11:39 | 2020-05-11 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“მოწამლული ვარ მიწასთან მუშაობით” – გია დავითიანის ულამაზესი ვარდების ბაღი, კიპარისების ტყე და ბოსტანი ბროწეულაში

“მოწამლული ვარ მიწასთან მუშაობით” – გია დავითიანის ულამაზესი ვარდების ბაღი, კიპარისების ტყე და ბოსტანი ბროწეულაში

მუსიკოსი გია დავითიანი 24 წლის იყო როდესაც ბროწეულაში მიწა შეიძინა, სადაც სახლი ააშენა და გარშემო ულამაზესი გარემო შექმნა.

 

ახლა ის ოჯახთან ერთად სწორედ აგარაკზე იმყოფება და ბაღში საკუთარი ხელით მუშაობს. სიამოვნებით იღებს სტუმრებს, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, ამას ხშირად ვეღარ ახერხებს.

 

„პრაიმტაიმი“ მომღერალს ესაუბრა.

 

– ბატონო გია, კორონავირუსის კარანტინის გამო წახვედით ბროწეულაში?

 

– არ ვარ მიჩვეული სახლში ჯდომას, ამიტომ, რადგან მთავარი რეკომენდაცია იყო „დარჩი სახლში“, წამოვედი აგარაკზე.

 

სახლში დარჩენაა როცა საკუთარ ეზოში ხარ. ბუნებასთან ურთიერთობა დიდი სიამოვნებაა ჩემთვის.

 

მაგალითად, გუშინ დილის 7 საათზე ავდექი იმისთვის, რომ ბოსტანი გამეკეთებინა, სპეციალურად შევარჩიე წვიმიანი დღე, ამ დროს კარგი ბოსტანი კეთდება.

 

 

Gia Davitiani-ს ფოტო.

 

– მოგვიყევით ამ აგარაკის აშენების ისტორია, როგორია ის?

 

– 30 წელია ეს მიწა ვიყიდე, მაშინ 24 წლის ბიჭი ვიყავი. ასი ძირი კიპარისის ნერგი დავრგე, აქ უკვე კიპარისების ტყე არის გარშემო.

 

როცა ამ ადგილზე მოვედი საერთოდ არაფერი არ იყო, იმის მერე  ვაკეთებ და ვაკეთებ. სულ არ მიფიქრია 24 წლის ასაკში რომ დღეს აქ ასეთი ტყე იქნებოდა.

 

გამიმართლა, როცა ეს ადგილი შევარჩიე, სახლი ავაშენე და ულამაზესი გარემო შევქმენი. სიბერესაც ბროწეულაში გავატარებ.

 

ხეხილიანი ბაღი მაქვს, გადასარევი კომშის ხეები, თეთრი ბალი, ალუბლების ხეები. ბროწეულა ჰქვია ამ ადგილს და ბროწეულის გარეშე როგორ იქნება? მარადმწვანე მცენარეებიც მაქვს ეზოში.

 

ნელნელა ვერკვევი მებაღეობაში, შეწამვლაზე ლიტერატურასაც ვკითხულობ. როგორც იცით ქვეყანა მოწამლულია ვირუსებით, შესაბამისად ხეხილს სჭირდება სათანადო შეწამვლა.

 

– ვისგან სწავლობთ ბუნებასთან მუშაობას და მცენარეების გახარებას?

 

– ფეისბუქზე არის არხი „ბაღის მოვლა“, სადაც ხშირად შევდივარ და ბევრ რამეს იქედან ვსწავლობ. ლანდშაფტის დიზაინზეც ვმუშაობ.

 

ქვა და ხე ძალიან უხდება ბუნებას,  ქვაზე მოდებული მცენარე ულამაზესია.

 

თუ სადმე მივდივარ და მეურნეობაში მოვხვდები, ყველაფერს ვკითხულობ. მოწამლული ვარ მიწასთან მუშაობით.

 

 

– კორონავირუსს მთელი მსოფლიო მოუმზადებელი შეხვდა, ბევრი ადამიანი აღმოჩნდა ფინანსური კრიზისის პირისპირ, თქვენს შემთხვევაშიც ასე იყო?

 

– მოგეხსენებათ მე ჩემი პატარა შემოსავალი მაქვს, რომელიც სტაბილურია და კორონავირუსი ამ შემოსავალს არ შეხებია საბედნიეროდ. ასე, რომ გარკვეული დაფინანსება მაქვს ღმერთის წყალობით.

 

 

– დარწმუნებული ვარ აგარაკზე სტუმრებიც ხშირად მოდიან…

 

– სტუმრებს უარს არ ვეუბნები, უცხო თვალი ამ ასაკში, ამ გარემოს გამო ქათინაურებს როცა მეუბნება, მსიამოვნებს.

 

61 წლის გავხდი 8 მაისს, ონლაინ ქეიფიც გვქონდა და რამდენიმე მეგობარი ამოვიდა კიდეც.

 

აჩიკო ბერიძე, მიშა ჭიონიშვილი, კახა გრიგალაშვილი, ჩემი მეგობარი გოჩა ქაჯაია, რომელთანაც სტუდენტობიდან ვმეგობრობ.

 

გოჩა ამოვიდა გუშინ, მანქანაში ბატკანი ჰყავდა და ჩაქაფული გააკეთა.

 

– ბაღში მუშაობისას მღერით?

 

– მე რადიოები მაქვს ჩართული სადაც ქართული მუსიკა ისმის. საათში ორჯერ მაინც გადის ჩემი სიმღერები, მუშაობის დროს სიმღერა რთულია, მაგრამ ვღიღინებ. ღიღინის გარეშე ცხოვრება არაფერია.

 

ხალხს ვუყვარვართ, ე.ი. ღიღინი გამოგვდის. უნდა ვასიამოვნოთ ჩვენს ქვეყანას და მთლიანად დედამიწას.

 

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +

X