fbpx
14:43 | 2020-10-22 ავტორი: თამთა თორდია

მოსაყდრე შიოს არაფორმალური შეხვედრა აშშ-ს ელჩთან – რაზე ესაუბრა კელი დეგნანს?

მოსაყდრე შიოს არაფორმალური შეხვედრა აშშ-ს ელჩთან – რაზე ესაუბრა კელი დეგნანს?

2020 წლის 16 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ქალბატონ კელი დეგნანს შეხვდა. – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

 

„შეხვედრა არაფორმალურ ვითარებაში, აშშ-ის საელჩოს სახლში შედგა და მიზნად ისახავდა საპატრიარქოსა და აშშ-ის საელჩოს შორის არსებული ურთიერთობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები.

 

მიტროპოლიტმა შიომ მადლიერება გამოხატა იმ მნიშვნელოვანი ფაქტის გამო, რომ წლების განმავლობაში აშშ-ის საელჩოს მიერ ქართული კულტურის არაერთი ძეგლის რესტავრაცია დაფინანსდა. როგორც ცნობილია, ბოლო ასეთი პროექტი იყო მცხეთის ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოები, რომლის პრეზენტაციაც სულ ახლახან გ. ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ინსტიტუტში გაიმართა.

სასულიერო პირების
2020-10-22სასულიერო პირების "პოლიტიკური ამბიონი" - კანონიკურად, რამდენად აქვთ მათ აგიტაციის პროცესში ჩართვის უფლება

 

შეხვედრის დროს საუბარი ასევე შეეხო გასული წლის ოქტომბერში საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტს აშშ-ში, სახელმწიფო დეპატრამენტში გამართული შეხვედრებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ორპარტიული დოკუმენტის მიღების მნიშვნელობას, რომელიც დაემთხვა ამ ვიზიტს.

 

ზოგადად, 16 ოქტომბერს გამართული შეხვედრა იყო გაგრძელება იმ დაწყებული ურთიერთობებისა, რომლებსაც საფუძველი ჩაეყარა აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების საკითხებში ელჩთან, ბატონ სამუელ ბრაუნბეკთან ზემოხსენებული შეხვედრებისას.

 

შეხვედრის ძირითადი თემა საქართველოს ეკლესიისა და აშშ-ს შორის უშუალო ურთიერთობებს ეხებოდა. აღნიშნული ხელს შეუწყობს საქართველოს ეკლესიის შესახებ სხვადასხვა საკითხში გაუგებრობების თავიდან აცილებას.

 

აშშ-ის ელჩი დაინტერესდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ ქართველთა მდგომარეობით, ქართული ეკლესიის კავშირით აფხაზეთთან. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ რელიგიური სახელმწიფოა და იმ ამოცანების გაგება, რომლებიც საქართველოს ეკლესიის წინაშე დგას, ამერიკისთვისაც არ იქნება რთული.

 

ამასთან, ქალბატონმა ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა და გაიხსენა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან გულთბილი შეხვედრები და მათი მნიშვნელობა, მან ასევე ისაუბრა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების აუცილებლობაზე.

 

საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან, ისევე, როგორც სხვა დროს, გამოითქვა სურვილი, ყველა შესაძლებლობა იქნეს გამოყენებული, რათა აფხაზეთში მომლოცველებმა შეძლონ მიმოსვლა“,- ნათქვამია განხადებაში.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X