12:44 | 2020-05-23 ავტორი: თამარ ბუჩუკური

მოვითხოვთ პრემიერმა და ამირან გამყრელიძემ მიჩუმათებული „ვირუსი” მართონ – თამარ ჯაფარიძე

მოვითხოვთ პრემიერმა და ამირან გამყრელიძემ მიჩუმათებული „ვირუსი” მართონ – თამარ ჯაფარიძე

პანდემიის გამო დახურული აზარტული თამაშის დაწესებულებებმა იქონია თუ არა გავლენა ლუდომანთა რაოდენობასა და სამორინეების ბიუჯეტზე. როგორ აისახა ეს მოსახლეობაზე?

 

„პრაიმტაიმის“ ამ კითხვებს არასამთავრობო ორგანიზაციის „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ და მოძრაობა „ხალხისთვის“დამფუძნებელი თამარ ჯაფარიძე პასუხობს.

 

მისი თქმით, გასულ წელს სათამაშო ბიზნესის მოგებამ საქართველოს ბიუჯეტს 2 მილიარდით გადააჭარბა. თამაშში ჩართულები არიან მოზარდთა თითქმის ნახევარი.

 

საგანგაშო სტატისტიკაზე დაყრდნობითა და რეკომენდაციებით, თამარ ჯაფარიძე დედების სახელით საქართველოს მთავრობას მიმართავს.

 

„სახელმწიფო საკმაოდ წარმატებულად ებრძვის Covid-19-ს, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემია უწოდა.

 

თუმცა, ხელისუფლებას ყურადღების მიღმა რჩება, გაცილებით მასშტაბური დაავადება – აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება.

 

ჩვენმა მთავრობამ მხედველობაში მიიღო დაავადებათა კონტროლის ეროვნულის ცენტრის წარმომადგენლებისა და სხვა კომპეტენტური პირების რეკომენდაციები, ამიტომ გამკლავება შევძელით.

 

თუმცა, ჩვენი – დედების ყველაზე გულწრფელი ადამიანების წუხილი, რეალური პრობლემა, რასაც თამაშდამოკიდებულება ჰქვია და მე მას Covid-20 ვუწოდე, სახელმწიფო ინსტიტუტებს არ აინტერესებს.

 

უამრავ ქმედუნარიან ადამიანს კარგავს სახელმწიფო, კოლოსალური თანხა მიდის სათამაშო დაწესებულებებში და ვამბობ, რომ ქვეყანა ღატაკია და დახმარების ხელს წამყვან სახელმწიფოებს ვუწვდით.

 

მინდა, შევახსენო ჩვენს მთავრობას, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ლუდომანია „პანდემიად“ 1995 წლიდან მავნე ადიქციათა ნუსხაში შეიყვანა, გემბლინგის სახელწოდებით.

 

ჩვენ, დედები მოვითხოვთ, პრემიერ-მინისტრმა დაისვას ამირან გამყრელიძე და სხვა პროფესიონალები და მიიღონ რეგულაციები ძველი, მაგრამ მიჩუმათებული „ვირუსის” სამართავად, რომლითაც სათამაშო ბიზნესი გათეთრდება.

 

პრობლემა სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტებშია, მაგალითად: შემოსავლების სამსახური. ამ უწყებას არ აქვს ფილტრაციის ვალდებულება, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხის ჩარიცხვა-გადარიცხვა არ არის გამჭირვალე.

 

შესაძლებელია, სასტუმროს გადარიცხვის დოკუმენტში მოიაზრებოდეს იმ სამორინეების ფინანსები, რომლებიც განთავსებულია უშუალოდ სასტუმროებში.

 

ეს არის ინსტიტუციური სისტემური მოშლა. რა ხდება რეალურად ქვეყანაში გაურკვეველია. 2019 წლის გაანგარიშებით, არაოფიციალური მონაცემით სათამაშო დაწესებულებებში წლიური ბრუნვა 18 მილიარდ ლარს აღემატება.

 

ეს თანხა საქართველოს მთლიან ბიუჯეტს 2 მილიარდით აჭარბებს. როცა ეს დოკუმენტი მოვიპოვე, ცნობილ ბიზნესმენებთან, ბანკის მმართველებთან ერთად ვიანგარიშე.

 

მათთვისაც შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ის ციფრები, რომლებიც მივიღეთ.

 

კატასტროფული მდგომარეობაა. ჩვენ ჩავატარეთ მოზარდებში კვლევა: 500 გამოკითხულიდან  42 პროცენტი უკვე აზარტულ თამაშებში ჩართულია.

 

გენდერული ნიშნით განსხვავება არ არის. გოგონათა 15 პროცენტი ამბობს, რომ მოწყენილია თუ არ თამაშობს.

 

პანდემიის დროს, დაფიქსირდა ძალადობის ფაქტები: ახალგაზრდა მამაკაცმა თამაშისათვის ფულის გამოძალვა სცადა მეუღლისგან. საქმე იმდენად გართულდა, რომ სამართალდამცველები ჩაერთნენ.

 

პოლიციას ლუდომან მამაკაცს შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. თუმცა, აქაც სისტემური ხარვეზია – ძალადობისა და თვითმკვლელობის ან თვითმკვლელობის მცდელობისას, რა გახდა ძალადობის მიზეზი არ ფიქსირდება.

 

48 საათში 50 ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა.

 

დედებმა მივაღწიეთ, რომ ქალაქის მასშტაბით, დიდი რაოდენობის სარეკლამო ბანერები აღარ შეინიშნება. პანდემიის დროს, ჩვენ ვიყავით ინიციატორები, დაეხურათ სამორინეები.

 

სათამაშო ბიზნესის დასარეგულირებლად 10 000 ხელმოწერა შევაგროვეთ, ჩვენმა ორგანიზაციამ, ანა დოლიძემ და ბერაძეების ოჯახმა.

 

ახსოვს საზოგადოებას ამ ოჯახის ტრაგედია. ახალგაზრდა მამაკაცი, ტელევიზიის ოპერატორმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა სწორედ ლუდომანიის გამო.

 

მოძრაობა „ხალხისთვის“, რომლის დამფუძნებელი ანა დოლიძეა, ყველაფერს გააკეთებს ამ „პანდემიის“ დასარეგულირებლად.

 

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მიიღონ საჭირო ზომები, რომლებიც გაწერილია კანონპროექტში და წარდგენილია პარლამენტში.” – ამბობს თამარ ჯაფარიძე.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები