fbpx
16:38 | 2020-06-12 ავტორი: თამარ გონგაძე

“მხოლოდ ჩემს ძმაზე მეფიქრება… ძნელია სისხლ-ხორცის დაკარგვა” – ეთერ თათარაიძის ტრაგედია

“მხოლოდ ჩემს ძმაზე მეფიქრება… ძნელია სისხლ-ხორცის დაკარგვა” – ეთერ თათარაიძის ტრაგედია

ეთერ და ლელა თათარაიძეებს ერთი კვირის წინ ძმა გარდაეცვალათ – 69 წლის რაბზან (დიმიტრი) თათარაიძე. მესამე ინსულტი ვეღარ გადაიტანა.

 

“იცხოვრა კაცურად (ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით). ქედი არავისთვის მოუხრია. არც ვინმე დაუჩაგრავს და გაუნაწყენებია. მუდამ უმწეოებს, მოხუცებს, ქვრივ-ობლებსა და უქონლებს ესარჩლებოდა გულით გამღები და უშურველად გამმეტებელი – ერთი ყლუპი წყალი იქნებოდა თუ პურის ნატეხი. ამიტომაც ყველას უყვარდა, ყველას ეიმედებოდა – თავისიანსაც, შორეულსაც” – წერს ფოლკლორისტი ამირან არაბული, ეთერ თათარაიძის ქმარი.

 

მძიმე დღეები უდგათ თათარაიძეებს. ძმას გლოვობენ. “ძნელია სისხლ-ხორცის დაკარგვა. ხუთი წლით იყო ჩემზე უფროსი. ადამიანი რომ მიდის, მერე ყვები სულ კარგ რამეებს” – “პრაიმტაიმს” გულისტკივილს უზიარებს ფოლკლორისტი, ეთერ თათარაიძე.

 

ეთერ თათარაიძე: – ვზივარ და ძალაუნებურად მხოლოდ ჩემს ძმაზე მეფიქრება. რაც დრო გადის, უფრო დავმძიმდი. ახლა ვაანალიზებ, როგორი იყო. მე და ლელა ვსაუბრობდით, არ მახსოვს, რომ ვინმე ცუდად დაეხასიათებინოს. ან კარგს იტყოდა, ან – დადუმდებოდა. მართლა ღირსებით სავსე და ალალ-მართალი ადამიანი იყო. ეგეთს იშვიათად შევხვედრილვარ.

 

სიჯეელეში გარეგნულად ერთ-ერთი ლამაზი ბიჭი იყო თუშეთში. ჩემი უმცროსი ძმაც, კირილეც სიმპათიური იყო, რომელიც უფრო ადრე გარდაიცვალა. ძმა აღარ გვყავს, მე და ლელა დავრჩით.

 

სერგო ფარაჯანოვის ცოლი გარდაიცვალა - უცნობი ფაქტები ქალზე, რომელსაც გენიოსის მფარველ ანგელოზად მოიხსენიებდნენ
2020-06-08სერგო ფარაჯანოვის ცოლი გარდაიცვალა - უცნობი ფაქტები ქალზე, რომელსაც გენიოსის მფარველ ანგელოზად მოიხსენიებდნენ

 

დიმიტრი ერქვა და ბებომ საშინაო სახელად, ავგაროზად, მუსულმანური სახელი – რაბზანი შეარქვა. თუშების რწმენა-წარმოდგენით, ბიჭებს დასაცავად ზედმეტსახელს არქმევდნენ, რომ რამე განსაცდელის დროს უფალს ვერ ეპოვა. რა თქმა უნდა, მართლმადიდებლები ვართ და ლოცვებში უფალს ვუხმობთ, მაგრამ ბიჭებს ომში რომ უწევდათ სიარული, თუშების წარმოდგენით, უფალს უმალავდნენ, რომ განსაცდელს გადარჩენოდა. ვითომ ეს ის ბიჭი არ იყო. ასეთი სასაცილო და გულუბრყვილო წესი ჰქონდათ. ჩემ ძმას რაბზანის სახელით იცნობდა ყველა, მთელი თუშეთი…

 

მეცხვარე იყო. მამა-პაპის პროფესიას გაჰყვა. მამა ცნობილი მცნობი იყო. “მცნობს” ეძახიან მეცხვარეს, რომელსაც შეუძლია გამოიცნოს, რომელი ბატკანი რომელი ცხვრის შვილია. ეს იშვიათი ნიჭია. რაბზანსაც 500-1000 ცხვრიდან შეეძლო გამოეცნო და დედასთან მიეყვანა ბატკანი. ყველაფერი იცოდა ცხოველების შესახებ. მეცხვარეობა ძირისძირობით იცოდა: ყველის ტექნოლოგიით, როდის რომელი ბალახია ყუათიანი, რომელ მთაში უნდა მოწველოს, რომ კონკრეტული გემოს ყველი მიიღოს. ხალხური ცოდნა ჰქონდა, ნამდვილი, მამისგან ნასწავლი.

 

2020-06-05"ბევრმა არც იცის, რომ კახის ძმა ოპერის მომღერალია, ეს არ მწყინს" - იმერ კავსაძე იუბილარ ძმაზე

 

პატარები რომ ვიყავით, ჩვენს სახლში ნამდვილი სპექტაკლი იყო. ყიზლარიდან მოტანილ ფართლის ფარდებს ჩამოაფარებდნენ და მე და დედა მაყურებლები ვიყავით. დედა არ უშლიდათ არაფერს. ლელა გარმონზე უკრავდა, კირილე ფანდურსა და გარმონზე, რაბზანი – დოლზე. ისეთი წარმოუდგენელი რიტმი ჰქონდა, ვამბობდი, “სუხიშვილებს” რომ სცოდნოდა, რაბზანს, როგორც მედოლეს, დაიტაცებდნენ-მეთქი. მაგრამ მამა-პაპის პროფესიას შეეწირა.

კირილე (ტაზანს ეძახდა ბებია) ისეთ ლექსებს წერდა, რომ შეეძლო შორს წასულიყო, მაგრამ ცხოვრება აერია…

 

რაბზანს 36 წლის ცოლი გარდაეცვალა, სამი შვილი დარჩა. ყოჩაღი იყო, ყველაფერი ქათქათებდა მათ სახლში. და სრულიად ჯანმრთელი, არაჩვეულებრივი ცისფერთვალა გოგო, მოულოდნელად გახდა. ღებინება დაეწყო და თბილისში ჩამოიყვანეს. გაუკეთდა ოპერაცია და კუჭის წყლული რომ ეგონათ, სიმსივნე აღმოჩნდა… მაშინ ყველა გავნადგურდით…

 

10 წლის ვუნდერკინდმა, ცოტნე ზედგინიძემ გარდაცვლილ დედას კიდევ ერთი ნაწარმოები მიუძღვნა
2020-06-0810 წლის ვუნდერკინდმა, ცოტნე ზედგინიძემ გარდაცვლილ დედას კიდევ ერთი ნაწარმოები მიუძღვნა

 

რაბზანს ლელა და დედაჩემი ეხმარებოდა ბავშვების გაზრდაში. მერე, წლების შემდეგ თუშის ქალი შეირთო ცოლად. მეოთხე შვილი შეეძინა. საცხოვრებლად ზემო ალვანიდან ქვემო ალვანში გადავიდა. თუშეთის გარეშე რომ ძლებდა, სრულიად ჯანმრთელმა, წელიწად ნახევრის წინ ინსულტი მიიღო. პირველი ინსულტიდან გამოვიდა, მაგრამ მეტყველების უნარი დაკარგა… მეორესაც დაუძვრა, მოძრაობდა. მესამეს ვეღარ გაუძლო. ფილტვები გაუჩერა.

 

წელიწადნახევარი ხმა არ ამოუღია. ნახვა არ მეწადა, რადგანაც რომ ვერ მელაპარაკებოდა, ცრემლიანი დიდი თვალებით მიყურებდა. მარტო ღიმილზე შეატყობდი, რომ ჩვენი დანახვა უხაროდა.

 

გაზაფხული რომ დადგა, აივანზე დამჯდარი სულ თუშეთისკენ იხედებაო, ჩემი რძალი ამბობდა. მისი სახლის წინ ჩავლილ, თუშეთისკენ მიმავალ ცხვარ-ძროხას, სევდიანი უყურებდაო… და მე დარწმუნებული ვარ, თვითონ რომ ვერ მიდიოდა, ვეღარ გაძლო…

 

Genadi Gabodze Orioli-ს ფოტო.

 

სამ კასრ რძეს გადმოიტანს მთაში წველის დროსო, ამბობდნენ. თუშური ყველი, იცით, როგორი პოპულარულიც არის დედამიწაზე. არც არავის დაუცდიდა, არც არავის შეეჯიბრებოდა. არავის ეშურებოდა. ქვრივ-ობლებს ეხმარებოდა. ერთი მარტოხელა მოხუცი ქალი იყო, ჩვენი ახლობელი. დედას ეუბნებოდა, ისე არ აივლის-ჩაივლის ჩემს სახლთან, რომ ერთი ჭედილა (ყველაზე დიდი, მსუქანი ცხვარი) არ ჩამოაგდოს ჩემს ეზოშიო. ასეთი შემბრალებელი ძმა მყავდა.

 

რამე წამიკითხეო რომ მეტყოდა და კითხვას ვიწყებდი, ტიროდა. ლელას სიმღერაზეც ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები… ჩემო დებოო, ჩაგვეკონებოდა.

ტკივილებით სავსე ადამიანი იყო, დაღლილი, სამი კაცის საქმეს აკეთებსო, იტყოდნენ. დააბინავა შვილები მთაში-ბარში… უშრომელად არ შეეძლო, დაიქანცა.

 

“ვიცი, რომ დღეიდან სოფელ დანოს გულში სულ ცივი, ცრიატი ნისლები და საავდროდ დამძიმებული ღრუბლები იდენენ. კაიხანს არც დანოელების ერთგულ დარაჯად ხაგირის მზიან გორაზე მდგარ კარატის ჯვარს მოურჩება დარდი და ტკივილი…

მჯერა: რაბზანი, თავისი სიმართლისა და სიალალის წყალობით, არათუ თუშებს, თუშეთის თვალად მთებსა და ღალიან იალაღებსაც დიდხანს, ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ” – სიძეზე წერს ამირან არაბული.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X