15:17 | 2020-04-14 ავტორი: ალექსი ქამადაძე

მოქალაქეს ე.წ „ქურდულ საერთოში“ 18 000 ლარის გადახდას აიძულებდნენ – დაკავებულია 4 პირი

მოქალაქეს ე.წ „ქურდულ საერთოში“ 18 000 ლარის გადახდას აიძულებდნენ – დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოზურგეთის რაიონულ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფოთსა და ოზურგეთში დააკავეს წარსულში ნასამართლევი 4 პირი: 1989 წელს დაბადებულ ვ. კ., 1991 წელს დაბადებული ლ. ქ., 1985 წელს დაბადებული ვ. ბ. და 1985 წელს დაბადებული ზ. მ.

 

შსს-ს ცნობით, დაკავებულებს ბრალი „ქურდული სამყაროს“ წევრობაში ედებათ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

უწყების ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 10 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მცხოვრებ მ.ხ.-ს „ქურდული სამყაროს“ წევრები – ლ. ქ.-მ, ვ. ბ.-მ და ზ. მ.-მ. საზღვარგარეთ საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი „კანონიერი ქურდის“ – გ.კ-სთვის და ე.წ. „ქურდულ საერთოში“ ფულადი თანხის ჩარიცხვას აიძულებდნენ.

 

„ბრალდებულებმა დაზარალებულ მოქალაქეს, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდასაჭერად, ე.წ. „ქურდულ საერთოში“ ჩასარიცხად, 18 000 ლარის გადახდა დააკისრეს.

 

ბრალდებულებმა სისტემატიური ზეწოლისა და ქურდული გარჩევის გზით დაზარალებულ მოქალაქეს – „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდასაჭერად 10 000 ლარი გამოსძალეს.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც „ქურდული სამყაროს“ წევრობას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +