14:57 | 2020-09-21 ავტორი: მარი ჯაფარიძე

მკვლელები ჯერ ხელკეტებით სცემეს, შემდეგ კი ცოცხლად დაწვეს – სოფელი დუმილს არღვევს (ექსკლუზივი)

მკვლელები ჯერ ხელკეტებით სცემეს, შემდეგ კი ცოცხლად დაწვეს – სოფელი დუმილს არღვევს (ექსკლუზივი)

გასული საუკუნის 90-იანი წლები ქაოსითა და განუკითხაობით შევიდა ქვეყნის ისტორიაში. კრიმინალი ფაქტობრივად დაუსჯელი რჩებოდა, ჩამოყალიბდა ბანდფორმირებები, რომლებიც ისე დათარეშობდნენ, კლავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და აყაჩაღებდნენ ადამიანებს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებიდან პასუხის მომთხოვნიც არავინ იყო.

 

სწორედ ამიტომ, იმ პერიოდში ძალზე ხშირი იყო ლინჩის წესით გასამართლების შემთხვევები. გვინდა, ერთ-ერთი ასეთი ფაქტი გავიხსენოთ და მკითხველის შეკითხვას – რაში დაგჭირდათ ამ ამბის გაცოცხლებაო, აქვე გავცეთ პასუხი: ის, რაც ქვეყნის ისტორიაა, აუცილებლად უნდა დარჩეს, რომ მომავალმა თაობამ იცოდეს, რა გამოიარა ქვეყანამ და რას გაუძლო ხალხმა. მით უფრო, როცა ამ შემზარავი ამბის დეტალებს ბევრი ახლა, წლების შემდეგ, პირველად სწორედ „პრაიმტაიმიდან“ შეიტყობს. 

 

ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მცხეთიჯვარში ძმები დევაძეები მოხუც მშობლებთან ერთად ცხოვრობდნენ.

 

უფროსი – გია დევაძე „ცალხელა გიას“ სახელით იყო ცნობილი, ვინაიდან მარჯვენა ხელის მტევანი ჰქონდა მოწყვეტილი. უმცროს ძმას ამირანი ერქვა. 

 

მათ რამდენიმე ადამიანისგან შექმნეს ჯგუფი და თავს ესხმოდნენ ადამიანებს, ძარცვავდნენ, აყაჩაღებდნენ…

 

თუმცა, სოფელში ძმებს სრულიად სხვადასხვაგვარად ახასიათებენ. გიას არსენა მარაბდელს ადარებენ – მდიდარს ართმევდა და ღარიბს აძლევდაო. რომ დაიჭირეს, ხალხი ფულს და ხელმოწერებს აგროვებდა – იქნებ ციხიდან დაეხსნათ, ან დახვრეტის მუხლი მაინც არ მიეყენებინათ, რადგან ბევრი სიკეთე ახსოვდათ მისგან, თავისი ძმასავით გარეწარი არ იყო ეგ ბიჭიო. გია ციმბირში გადაუსახლებიათ და დღემდე არავინ იცის, რა ბედი ეწია.

 

„პრაიმტაიმი“ ჩავიდა იმ სოფელში, სადაც ძმები ცხოვრობდნენ და ასევე სოფელ ქინძათში, სადაც უმცორსმა ძმამ საშინელი მკვლელობა ჩაიდინა. ადგილობრივებს არ სურთ ამ ამბის გახსენება, მიუხედევად იმისა, რომ მკვლელობიდან 30 წელია გასული.

 

დედა-შვილის მკვლელების ლინჩის წესით გასამართლების მონაწილენი დღესაც ცოცხლები არიან და ამ სოფელში ცხოვრობენ. მიზეზიც ეს გახლავთ, რის გამოც ყველა დუმს.

 

ახლა თავად ამბავი, რომელსაც სოფლის გამგებელი, იაგო  ქიტიაშვილი გვიყვება:

 

„1992 წლის თებერვალში, სოფელ ქინძათში მეზობელმა 28 წლის გულო თედიაშვილისა და მისი 14 წლის ვაჟის დანით დაჩეხილი გვამები აღმოაჩინა.

