01:18 | 2020-09-14 ავტორი: თამარ ბუჩუკური

მოსახლეობას მოვუწოდებთ, ცოტნესთვის თანხა არ ჩარიცხოთ – ცოტნე გამსახურდიას მეუღლე მოსახლეობას აფრთხილებს

მოსახლეობას მოვუწოდებთ, ცოტნესთვის თანხა არ ჩარიცხოთ – ცოტნე გამსახურდიას მეუღლე მოსახლეობას აფრთხილებს

როგორც ცნობილია, ცოტნე გამსახურდიას მკურნალობის ხარჯებს ფონდი „ქართუ” ფარავს. თუმცა, საზოგადოებაში კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ცოტნე გამსახურდიას დედამ, მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ ანგარიშის ნომერი გამოაქვეყნა და შვილისთვის თანხის ჩარიცხვა ითხოვა…

 

ამ საკითხზე „პრაიმტაიმმა” მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მიმართვაც გამოაქვეყნა. თუმცა, ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური აცხადებს, რომ ფონდი „ქართუ” კვლავ განაგრძობს ცოტნე გამსახურდიას დაფინანსებას და გარდა მკურნალობის ხარჯებისა, მას სარეზერვო ფონდშიც თანხა სტაბილურად ერიცხება.

 

ის საზოგადოებას მოუწოდებს, რომ არცერთ ანგარიშზე, რომელიც ცოტნე გამსახურდიას უკავშირდება თანხა არ ჩარიცხონ…

 

„ქართუ ფონდმა ცოტნეს დაფინანსება არამც თუ შეუწყვიტა ან შეუზღუდა, არამედ წინსწრებით უხდის ყოველთვიურად ულიმიტოდ ნებისმიერი რაოდენობის თანხას, რომელსაც ცოტნეს მკურნალობა საჭიროებს. უფრო მეტს გეტყვით – ქართუს გარდა საჭირო თანხისა, ყოველთვიურად წინასწარ შეაქვს დამატებითი თანხაც ცოტნეს სარეზერვო ფონდში, დამატებითი შესაძლო საჭიროების გამოვლენის შემთხვევისთვის.

 

ასე, რომ არამცთუ თქვენ, არამედ მთელ მოსახლეობას მოვუწოდებთ მეც და ცოტნეს ძმებიც – არც ერთ ანგარიშზე, სადაც ცოტნეს მკურნალობის ფულის შეგროვებაზე იქნება ლაპარაკი, თანხა არ ჩარიცხოთ, რამეთუ ამ თანხიდან არცერთი თეთრი ცოტნემდე არ და ვერ მივა ორი მარტივი მიზეზის გამო – ცოტნეს ყველაფერი წინასწარ აქვს დაფინანსებული სარეზერვო ფონდის ჩათვლით.

 

ცოტნეს ფინანსური მხარდამჭერი არის გიორგი გამსახურდია, რომლის გარეშეც ცოტნეს ანგარიშზე თანხა უბრალოდ ვერ მოხვდება და რომელიც კატეგორიულად არ დაუშვებს არავითარი თანხების ცოტნეს სამკურნალო ანგარიშზე დარიცხვას, რადგან ცოტნეს ანგარიშზე უკვე იმაზე მეტია, ვიდრე ის საჭიროებს.

 

გიორგი გამსახურდიამ უკვე ხაზგასმით დააფიქსირა მკვეთრი პოზიცია თქვენს მიერ ზემოთ ნახსენები ანგარიშის გახსნის შესახებ (რასაც ამორალიზმი და პროვოკაცია უწოდა). მის აზრს სრულიად იზიარებს კონსტანტინე გამსახურდიაც, რომელმაც პოზიცია საკუთარ „​ფეიბუქგვერდზე” დააფიქსირა.

 

რაც შეეხება ვაზის აჩეხვას, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ადამიანმა მომაწოდა ამის შესახებ ინფორმაცია, სიმართლე გითხრათ, არ მჯეროდა, სანამ ინტერნეტსივრცეში არ გავრცელდა ეზოს იმ ნაწილის ფოტო, რომელშიც ცოტნემ ნოემბერში 200-მდე ძირი ვაზი ჩაყარა და რომლის ადგილზეც ახლა ტრიალი მინდორია, ნაცვლად ახალამოსული რამდენიმე სანტიმეტრიანი არამსხმოიარე ახალგაზრდა ვენახისა. დიახ, აბსოლუტურად დაუჯერებელი ამბავია ჩემთვის და უზარმაზარი დარტყმა იქნება ცოტნესთვის, როცა გაიგებს…” – განაცხადა ანა ჯაბაურმა.

 

წყარო: „ალია”

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +