არ მიმიქცევია…

 

ოჯახის წევრების პანაშვიდიდან გასულ ხალხს ემუქრებოდნენ და ავიწროვებდნენ. ეძებდნენ ჩემს უფროს ძმა ზაზას, რომელიც მიმდინარე სისხლიანი მოვლენების დროს სახლში არ იყო, მას ცოლშვილი ყავდა და სხვაგან ცხოვრობდა.

 

იცოდა, რომ მასზე ნადირობდნენ, იმალებოდა. ორმოცამდე მას ორთაჭალაში მეუღლის სახლში მაინც მიაკვლიეს, სასტიკად სცემეს ისიც და მისი მეუღლის ძმა მამუკა ბიბილაშვილიც.

 

შემდეგ, ისევ ცემა-ტყეპით წაიყვანეს და სავარაუდოდ მოკლეს, რადგან მას მერე ის აღარავის უნახავს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მასაც „ბეტეერით“ მიაკითხეს. როგორც ჩანს, ლანჩავას, „ბეტეერით“ ან მეუღლე დაყავდა ბაზარში და ან ჩემი ოჯახის წევრებზე ნადირობდა…

 

ორი წლის მერე, პატარა ძმა პაატა, რომელიც კოლეჯში, მამაჩემის ავტომანქანით დაყავდა მისი მეგობრის, გიო ხომასურიძის „ახლობელს“ ვინმე შოთას, მისი გადმოცემით, მთაწმინდის ახალ გზაზე გააჩერეს „შეირაღებულმა, სამხედრო ფორმიანებმა“, შემდეგ რაციით ვიღაცის „ბრძანება“ მიიღეს – „ფიგურა“ თავის ავტომანქანაში გადმოესვათ და „პეშკა“ გაეშვათ…

 

იმ დღის მერე პაატაც აღარავის უნახავს. ასე, რომ ჩემი უფროსი ძმა ზაზა და უმცროსი პაატა დღეს სადღაც უპატრონოდ მარხია. ხოლო, „ბოროტების,“ მხედრიონის და სააკაშვილის დიდი იდეოლოგი ნიკოლოზ რურუა პატივით დაიკრძალა.

 

სარწმუნო წყაროს ცნობით, სწორედ ნიკოლოზ რურუამ „ბრძანა“ მამაჩემთან და ჩემს ძმასთან ერთად დედაჩემის ჩაცხრილვა. სწორედ ნიკოლოზი გახლდათ სააკაშვილის იდეოლოგი კრიმინალურ საქმეებში.

 

მან დანერგა უდანაშაულო ბიჭების ჩახოცვა, კრიმინალებად მონათვლა, იარაღის ჩადება და კიდევ მრავალი სიბინძურე… მე აკრძალული მქონდა ჩემი დაუმარხავი ძმების ამბების მოკითხვა.

 

პაატას „მეგობარმა“ გიო ხომასურიძემ მითხრა, თითქოს ირაკლი ალასანიამ შეუთვალა პაატას ამბავს ნუ კითხულობთ თორემ, ყველას გაგაქრობთო… როგორც ვიცი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიკითხნენ მეზობლები. მაგრამ იმ პერიოდში სამართალდამცავებმა ვერ ან არ იმუშავეს და ტერორი, ჩემი ძმების ახლობლებზეც გაგრძელდა.

 

სახლიდან პოლიციის დახმარებით გამოიყვანეს და შემდეგ ბოროტებმა მოკლეს გია ბარამიძე… სარწმუნო წყაროს ცნობით, როდესაც ჩემი ორი ძმა ჩემი მეზობლის სახლში ჩაცხრილეს გელა ლანჩავას მთაწმინდის პროკურორთან გიორგი (ჟორა) აგლაძესთან დაურეკავს და უთქვამს ამა და ამ მისამართზე „ორი ტრუპია“ და მიხედეო.

