23:46 | 2020-05-15 ავტორი: მარი ჯაფარიძე

„მოამბის“ ყოფილი კორესპონდენტი, 80 წლის ემიგრანტი, რომელიც სამსახურში ველოსიპედით დადის

„მოამბის“ ყოფილი კორესპონდენტი, 80 წლის ემიგრანტი, რომელიც სამსახურში ველოსიპედით დადის

ქალთა ისტორიები

 

ლეილა მჭედლიშვილი 80 წლის გახლავთ და 23 წელია, ემიგრაციაშია. წასვლამდე ჟურნალისტი იყო, შემდეგ კი მეუღლე გარდაეცვალა და იძულებული გახდა, ემიგრანტობის მძიმე გზას დასდგომოდა.

 

ქალბატონი ლეილა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში განვლილ გზას იხსენებს.

 

მიყვარს ხოლმე ეფექტის მოხდენა და როდესაც სადმე შეკრებაზე მივდივარ, ვმღერი ხოლმე, რამდენიმე ინსტრუმენტს ვფლობ და ვუკრავ კიდეც. ვგიჟდები, ისე მომწონს, როცა ადამიანებს საღამოს ვულამაზებ. ქალების უმეტესობა ასაკს იკლებს ხოლმე და მე თუ მკითხავენ ასაკს, ვეუბნები, 85-ის ვარ-მეთქი და ატყდება ამბავი. მეკითხებიან, – რას ჭამთ, როგორ ცხოვრობთ, ასე რომ გამოიყურებითო.

 

საქართველოში ვმუშაობდი „მოამბეში“, კორესპონდენტად. მერე ხალხურმა შემოქმედებამ გამიტაცა და დავიწყე ხატვა. ერთ წელიწადში პერსონალური გამოფენაც გავაკეთე „თეთრ გალერეასა“ და „მხატვრის სახლში“. მატერიალური მდგომარეობის გამო წამოვედი ემიგრაციაში, მეუღლე გარდამეცვალა, 2 შვილი დამრჩა და მათ გამო, საკმაოდ სოლიდურ ასაკში, 57 წლისამ მივიღე ეს გადაწყვეტილება.

 

თავიდან ვფიქრობდი, 2 წლით წავალ-მეთქი და ეს 2 წელი 23 წლად გადაიქცა.

 

როგორც ემიგრანტების უმეტესი ნაწილი, თავიდან მეც ჩვეულებრივ, ოჯახში, მომვლელად დავიწყე მუშაობა. შემდეგ უამრავი სამსახური გამოვიცვალე და ერთი წელია, აღარ ვმუშაობ. ჯერ ბავშვებთან ვმუშაობდი, მერე – მოხუცთან. საქართველოში როცა ვცხოვრობთ, ყველას ჩვენი ადგილი გვაქვს, აქ რომ ჩამოდიხარ, არავინ ხარ. სხვას ემსახურები. ეს იოლი გადასატანი არ არის. ძნელია შეგუება. წლები არ ვიყავი საქართველოში ნამყოფი, რადგან საბუთები არ მქონდა მოწესრიგებული. პირველად 2010 წელს ჩამოვედი, მრავაწლიანი განშოების შემდეგ და ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. ახლა საქართველოში რომ ჩამოვდივარ, იმის მეშინია ხოლმე, რომ ვინმე ნაცნობი რომ შემხვდეს ქუჩაში და ვერ ვიცნო. დავდივარ თბილისის ქუჩებში და ვტკბები. ნოსტალგია საშინელებაა, ვერ ერევი ადამიანი. თუმცა, შვილებიც რომ ჩამოვიყვანე ჩემთან, მერე ცოტა შემიმსუბუქდა ცხოვრება. როცა ვიცოდი, რომ ვერ ვახერხებდი საქართველოში ჩასვლას, უფრო მეტად განვიცდიდი. ახლა, როცა ყოველ წელს ჩამოვდივარ, უკვე იმედიანად ვარ და აღარ განვიცდი ისე ძლიერ.

На изображении может находиться: Leila Mchedlishvili

 