 

Нет описания.

სახლი, სადაც მკვლელობა მოხდა

 

ქალი ქვრივი იყო, სოფელ მცხეთიჯვარში, ავეჯის მაღაზიაში მუშაობდა, 14 წლის ბიჭი ჰყავდა. ძალიან კარგი ბიჭი იყო, რუსეთში ჰყავდა ნახევარძმა და დამოუკიდებლად დადიოდა მასთან. ბიჭი იმ საღამოს მდგარა ბირჟაზე და საკმაოდ გვიან დაბრუნებულა შინ. როგორც ჩანს, იქ დახვდნენ მკვლელები და ესეც მოკლეს, რადგან მოწმე არ დატოვეს ცოცხალი.

 

სოფელში თუ ვინმე ციხეში იყო ნაჯდომი, ყველას ჰბრალდებოდა ეს მკვლელობა. იმ ოჯახის ბიძაშვილი იყო ერთ-ერთი, ვისაც ხელს ადებდნენ. მილიციამ წაიყვანა კიდეც და მაგარი ნაცემი მოვიდა უკან.

 

საქმეზე ძიება დაიწყო და დაახლოებით თვე-ნახევარში გახსნეს. იყო ხაშურში ასეთი პროკურორი, ლენა კაპანაძე, რომელსაც ლომის წვლილი მიუძღვის მაგ საქმის გახსნაში. მკვლელები აღმოჩნდნენ მცხეთიჯვრელი ამირან დევაძე (ცალხელა გიას ძმა) და წაღვლელი გოჩა ლომიძე.

 

მკვლელები ხაშურის მილიციაში გადაიყვანეს და როგორც ვიცი, დაკითხეს კიდეც. დანაშაული ორივემ აღიარა.

 

გამთენიისას ქინძათელები მიადგნენ მილიციას ე.წ „ლაფეტით“. არ ვიცი, მილიციელები დაიმალნენ, ამათმა გაკოჭეს თუ ძალოვნებმა თვალები დახუჭეს და არ გაუწიეს წინააღმდეგობა, მაგრამ ფაქტია, რომ მიაღწიეს მკვლელების საკნამდე, გამოათრიეს, „ლაფეტზე“ დააბეს და ისე ჩამოიყვანეს ქინძათამდე.

 

მერე სოფლის ცენტრში ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, ცოცხალ-მკვდრები ტრაქტორზე გამოაბეს, სოფლის შემოსასვლელთან ჩაათრიეს, ტრაფარეტზე ჩამოკიდეს და ცეცხლი წაუკიდეს. ცეცხლწაკიდებულ ლომიძეს უთქვამს, დევაძესთვის – რა გინდოდა, რა შარში გამხვიეო.

 

Нет описания.

 

მაშინ ბენზინი ძალიან ჭირდა, გახსოვთ ალბათ. გზა, რომელიც ჩვენს სოფელში შემოდის, საჩხერისკენ მიდის. გაუჩერებიათ ამ გზაზე მიმავალი სატვირთო მანქანა და მძღოლისთვის უთხოვიათ, 1-2 ლიტრი ბენზინი მოგვეციო. რად გინდათო? აუხსნეს – დედა-შვილი რომ მოკლეს, ის მკვლელები გვყავს დაჭერილი და ცეცხლი უნდა წავუკიდოთო. მძღოლს უთქვამს, მაგ საქმისთვის თუ გინდათ, 2-ს კი არა, 10 ლიტრ ბენზინს მოგცემთო და ჩამოუსხა.

 

მკვლელი მსხვერპლების დაკრძალვაზეც იყო, დაკავებამდე სოფელში ამოდიოდა ხოლმე, ბირჟაზე იდგა და მკვლელებს აგინებდა. ისიც კი თქვა, – ამ საქმის გამკეთებელი უნდა დაიჭირო და დაწვაო. ჰოდა, ამ სიტყვებით თავად გამოუტანა განაჩენი თავს.