 

პროკურორი მთაწმინდის პოლიციის თანამშრომლებთან აღშფოთებული განიხილავდა მომხდარს…

 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პოლიციამ გაჩხრიკა რურუების საცხოვრებელი სახლი, ასევე მამიდამისის სახლიც, რომელიც ჩვენს სახლთან ახლოს მდებარეობდა. შესაბამისად დაკითხული იქნებოდა არაერთი მოწმე. მე, დაზარალებულადაც არ მცნეს, რადგან ორმოცდაათზე მეტი კაციდან, რომელიც ჩემი ოჯახის წევრების ლიკვიდაციაში მონაწილეობდნენ ბრალი ვერავის წაუყენეს.

 

თუმცა, პროკურატურის გამომძიებელი დავით მეფარიშვილი რომელიც ჩემი ოჯახის წევრების მკვლელობის საქმეს იძიებდა და საქმის ირგვლივ უამრავი მტკიცებულება არსებობდა სს კოდექსის, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის თითქმის ყველა პუნქტი უნდა გამოეყენებია ბრალის წარსადგენად…

 

პროკურატურას, წლების შემდეგ განცხადებით მივმართე (სამარცხვინო პასუხს, დანართში წარმოგიდგენთ), მაგრამ უშედეგოდ. წლების განმავლობაში, სხვადასხვა მეთოდებით ჩემზეც ხორციელდებოდა ზეწოლა…

 

2000 წელს შსს დაკითხვაზე დამიბარა დავით კეკუამ, რომელსაც როგორც შემდგომ გავიგე, ჩემი ოჯახის წევრების, და არა მარტო, ლიკვიდაციაზე ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია და უნდა დაეკავებინათ ჟორიკა, თუმცა მე უკვე აღარ მჯეროდა სამართალდამცავების მხედრიონელებთან მათი „ალიანსის“ გამო და ქვეყანა დავტოვე…

 

შემდეგ გავხდი აშშ ს მოქალაქე. მედიაში ჩემი ინტერვიუს გამოჩენამ ჩემი დევნა აშშ-იც განაახლა, რაზეც შესაბამის სამსახურს მივმართე…

 

დავით კეკუამ რატომღაც ჟორიკა რურუა ვერ დაიჭირა. სამაგიეროდ სახელმწიფოს სადავეები, როგორც კი ხელთ ჩაიგდო მისმა ძმამ ნიკოლოზმა, დიდი ფიქრის გარეშე დააკავეს თავად დავით კეკუა.

 

მისი ავტომანქანის სადგომიდან და კაბინეტიდან ჩხრეკვის დროს გააქრეს „შავი ბლოკნოტები“, სადაც ღირებული ინფორმაცია ინახებოდა მკვლელ ძმებ რურუებზე და მათ „საძმოზე.“

 

დავით კეკუას სიკვდილში მისმა მეუღლემ, კამერების წინ დაადანაშაულა რურუები. თუმცა ის მაინც მეუღლეა და შურისძიების ცეცხლიც მალე გაუნელდა. სამართლიანობის აღდგენა ღმერთს მიანდო.

 

მე, 28 წელია ჩემი უმოწყალოდ ჩახოცილი ოჯახის წევრების დარდით ვიძინებ და ვიღვიძებ იმ იმედით, რომ მკვლელები დაისჯებიან!

 

მართალია „კეთილისმსურველები“ მაფრთხილებენ, რომ მკვლელები დღეს, სოლიდურ ქონებას ფლობენ და მათი დადანაშაულება არ იქნება იოლი, მაგრამ ჩემთვის ასეთი სიცოცხლე უფრო ძნელია, რომ ჩემს სამშობლოში ჩემი ოჯახის (და არა მარტო) წევრების მკვლელებს პრეტენზია აქვთ, რომ ქვეყანა მართონ და სიტუაცია არიონ.

 

ბატონო პროკურორო! უმორჩილესად გთხოვთ აღადგინოთ სამართლიანობა, მკვლელების დასასჯელად მხოლოდ პროკურატურის კეთილი ნებაა საჭირო, არსებობენ მოწმეები, რომლებიც სრულ ინფორმაციას ფლობენ.

 

წარმოგიდგენთ სხვა მტკიცებულებებსაც. ჩემთვის მნიშვნელოვანია საფლავის გარეშე ჩამარხული ორი ძმის ოჯახის წევრებთან ერთად დამარხვა. წინასწარ გიხდით მადლობას.

 

პატივისცემით: თამარ თორაძე

 

იხილეთ ვიდეო:

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X