ახალი ჩამოსული ვიყავი ამერიკაში და ვიშოვე სამსახური, მიმიყვანეს უზარმაზარ სასახლეში. საქართველოში ისე ვცხოვრობდი, რომ სახლში საქმეს დამხმარე ქალი აკეთებდა და რომ გითხრათ, რომ კარგი დიასახლისი ვიყავი, მოგატყუებთ. – ამხელა სასახლის დანახვაზე გამისკდა გული, ამ სასახლეს როგორ დავალაგებ-მეთქი? ორი პატარა ბავშვი ცხოვრობდა იმ სახლში და ჰყავდათ ძიძა. ერთ დღეს ბავშვები დაიკარგნენ, დავეძებთ გადარეულები… ჩვენი დიასახლისი მანჰეტენზე მუშაობდა და თურმე სახლში აქვს დამონტაჟებული კამერები და სამსახურიდან ხედავს, რა ხდება მის სახლში. ჩვენ დავრბივართ, დავეძებთ ბავშვებს, იმას კი დაუნახავს, სად იყვნენ დამალული. ძიძამ დაურეკა, ბავშვები დავკარგეთო, მაგრამ იმან არ უთხრა, რომ მათი ადგილსამყოფელი იცოდა. ალბათ ამოწმებდა, რა რეაქცია გვექნებოდა. მაცივარშიც კი შევიხედეთ, მაგრამ ვერსად ვაგნებდით. ბოლოს როგორც იქნა, სამალავიდან გამოვიდნენ და შვებით ამოვისუნთქეთ. ასეთ სიგიჟეებს ვუძლებთ ემიგრაციაში.

 

ყველას გვტკივა ემიგრაციაში ყოფნა… გამონაკლისი არ არსებობს.

 

ჩემი ერთი შვილი კანადაში ცხოვრობს, მისი შვილები იქაური მოქალაქეები არიან. მისმა არაქართველმა მეუღლემ ისე შეიყვარა საქართველო და ქართული სიმღერები, რომ სპეციალურ გაკვეთილებზეც კი დადიოდა, შესასწავლად. კონცერტებზეც კი გამოდის და საკმაოდ კარგად მღერის. მერე საქართველოში გამოცხადდა ემიგრანტებისთვის კონკურსი, სადაც გაგზავნეს ჩემი შვილიშვილებისა და სიძის მიერ შესრულებული „მრავალჟამიერი“ და კონკურსში გაიმარჯვეს კიდეც.

 

ბოლო 10 წელი სამსახურში ველოსიპედით დავდიოდი ხოლმე და ყველას უკვირდა, – ამ ხნის ქალი ველოსიპედით როგორ დადიხარო?

 

ახლა პენსიონერი ვარ, 850 დოლარი მაქვს პენსია და რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის, თუმცა, ჩემი შვილი მუშაობს, ერთ ოთახს ვაქირავებთ და არ გვიჭირს. მუშაობის უფლება მაქვს, მაგრამ მირჩევნია, არ ვიმუშაო. უძრავი ქონება საქართველოში უკვე შევიძინე, სიღნაღელი ვარ და იქაც სახლი მოვაწყვე, ახლა მხოლოდ ყოველდღიური ხარჯი მჭირდება და მყოფნის შემოსავალი.

 

На изображении может находиться: Leila Mchedlishvili, улыбается, велосипед и на улице

 

ამ ბოლო დროს დავინტერესდი თექით. თბილისში, სანაპიროზე მხატვრების გამოფენა რომ არის, იქ ვნახე თექით გაწყობილი უნაზესი შარფები და ძალიან მომეწონა. ამერიკაში დაბრუნებულმა მოვძებნე ქალბატონი, რომელიც თექაზე მუშაობდა და ვთხოვე, ესწავლებინა. ახლა შინ ვარ და ვმუშაობ თექაზე, ვხატავ, გამოფენებიც მქონდა, რეალიზაციასაც ვახდენ ჩემი ნამუშევრების და თავისუფალი დრო საერთოდ არ მაქვს.

 

თექაზე მუშაობა ძალიან შრომატევადია, ძალაც სჭირდება და ერთგვარი ვარჯიშივით არის. ისეთი საინტერესოა, რომ სულ იმას ვფიქრობ, ნეტავ, აქამდე სად ვიყავი…

 

На изображении может находиться: Leila Mchedlishvili, улыбается

 

კორონას გავუძელით და მგონი გადავიტანეთ კიდეც, მე გარეთ არ გავდიოდი და იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება.

აქ ასეთი მობილიზება, როგორც საქართველოშია, ნამდვილად არ ყოფილა შედეგებიც იმიტომაა საშინელი. დაიკეტა თავშეყრის ადგილები, სკოლები, მაგრამ სამწუხაროდ, გვიან. აქაც ისე, როგორც საქართველოში, ხალხმა პროდუქტი მოიმარაგა. სახლებიდან მუშაობენ. ერთი სიტყვით, ხალხი შეშინებულია. ჩვენც შინ ვართ, არ გავდივართ და თავს დაცულად ვგრძნობთ.

 

ამავე რუბრიკიდან შეგიძლიათ წაიკითხოთ:

 

11 წლის გოგო გავზარდე, რომელიც 9 ჯარისკაცმა გააუპატიურა – რას ჰყვება 9 შვილისა და 18 შვილობილის დედა

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენატარი - +

X