00:26 | 2020-03-25 ავტორი: თამარ ბუჩუკური

მრავალჯერადი პირბადე არ არსებობს! – ექიმის გაფრთხილება

მრავალჯერადი პირბადე არ არსებობს! – ექიმის გაფრთხილება

ქუჩებში უმრავლესობა ქსოვილის პირბადით გადაადგილდება. ვირუსის გავრცელების პარალელურად, ეს ნივთი, ბევრი ჩვენთაგანისთვის ყოველდღიურად გამოყენებადია.

 

სხვადასხვა ფერის ნაჭრისგან დამზადებული, დაბრენდილი თუ მოქარგული პირბადეები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ერთგვარი ტრენდი გახდა. ამიტომ აქტუალურია კითხვები: რამდენად გვიცავს ე.წ. მრავალჯერადი პირბადე ვირუსებისა და ბაქტერიებისგან? მითია თუ რეალობა ე.წ. მრავალჯერადი პირბადის არსებობა? ამაზე სასაუბროდ „პრაიმტაიმი“ ექიმ-ენდოკრინოლოგს ფიქრია შიომღვდლიშვილს ესაუბრა.

 

როგორც მან განაცხადა, სხვადასხვა ატელიეებში დამზადებული სხვადასხვა ქსოვილის პირბადეების მრავალჯერადი გამოყენება მითია. დამცველობითი ფუნქციის მქონე პირბადე ერთჯერადია და ის აუცილებლად სათანადო პირობებში, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად უნდა მზადდებოდეს.

 

„მრავალჯერადი პირბადის ცნება არ არსებობს. შეუძლებელია, ატელიეებში შეკერილი პირბადეები იყოს მიკრონაწილაკების, ბაქტერიების, ვირუსების ფილტრი.

 

ვრცელდება რეკომენდაციები, თითქოს ამ „მრავალჯერადი“ პირბადეების გამოყენების შემდეგ, ისინი 72-პროცენტიანი საპნით უნდა გაირეცხოს და შემდეგ – დაუთოვდეს. მსგავს პირბადეებს დამცველობითი ფუნქცია საერთოდ არ აქვთ. მიბჯენა ცხვირ-სახის არეში ვერ ხდება, მიკრობები თავიანთი მცირე ზომიდან გამომდინარე, მაინც ტარდება ამ ქსოვილებში.

 

ექიმები სკეპტიკურად ვუყურებთ ტრენდად ქცეულ ჩვეულებრივი ქსოვილისგან დამზადებულ პირბადეებს, რადგან ისინი სპეციალურ გარემოში, სპეციალური მაღალი დამცველობითი მასალით უნდა მზადდებოდეს. ასეთი N95-ია, რომლის გამოყენების ხანგრძლივობა 8 საათს შეადგენს.

 

რა თქმა უნდა, ბრალს არავის არაფერში ვდებ, რადგან შესაძლოა, მწარმოებელთა შორის არ იყვნენ სამედიცინო განათლების მქონენი და მათ უბრალოდ სამედიცინო პირბადის წარმოების სტანდარტები არც იციან, მაგრამ მნიშვნელოვანია, მომხმარებლები ინფორმირებულები იყვნენ, რათა თავი დაცული არ ეგონოთ. თავის მხრივ, მომხმარებლებმა ამ ნივთის შესახებ კომპეტენტურ პირებს უნდა ჰკითხონ და არა –  რომელიმე მომაქმანებული პირბადის მკერავ ატელიეს.

 

რაც შეეხება საქართველოში წარმოებულ სამედიცინო პირბადეებს, დარწმუნებული ვარ, რომ სანდო იქნება, რადგან დაცული იქნება ყველა ის ჰიგიენური ნორმა თუ სტანდარტი, რაც საჭიროა.

 

არაერთხელ ითქვა, მაგრამ კიდევ გავიმეორებ, რომ პირბადის ტარებით უფრო მეტად ვაინფიცირებთ საკუთარ თავებს, ვიდრე ვახდენთ ვირუსის გავრცელების პრევენციას. მასზე ხშირი შეხება, სწორედ ინფიცირების კერა შეიძლება გახდეს.

 

კორონავირუსი არის წვეთოვანი გზით გადამდები ინფექციური დაავადება, რომელიც ჰაერით არ გადადის. სწორედ ამიტომ, პრევენციის საუკეთესო საშუალება 1-2 მეტრით დისტანციაა.“ – განმარტავს ფიქრია შიომღვდლიშვილი.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები