13:57 | 2021-01-20 ავტორი: Prime Time

მოვიპოვეთ დოკუმენტი ბაჩალიაშვილის საქმიდან  – ვინ არის რეალურად „ახალი მოწმე“

მოვიპოვეთ დოკუმენტი ბაჩალიაშვილის საქმიდან  – ვინ არის რეალურად „ახალი მოწმე“

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი ამბობენ, რომ საქმეში გამოჩნდა ახალი მოწმე, რომელიც მკვლელობის ვერსიას უტყუარად ადასტურებს. საუბარია ერთ-ერთ რაიონში მცხოვრებ 21 წლის გოგოზე, რომელმაც ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს სატელეფონო მიმოწერის სქრინები გაუგზავნა და ირწმუნება, რომ ეს მიმოწერა, მასსა და თამარ ბაჩალიაშვილს შორის საუბარს ასახავს.

 

„მე თუ რამე დამემართა, დედაჩემს გვერდით დაუდექი და შენ მიხედე. წავშლი შენს ესემესებს, არ მინდა გაიგონ, რომ მიცნობ და საფრთხეში ჩაგაგდო“ – ე.წ. ახალი მოწმე ირწმუნება, რომ ამ და სხვა სახის მიმოწერა ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილთან.

 

ფაქტს პროკურატურაც გამოეხმაურა, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის საქმე ჯერ კიდევ 17 დეკემბერს დახურა და არსებული მტკიცებულებების საფუძველზე განაცხადა, რომ ახალგაზრდა პროგრამისტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

პროკურატურაში ამბობენ, რომ ზემოხსენებული მოწმის მიერ თეონა თამაზაშვილისთვის გადაცემული მიმოწერა, სავარაუდოდ, ფალსიფიცირებულია, თავად მოწმეს კი ფსიქიკური პრობლემები აქვს.

 

„პრაიმტაიმმა“ მოიპოვა ექიმ-ფსიქიტრის მიმართვა, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წლის 30 ივლისით თარიღდება და სადაც საუბარია იმაზე, რომ გოგონა 15 წლის ასაკიდან მართლაც ფსიქიატრიულ აღრიცხვაზე იმყოფება.

 

 

ფსიქიკური პრობლემების არსებობას ადასტურებს სოციალური მუშაკიც, რომელმაც 2019 წელს სავარაუდო უგულებელყოფის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ოჯახის მდგომარეობა შეისწავლა.

 

ცნობილია, რომ პროკურატურამ ზემოხსენებული მიმოწერის ავთენტიკურობის დასადასტურებლად ექსპერტიზას მიმართა. სავარაუდოდ, დღეს ამოიღებენ მოწმის მობილურ ტელეფონს, რომელსაც ექსპერტები შეამოწმებენ.

 

მანამდე კი ვნახოთ, რას ამბობენ, გენერალურ პროკურატურაში:

 

„საქართველოს პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

 

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მოქალაქე გ.თ.-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მასთან მცხოვრებ ნათესავ გოგონას მ.შ.-ს, რომელიც ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარე მეურვეობას საჭიროებს და მასთან ცხოვრობს, სისტემატიური სატელეფონო ურთიერთობა აქვს თამარ ბაჩალიაშვილის დედასთან თეონა თამაზაშვილთან და მის ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან, რომლებსაც მცდარ ინფორმაციას აწვდის იმის შესახებ, რომ თითქოს იგი თამარ ბაჩალიაშვილს იცნობდა და მისი გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციას ფლობს. გ.თ.-ს ჩვენებით აღნიშნული არ შეესაბამება რეალობას და მ.შ.-ს წარმოსახვისა და ფანტაზიის ნაყოფი უნდა იყოს. აღნიშნული ასევე დაადასტურა მოწმის სახით გამოკითხულმა მ.შ.-ს ბიძამ ს.ჯ.-მ.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება. გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“.

 

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი კი ზემოხსენებული მოწმის და მიმოწერის საფუძველზე თამარ ბაჩლიაშვილის საქმეზე გამოძიების განახლებას და კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს.

 

„გავასაჩივრეთ დადგენილება, რომლის მიხედვითაც, საქმეზე გამოძიება შეწყდა, ასევე გავასაჩივრეთ დაგდენილება, რომლითაც ჯუმბერ ბაჩალიაშვილს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი გაუუქმდა.

 

პროკურატურაში მივიტანეთ თამარ ბაჩალიაშვილის მეგობართან მიმოწერის „სქრინი“, სადაც ის მეგობარს წერს: „გარკვეული საშიშროება მელის, თუ რამე დამემართება, დედაჩემს დაუდექი გვერდით, შენთან მიმოწერა რომ მაქვს, უნდა წავშალო, რამე საშიშროება რომ არ შეგემთხვეს“, – ამას წერს ის მეგობარს. კიდევ ბევრი „სქრინი“ არსებობს, რაც გამოძიებას მივაწოდე, იმოქმედოს ახლა გამოძიებამ და ყველაფერი დაადგინოს“, – განაცხადა რამიშვილმა.

 

ავტორი: Prime Time


X