 

მეორე მკვლელი სოფელ წაღვლიდან იყო. დედა ამირან დევაძეს მოუკლავს და შვილის მოკვლა დაუვალებია თავისი მეგობრისთვის, რომ თანაბრად ყოფილიყვნენ გარეულები საქმეში. ყველა ამბობდა, რომ ის მეორე ბიჭი არ იქნებოდა მაგის გამკეთებელი, ამან ჩაითრია საზარელ საქმეშიო. ფაქტი კი ისაა, რომ დამნაშავე იყო და შეეწირა კიდეც მაგ საქმეს.

 

Нет описания.

იაგო ქიტიაშვილი, თემის რწმუნებული

 

სოფელში ყველამ იცის, რომ მკვლელობის მოტივი რაღაც პირადული იყო და არა – ძარცვა. როგორც ითქვა, ბავშვი იღებდა მამის პენსიას და აგროვებდა თურმე. ისიც კი გამოუტანია მკვლელებისთვის, არ დაგვხოცოთ და ეს ფული წაიღეთო. ფულისთვის ხელი არ უხლიათო, თქვეს. სოფელში ასეთი ვერსიაა, გამოძიების ვერსია არ ვიცი“.

 

მცხეთიჯვარი და ქინძათი ერთმანეთზე გადაბმული სოფლებია. როგორც ქინძათში გვითხრეს, მკვლელებს რომ გაუსწორდნენ, ქინძათელები მცხეთიჯვარში გადასულან და ამირან დევაძის სახლი ცეცხლისთვის მიუციათ. მანამდე კი მკვლელის მოხუცი მშობლები გარეთ გამოუყვანიათ.

 

ჩვენ მცხეთიჯვარშიც ვიყავით. დევაძეების სახლიდან ხანძრის მერე მხოლოდ ერთი პატარა კედელია გადარჩენილი და როგორც მათ ნასახალართან მეზობლად მცხოვრებმა გელაშვილების ოჯახმა გვითხრა, მას შემდეგ ამ ადგილზე არავინ დასახლებულა და არც დასახლდება ვინმეო.

 

Нет описания.

დევაძეების ნასახლარი

 

„პრაიმტაიმი“ ესაუბრა ასევე ხაშურის მილიციის ერთ-ერთ ყოფილ გამომძიებელს, რომელმაც გაიხსენა მაშინდელი მოვლენები, მაგრამ ვინაობის საჯაროდ გამჟღავნება არ სურს:

 

„ვიდრე ნამდვილ მკვლელებს დააკავებდნენ, მანამდე რამდენიმე ადამიანი ჰყავდათ დაჭერილი მაგ საქმეზე. მაშინდელი აღირებითი ჩვენების მიღების მეთოდები კი გახსოვთ ალბათ და სცემეს კიდეც დაკავებულები, მაგრამ ვერავის აღიარებინეს. როდესაც ნამდვილი მკვლელები დააკავეს, შეეძლოთ, რომ ხაშურის მილიციაში არ გადმოეყვანათ და მაგალითად, გორში წაეყვანათ, ან ისე დაეცვათ, რომ ხალხის ხელში არ ჩავარდნილიყვნენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ პოლიციამ წინააღმდეგობა არ გაუწია.

 

მაშინდელი პოლიციის უფროსი მაგ მხარეში ცხოვრობდა. ახლა გარდაცვლილია ის კაცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მან არ შეუშალა ხელი გავეშებულ სოფელს და გაატანა მკვლელები. ლაფეტი მოაყენეს მილიციის შენობას, მკვლელები ზედ დააბეს და ისე წაიყვანეს. ის ტრაფარეტი, რომელზეც ჩამოკიდეს და დაწვეს მკვლელები, დღესაც დგას სოფლის შესასვლელში.

 

ის ადამიანები, ვინც ლინჩის წესით გასამართლებაში მონაწილეობდნენ, დღესაც ცოცხლები არიან. მათ წინააღმდეგ საქმეც აღიძრა, მაგრამ შემდეგ გაუხსნელ საქმედ აღიარეს და შემოდეს თაროზე. იმ ხალხმა მერე კი გააცნობიერა, რაც ჩაიდინა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მაგას ჯობდა, სასამართლოს გაესამართლებინა და რასაც მიუსჯიდა, იმას მოიხდიდნენ“.

 

ლენა კაპანაძე, პროკურორი:

 

„ძალიან მწარედ მახსოვს ეს საქმე. იმ დღეს, შემთხვევის ადგილზე რომ მივედი, მთელი სოფელი დამხვდა შეყრილი. მასწავლებლები ტიროდნენ, სკოლაში საუკეთესო ბავშვი ყოფილა თურმე მოკლული. დედა მუშაობდა ავეჯის მაღაზიაში და წინა დღეს მიუღია ავეჯის ახალი პარტია და გაუყიდია კიდეც. მოგეხსენებათ, მაშინ არაფერი იშოვებოდა და ალბათ დაიტაცეს მაღაზიიდან ავეჯი.

 

მკვლელი გახლდათ მისი მეგობარი მამაკაცი, რომელმაც სავარაუდოდ, იცოდა, რომ ქალს ფული შინ ჰქონდა. აიყოლია მეგობარი, გოჩა ლომიძე, რომელიც დღემდე მგონია, რომ შემთხვევით მოხვდა ამ გარეწარი დევაძის გვერდით. მკვლელებმა დედა-შვილს ერთმანეთის მკვლელობა აყურებინეს. დანით დაჩეხეს სასტიკად და წამებით მოკლეს. ბალიშებით გაგუდეს და მერე ყელი გამოჭრეს. იქვე ძალიან გულგრილად ხელებიც გადაიბანეს.

 

დილით მეზობელმა დაუძახა ქალს და რომ არავინ გამოიხედა, შესულა და მოკლულებს წასდგომია თავზე. მკვლელები გაუჩინარდნენ. 40 დღე და ღამე არ მეძინა, მაგ საქმის გამო და ნამდვილ მკვლელებს მივაგენი. ეგ საქმე მე გავხსენი. ალბათ მათი პატრონები კი ფიქრობდნენ, რომ ჯობდა საქმე არ გამეხსნა, მაგრამ თავს ვერ ვაპატიებდი, მთელი ცხოვრება ვერ მოვისვენებდი, მკვლელები რომ ვერ მეპოვა.

 

მაშინ დანაშაულის გამოძიება იოლი არ იყო. არ არსებობდა მობილური ტელეფონები, დნმ-ის ანალიზი, რაც დღეს ხელმისაწვდომია. ვადგენდით დანაშაულში მონაწილე შესაძლო პირებს და ვიკვლევდით, რომელი იყო დამნაშავე. ამ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ სოფელმა ლინჩის წესით გაასამართლა მკვლელები და პატრონებს იმის საშუალებაც არ მისცეს, რომ სოფლის სასაფლაოზე დაემარხათ.

 

ეს უმძიმესი დღე იყო. ვერ მივუსწარი, თორემ ვფიქრობ, ჩემი ავტორიტეტი ეყოფოდა იმ საქმეს, რომ დაეჯერებინათ და მკვლელები კვლავ მილიციისთვის გადმოეცათ და არ გასწორებოდნენ.

 

მკვლელებმა ჩვენების მიცემა მოასწრეს. დაწვრილებით აღწერდნენ, დანა საიდან აიღეს, როგორ მოკლეს, ხელები როგორ გადაიბანეს. მოკლულის სახლიდან ოქრო ჰქონდათ წაღებული, რომელსაც ნახშირის უთოში ინახავდა დიასახლისი. დევაძემ მითხრა, რომ ეს უთოში ჩადებული ოქრო ჰქონდა დამალული თავის ეზოში.

 

თივის ზვინი დაუდგამს ზედ. ჩემი ხელით დავშალე ის თივის ზვინი და ოქრო ამოვიღე. ეს იყო აბსოლუტურად გამართული საქმე და ეჭვი არავის შეპარვია, რომ ნამდვილი მკვლელები დავაკავეთ. დევაძე ყველას ეკითხებოდა – დახვრეტის მუხლი ხომ გაუქმებულიაო? დახვრეტის შიში ჰქონდა, მაგრამ უფრო საშინელი სიკვდილი ერგო“.

 

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები