10:47 | 2020-03-17 ავტორი: თეონა ყაჭიური

მოხუცი ცოლ-ქმრის დაყაჩაღებისთვის 33 წლის კაცი დააკავეს

მოხუცი ცოლ-ქმრის დაყაჩაღებისთვის 33 წლის კაცი დააკავეს

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით გურიაში 33 წლის მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, მამაკაცი მოხუც ცოლ-ქმარს თავს დაესხა და ფული მოსთხოვა. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი ისინი სახლსი მეპატრონეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1 მარტს, ბრალდებული 2 თანამზრახველთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში მცხოვრებ მოხუც ცოლ-ქმარს – 1939 წელს დაბადებულ გ.პ.-სა და 1940 წელს დაბადებულ ი.გ.-ს, მათსავე საცხოვრებელ სახლში ყაჩაღურად თავს დაესხა და ფული მოსთხოვა. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ თავდამსხმელები სახლის მეპატრონეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, გასტაცეს 2000 ლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

 

დაშავებული ცოლ-ქმარი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მედიკოსებმა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღური თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილე – შ.ო., მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

 

დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

 

გამოძიება გრძელდება ბინაში უკანონოდ შეღწევის გზით ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით“,- ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები