fbpx
12:10 | 2020-10-20 ავტორი: მარი ჯაფარიძე

მოერიდეთ სასწრაფოს გამოძახებას, წინ მძიმე დღეები გველოდება – რჩევები ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმისგან

მოერიდეთ სასწრაფოს გამოძახებას, წინ მძიმე დღეები გველოდება – რჩევები ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმისგან

ამერიკაში მცხოვრები ნანა ბერიშვილი ნიუ იორკის შტატის ვესჩესტერის საგრაფოს სენტ ჯონის ჰოსპიტალში, უშუალოდ COVID ინფიცირებულებთან მუშაობს. მას 9 აპრილს თავად დაუდგინდა ინფექცია და „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში დაწვრილებით გვიყვებოდა თავის შეგრძნებებსა და დაავადებულთა ქცევებსა და ავადმყოფობის მიმდინარეობაზე.

 

ქალბატონ ნანას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, რომელსაც ჩვენც გვიზიარებს.

 

„მეგობრებო!
წინ საკმაოდ მძიმე და ემოციებით დატვირთული დღეები გველოდება. ყველა შეშინებული და ვეებერთელა ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვართ. მესმის, გასაგებია, ჩვენ (ნიუ-იორკში) ეს უკვე გავიარეთ, ამიტომ თავს ნებას მივცემ, რომ რამოდენიმე რჩევა-რეკომენდაცია მოგაწოდოთ.
1. ფლოქვების თქარუნზე ნუ იფიქრებთ მაინცადამაინც ზებრებზე, პირველად ცხენზე იფიქრეთ.
2. გრიპების სეზონი უკვე დაწყებულია და ძალაში შედის. ამას ემატება სეზონური ალერგიები. ნუ შეგეშინდებათ ჩვეული სიმპტომატიკის.
3. მოერიდეთ 1-2 სიმპტომზე ცხელ ხაზზე რეკვას. გახსოვდეთ, იქაც ადამიანები მუშაობენ და მათი რიცხვი კატასტროფულად მცირეა.
4. მოერიდეთ სასწრაფოს გამოძახებას. რომც დაგიდასტურდეთ ვირუსი, არანაირი წამალი მსუბუქ სიმპტომიანი პაციენტისთვის არ არის საჭირო. სწორი კვება, საკმაო რაოდენობის სითხის მიღება, სუფთა ჰაერი და აქტივობა – სულ ესაა თქვენი მკურნალობის კურსი.
5. ყველაზე საშიში საავადმყოფოებისა და მედპერსონალის გადატვირთვაა. თქვენ როცა ფაღარათის გამო სასწრაფოს იძახებთ, სადღაც ინფარქტიანი, ან ინსულტიანი ადამიანი კვდება.
6. თუ ზომიერად რთული სიმპტომატიკაა ან რამდენიმე სიმპტომია ერთად წარმოდგენილი, სუნთქვის გართულების გარეშე, არც მაშინ არის კრიტიკული ცხელ ხაზზე დარეკვა ან გამოძახება.
7. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სუნთქვის გართულებაა ხშირი ხველით, გამოიძახეთ ბრიგადა და თუ ჟანგბადის სათურაცია ნორმალურია, ე.ი. არ არის რთული პაციენტი. მხოლოდ სტეროიდს ან სიცხის (>39.0 ) დამწევს ადგილზე გაუკეთებენ და ეს პაციენტი სახლში იზოლირებული, ოჯახის ფრთხილი მეთვალყურეობის ქვეშ, ბევრად უფრო დაცულია გართულებისგან, ვიდრე გადატვირთულ საავადმყოფოს დერეფანში უამრავ პაციენტთან ერთად, საწოლის მოლოდინში.
9 . ნუ შეშინდებით. კორონა ვირუსი სასიკვდილო განაჩენი არ არის, ჯანმრთელი სხეულისთვის იოლი მოსახდელია. მთავარია, გადაცემის ჯაჭვი არ შეიქმნას.
10. შეამცირეთ კონტაქტები, განერიდეთ არასაჭირო ფიზიკურ სიახლოვეს!
და რაც მთავარია:
გაუფრთხილდით მედმუშაკებს, ცხელი ხაზის ოპერატორიდან დაწყებული, იმ ლაბორანტით დამთავრებული, ყელიდან სინჯს რომ გიღებთ.
ექიმები და ექთნები უფრო მეტი ემოციური და ფიზიკური წნეხის ქვეშ არიან, ვიდრე თქვენ, რომ არაფერი ვთქვათ იმ მაღალ რისკებზე, რაც ჩაკეტილ სივრცეში უამრავ პაციენტთან ურთიერთობას ახლავს თან.
ღმერთი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს!“ – წერს ნანა ბერიშვილი სოციალურ ქსელში.
ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X